ტესტ-მატჩები

11:36 | 10.06.2016 | ნანახია 3816 - ჯერ

რუმინეთმა ნამიბია დაამარცხა

ბუქარესტის ერთა თასის პირველი რაუნდის დასკვნითი მატჩი სარეიტინგო იყო. მასში 2015 წლის მსოფლიო თასის მონაწილეები, რუმინეთი და ნამიბია ხვდებოდნენ ერთმანეთს და დიდი ბრძოლა გაჩაღდა.

შარშან რუმინელებს აფრიკელები 43:3 ყავდა დამარცხებული, მაგრამ ამჯერად ნამიბიამ მასპინძელბს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და საბოლოოდ „მუხებმა“ 20:8 იმარჯვეს. ტურნირი ექსპერიმენტული ქულების დარიცხვის სისტემით ტარდება და ლელო 6 ქულად ფასობს, ხოლო კარში ნებისმიერი დარტყმა - ჯარიმა, არეკნი და გარდასახვა 2-ად, რისი მიზანიც გუნდებისთვის ლელოზე თამაშის სტიმულის მიცემაა, თუმცა გამარჯვებას დიდი ფასი ჰქონდა და მატჩის დებიუტში ფლორინ ვლაიკუმ ორი ჯარიმა კარში დაარტყა - 4:0.

მასპინძლები დებიუტშივე დაეუფლნენ სათამაშო უპირატესობას. რუმინელები შერკინებაში მძლავრობდნენ და სწრაფად ცდილობდნენ თამაშს, თუმცა ნამიბიელები მათი მიძალებების შეჩერებას ახერხებდნენ. ერთი ეგაა, რომ წესების დარღვევისთვის მატჩის დებიუტში 10 წუთით ჯერ კიტშოფი, ხოლო მოგვიანებით ბოთმა დაკარგეს. „მუხების“ სათამაშო უპირატესობა შესვენებამდე ორ ლელოში აისახა - შოტლანდიელმა რეფერიმ 23-ე წუთზე საჯარიმო ლელო ჩასტვინა, ხოლო ტაიმის მიწურულს მიზანს იონუც დუმიტრუმ უწია - 18:0 პირველი 40 წუთის შემდეგ.

მეორე ტაიმში დიდი ხნის განმავლობაში ანგარიში აღარ შეცვლილა. რუმინეთი კი აქტიურობდა და უპირატესობებს ქმნიდა, მაგრამ რეალიზებაში მოიკოჭლებდა და მიუხედავად სოლიდური სხვაობისა, ვლაიკუმ 68-ე წუთზე კიდევ ერთი ჯარიმის დარტყმის გადაწყვეტილება მიიღო. შეხვედრის მიწურულს ნამიბიელთა მონდომება კოტცეს ლელოთი დასრულდა და გარდასახვაც ზუსტი იყო. სულ ბოლოს მათ მეორე ლელოს დადებაც შეეძლოთ, მაგრამ ბურთი ვერ შეიმაგრეს და ფინალურმა სასტვენმა რუმინელთა 20:8 მოგება დააფიქსირა.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68 წუთი ითამაშა კვაჭმა ოთარ ტურაშვილმა.

13 ივნისს ნამიბიას კიდევ ერთი სარეიტინგო მატჩი ელის ესპანეთთან, ხოლო რუმინეთი გასული მსოფლიო თასის კიდევ ერთ მონაწილე ურუგვაის შეხვდება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081205