ტესტ-მატჩები

21:19 | 9.06.2016 | ნანახია 3152 - ჯერ

ურუგვაიმ იბრძოლა და არ დაუფასდა

ურუგვაის ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამატკიცა, რომ მებრძოლი გუნდია და საფინალო სასტვენამდე არავის ნებდება, მაგრამ მათი ეს გარჯა მხოლოდ პრემიალური ქულით დაფასდა.

ამის მიზეზი ნაწილობრივ არგენტინელი რეფერი დამიენ შნეიდერია, რომელსაც განსაკუთრებით დასკვნით მეოთხედში აშკარად გაექცა მატჩის სადავეები ხელიდან, წნეხს ვეღარ გაუძლო და თამაში რამდენიმე წამით ადრე დაასრულა. სამხრეთამერიკელთა სამწუხაროდ, სადავეების გაქცევა მათ წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებში აისახა და „მზარდმა იტალიამ“ ურუგვაი 26:24 დაამარცხა.

თამაში დიდი ვერაფერი სანახავი გამოდგა, თუმცა მაყურებელმა ჯამში 6 ლელო მაინც იხილა. ანგარიში იტალიამ მე-10 წუთზე გახსნა. მათ კარის წინ დაახლოებით 25 მეტრში შერკინებიდან შეუტიეს და სამი გადაცემის შემდეგ ლელოში ფრანცისკო მენონი შევიდა. ორივე გუნდი შეცდომებს მრავლად უშვებდა და შედეგად, უპირატესობა 30-ე წუთზე გაიზარდა - ენრიკო ლუჩინიმ გრძელი გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე 60 მეტრი ირბინა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ფედერიკო კონფორტიმ მესამედ აიღო ურუგვაელთა ჩათვლის მოედანი. მაიკოლ აძოლინიმ სამივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 24:0.

ეს ანგარიში 57-ე წუთამდე შენარჩუნდა და მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ურუგვაი მეტოქის დაცვის გავლას ვერ ახერხებდა, არ გატყდა, მერე კი, პირველი ლელო გაიტანა - რამდენიმე დარტყმის შემდეგ, სანტიაგო არატა ლელოდან ორ მეტრში შებოჭეს, თუმცა მან თანაგუნდელისთვის ბურთის ამოგდება მოახერხა და დიეგო მანო ლელოში შევიდა, ხოლო მარტინეს ეჩევერიმ გარდასახა. სამ წუთში სამხრეთელებმა თავისი ნახევრიდან სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, ანდრეს როკომ მცველი ცრუმოძრაობაზე დაიჭირა და ხაზი გაჭრა, მას არატა კარგად მიყვა და ლელომდე ირბინა. გარდასახვა კვლავ ზუსტი იყო და ჩამორჩენა 8 ქულამდე, ანუ ქულათა დარიცხვის ამ სისტემით ერთ გარდასახულ ლელომდე დავიდა.

ასეთ სიტუაციაში იტალიამ აღარ გარისკა და 67-ე წუთზე კარის წინ 22 მეტრში ჯარიმა რომ გამოიმუშავა, აძოლინიმ ის 2 ქულად აქცია. ურუგვაიმ დასარტყმელი ჯარიმა ორიოდე წუთში აუტში გადაიტანა, კარგი მოლი დააყენა, მაგრამ ლელომდე სანტიმეტრები დააკლდა მხოლოდ იმიტომ, რომ მეტოქემ მოლი ჯარიმით ჩააქცია. რეფერიმ საჯარიმო ლელოს ჩასტვენა ვერ გარისკა და მხოლოდ ჯარიმა დანიშნა. ურუგვაელთა მოლმა ამჯერად წინ ვერ წაიწია, მაგრამ ახლოდან რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ბურთი ხაზში ნიკოლას ფრეიტას მიუვიდა და ძელებსშუა შევიდა - 24:26.

სათამაშოდ 10 წუთი რჩებოდა და მალე იტალიელმა უბურთო მეტოქე მაისურით დაიჭირა, რეფერიმ ყვითელი ბარათი არ ამოიღო. 75-ე წუთზე მას მაინც მოუწია იტალიელის გაძევება, მაგრამ ურუგვაიმ ჯარიმის დარტყმას და წონასწორობის აღდგენას ლელოზე თამაში არჩია, რაც არ გამოუვიდა, მერე კი, შნეიდერმა თამაში რამდენიმე წამით ადრე დაასრულა და „მზარდმა იტალიამ“ 26:24 იმარჯვა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:17 | 10.06.2016
BEERTRANCE (1073)

მსაჯობა უფრო და უფრო პრობლემატური ხდება რაგბში

0.092159