ტესტ-მატჩები

1:16 | 11.06.2016 | ნანახია 1083 - ჯერ

ინგლისის „საქსონსმა“ აფრიკა „ა“ დაამარცხა

ივნისის ტესტ-მატჩების სერიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ინგლისის მეორე ნაკრები „საქსონსი“ ბლუმფონტეინში სამხრეთ აფრიკის „ა“ ნაკრებს მიუხდა და სამის წილ ოთხი ლელოთი 32:24 დაამარცხა.

ინგლისელებმა პირველ ტაიმში მეტოქე სამჯერ გამოიჭირეს კონტრშეტევაზე და სამი ლელო დაუდეს, თორემ შესვენების შემდეგ დაღლილობამ იჩინა თავი, გუნდი დამძიმდა და თითქოს დაბრუნებაც შედგა, მაგრამ... მთლიანობაში, თამაში კარგი საყურებელი, სახალისო გამოდგა და ლამაზი ლელოები გავიდა. ნიკ ტომპკინსმა, მაიკ ჰეილიმ, მეთ კვესიკმა და ალექს ჰეფბერნიმ მასპინძლებს ბურთთან უდიერად მოპყრობა არ აპატიეს. თავის მხრივ, „საქსები“ ტექნიკურად კარგად გამოიყურებოდნენ და ნაბოძები შანსებიც თვალის დაუხამხამებლად შეირგეს, ხოლო როცა გაჭირდა, დენი სიპრიანიმ თამაშის ცოდნასთან ერთად ფეხჩუბინობა გამოავლინა.

მატჩის დებიუტში ორივე გუნდს შეცდომები მოსდიოდა და ანგარიში „შარქსის“ ამომავალმა ვარსკვლავმა, მგეზავმა გერთ ეპრილმა ჯარიმით გახსნა. აფრიკელები თითქოს ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ინარჩუნებდნენ, მაგრამ მერე ზეწოლის ქვეშ ბურთი დაკარგეს, ტომპკინსისა და სიპრიანის კონტრშეტევა მასპინძლებმა წითელ ზოლში შეაჩერეს, მაგრამ ბურთი ფლანგზე სწრაფად ჩათამაშდა და ჰეფბერნიმ პირველი ლელო დაამიწა. სიპრიანიმ გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა - 10:3.

სამხრეთ აფრიკა ამანაც ვერ გამოაფხიზლა და ფლანგზე სემესა როკოდუგინი გაიქცა, ბოლო მცველს ბურთი თავზე გადაავლო და ლელოს ხაზთან თავადვე აიტაცა. შესვენებამდე ინგლისმა კიდევ ერთი კონტრშეტევა მოასწრო, ამჯერად რობსონმა სისწრაფეში შესანიშნავი მანევრირების უნარი გამოავლინა და ინგლისმა ტაიმი 22:3 მოიგო.

მეორე ტაიმი აფრიკელთა შეტევებით დაიწყო, შეცვლაზე შესულმა ბრუმერმა ერთი ლელო გაქვითა და თავადვე გარდასახა. სიპრიანიმ ჯარიმით უპირატესობა 15 ქულამდე გაზარდა, მასპინძლებმა ჯარიმის გატანას ლელოზე თამაში არჩიეს, მაგრამ ორ შემთხვევაში უკან უქულოდ დაბრუნდნენ და ინგლისელებს ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ. თუმცა, აფრიკის „ა“ ნაკრები სულ უფრო აუმჯობესებდა თამაშის ხარისხს და შეცვლაზე შესულმა კიდევ ერთმა მოთამაშემ, ვან ზულმა მეორე ლელო გაიტანა და ბრუმერმა კვლავ გარდასახა. 70-ე წუთზე უკვე ნოტშემ დაიჭირა ინგლისელები კონტრშეტევაზე და ბრუმერის გარდასახვით სხვაობა მინიმუმამდე დავიდა. დრო საკმარისი იყო, თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე ისე ჩანდა, მასპინძლები გამარჯვების მოპოვებას შეძლებდნენ, მაგრამ სულ ბოლოს დევოტოსგან მეოთხე ლელო თავად მიიღეს, სიპრიანიმ გარდასახა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

ახლა სამხრეთ აფრიკას შეცდომების გაანალიზება მართებს და რევანშის შანსი ერთ კვირაში ექნება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088173