ზე-18

14:54 | 2.04.2016 | ნანახია 1019 - ჯერ

„ბლუზმა“ გამარჯვება გაიხსენა [+ვიდეო]

დღეს დილით სუპერ რაგბის მეექვსე ტურის მატჩი გაიმართა ახალზელანდიის ქალაქ ალბანიში, სადაც ადგილობრივმა „ბლუზმა“ არგენტინულ „იაგუარსს“ უმასპინძლა და 24:16 გაიმარჯვა.

მატჩი დაძაბული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი ქულები არგენტინელებმა ჩაიწერეს - იგლესიასმა მე-9 და 24-ე წუთებზე ჯარიმები ზუსტად შეასრულა - 0:6. შემდეგ სათამაშო უპირატესობა მასპინძლებმა მოიპოვეს და ეს ანგარიშშიც ასახეს - 31-ე წუთზე „ბლუზმა“ კარგი დარტყმებით მეტოქის ხუთმეტრიან ზონამდე მიაღწია, იქ კი კვაჭმა ჯეიმს პერსონმა სტივენ ლუატუას ლამაზად ამოუგდო ბურთი და რვიანის შეჩერება ვეღარავინ შეძლო - 5:6.

შემდეგ „ბლუზის“ მგეზავის იჰაია ვესტის ოსტატობის მომსწრენი გავხდით, მან ჯერ ჯარიმის ზუსტად დარტყმა მოახერხა, შემდეგ კი, ლელოც დადო - 39-ე წუთზე რენე რეინჯერმა ხაზი კარგად გაჭრა, მას ვესტი დროულად წამოეშველა, ბურთი აიღო და დიდი სისწრაფე აკრიფა. მის შეჩერებას სამი არგენტინელი ეცადა, თუმცა ვესტმა ლელოს დადება მაინც შეძლო, შემდეგ გარდასახვა თავადვე შეასრულა და „ბლუზი“ შესვენებაზე 9-ქულიანი უპირატესობით გაიყვანა - 15:6.

პირველი ტაიმის მსგავსად, მეორე ნახევრის პირველი ქულები კვლავ იგლასიასმა მიითვალა, მაგრამ მის ერთ ზუსტ ჯარიმას იჰაია ვესტმა ორი დარტყმით უპასუხა - 21:9. არგენტინელებმა თავისი ერთადერთი ლელო 63-ე წუთზე დადეს - შეცვლაზე შესულმა ნიკოლას სანჩესმა მეტოქის ოცდაორიდან ლელოს ხაზამდე ბურთი გადაკიდა, მას თავადვე მიასწრო, მერე ბურთი გონსალო ბერტრამეუს მიუვიდა და მას ლელოს დადებაში ხელი ვერავინ შეუშალა, გარადასახვა სანჩესმა ზუსტად შეასრულა - 21:16.

არგენტინელებმა ჩამორჩენა ხუთ ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ გადამწვეტი დარტყმის განხორციელება ვეღარ მოახერხეს, სამაგიეროდ, ტანა უმაგას შეგირდებმა მეტოქეს კიდევ ერთი ჯარიმა გაუტანეს და საბოლოო ანაგრიშიცდააფიქსირეს - 24:16.

აღნიშნული გამარჯვება „ბლუზისთვის“ ხუთ ჩატარებულ მატჩში მეორეა, ხოლო „იაგუარებს“ მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვთ.

კიდევ ერთი საინტერესო მატჩი გუშინ ღამით, იოჰანესბურგში გაიმართა, სადაც „ლაიონსმა“ ახალზელანდიურ „კრუსეიდერსს“ უმასპინძლა და 37:43 დამარცხდა. „ჯვაროსნებისთვის“ ეს მეოთხე გამარჯვება იყო, ხოლო აფრიკელებს ხუთ მატჩში 2 მარცხი და 3 მოგება აქვთ.

მაყურებელმა ჯამში 10 ლელო იხილა, რომელთაგან ექვსი სტუმრების ანგარიშზეა. „ლაიონსს“ პირველი ტაიმის შემდეგ გამარჯვების იმედი ჰქონდა, მაგრამ 47-ე და 50-ე წუთებზე რაიან კროტიმ ორი ლელო დადო, მანამდე ერთი შეხვედრის დებიუტში ჰქონდა დადებული და 50-ე წუთისთვის „კრუსეიდერსი“ 36:20 დაწინაურდა. დასკვნით მეოთხედში არმან ვან დერ მერვემ დუბლი შეასრულა [მის ლელოებს შორის ერთი ლელო სტუმრებმაც დადეს], რითაც ზელანდიელებს პრემიალური ქულის აღების საშუალება არ მისცა, ხოლო ბოლო წუთზე ელტონ ჯენტისმა ჯარიმით ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა და „ლაიონსს“ ერთი პრემიალური ქულა ააღებინა.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.070692