ტესტ-მატჩები

19:16 | 9.06.2016 | ნანახია 3824 - ჯერ

თევზაძის მსაჯობით - არგენტინამ ესპანეთი დაამარცხა

„ბუქარესტის ერთა თასის“ გახსნით მატჩში, არგენტინა XV-მა ესპანეთის ეროვნული ნაკრების დაცვა მეორე ტაიმში დააწიოკა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 44:8 დაამარცხა.

საბედნიეროდ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მსგავსი, მეორეხარისხოვანი ტურნირები წარსულს ჩაბარდა, თუმცა კონკრეტულად ამ მატჩს ქართველის გარეშე არ ჩაუვლია. რეფერი ახალგაზრდა შოთა თევზაძე იყო, რომელმაც ამ დონეზე პირველად იმსაჯა და დასახულ ამოცანას თავი კარგად გაართვა. ტურნირი ქულათა დარიცხვის ექსპერიმენტული სისტემით ტარდება - ლელო 6 ქულად ფასობს, ხოლო კარში ნებისმიერი დარტყმა 2 ქულად.

შეხვედრის პირველი ტაიმი ესპანელთა უპირატესობით წარიმართა. ისინი ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას, ბურთს მეტოქეზე მეტხანს აკონტროლებდნენ და სამ-ოთხჯერ გასატან პოზიციაზე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს, მაგრამ ლელოზე თამაში ირჩიეს და უქულოდ დარჩნენ. „ლომები“ ლელოსთან ყველაზე ახლოს 35-ე წუთზე იყვნენ, თუმცა ზედ ხაზზე ბურთი ჩაიხურა. ტაიმის ბოლოს, მანამდე უმეტესად დაცვაში მოთამაშე არგენტინამ ხელდახელ ბურთაობა ააწყო, დარტყმებით მეტოქის დაცვა მოარღვია, მარცხენა ფლანგზე ხაზი სებასტიან კანსელიერემ გაჭრა და ოფლუდით ლელოში სანტიაგო პორტილო შეუშვა. გარდასახვა არაზუსტი იყო - 6:0.

მეორე ტაიმში არგენტინა ბევრად მოტივირებული გავიდა მოედანზე და ეს მის თამაშის ხარისხზე აისახა. სამხრეთ ამერიკელებს შეცდომები აღარ მოსდიოდათ, ფაზებს კინძავდნენ, ხელდახელ სწრაფად და თანმიმდევრულად უტევდნენ და დებიუტშივე ფელიპე ესკუერამ მეორე ლელო გაიტანა. მან რაქიდან აიტაცა ბურთი, მცველი ცრუმოძრაობაზე წამოაგო და მიუხედავად გვიანი ბოჭვისა, მიზანს მიწვდა. ამჯერად პედრო მერსერატმა გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. სწორედ სისწრაფე და ხელის კარგი ტექნიკა იყო გადამწყვეტი, რამაც არგენტინელების გამარჯვება განაპირობა.

არგენტინა XV-მა აიწყვიტა და მისი სწრაფი იერიშები თუ კონტრიერიშები კიდევ ოთხი ლელოთი დაგვირგვინდა. თავი გაბრიელ ასკარატემ, ხუან კაპიელომ, ხოაკინ პაზიმ და ბონილამ გამოიჩინეს. აღსანიშნავია, რომ არგენტინელთა ექვსი ლელოდან ხუთი უკანახაზელების ანგარიშზეა და ის ერთიც ხაზის თამაშის შედეგად შეიქმნა, ხოლო მერსერატმა სამი გარდასახა. არგენტინამ მეშვიდე ლელოც დადო, როდესაც კონტრშეტევისას ესკუერამ ფეხით ძლიერად დაკრა, ფრანკო კუარანტამ მცველს სისწრაფეში აჯობა და ბურთიანად ლელოში შესრიალდა, მაგრამ თევზაძემ ვიდეორეფერი მოითხოვა და არც შემცდარა - აღმოჩნდა, რომ რაქიდან ბურთის ამოღებისას არგენტინელს ის წინ გადაუვარდა.

მატჩის მიწურულს ესპანეთმა ერთი საპასუხო ლელოს დადება მოახერხა, მაგრამ ამით მხოლოდ საბოლოო შედეგი დაფიქსირდა და არგენტინა XV-მა 44:8 იმარჯვა. 13 ივნისს არგენტინელები „მზარდ იტალიას“, ხოლო ესპანეთი ნამიბიას ეთამაშება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:25 | 10.06.2016
GiorgiG83 (525)

თევზაძის მსაჯობით - არგენტინამ ესპანეთი დაამარცხა
განცდა დაგრჩება რომ თევზაძემ ჯორჯკლენსი ჩაატარა
:facesplam:

10:08 | 10.06.2016
BEERTRANCE (1073)

კარგია რომ თევზაძემ კარგად იმსაჯა. წარმატებები

10:07 | 10.06.2016
BEERTRANCE (1073)

დასაწყისში მაინც დასარტყამი ჯარიმა უნდა დაარტყა.

არგენტინელებმა სავარაუდოდ აცალეს პირველ ტაიმში თამაში და მეორეში შეუსრულეს.

20:23 | 09.06.2016
federer (17) (469)

Qულების სტანდარტული სისტემა მირჩევნია მე პირადად, 3 ქულა როდესაც არის ჯარიმა, შანსი გაქვს ხოლმე ჯარიმებითაც დაეწიო მეტოქეს ანდაც მოიპოვო კომფორტული უპირატესობაა და 2 ქულა თუ გახდა ჯარიმა, მაშინ უფრო ლელოზე მოთამაშე გუნდებს ვიხილავთ რაც სილამაზით ძალიან კარგი სანახავი იქნება, მაგრამ ტაქტიკური ბრძოლა მოიკლებს

10:07 | 10.06.2016
BEERTRANCE (1073)

სწორედ მაგისთვის შემოიღეს რო ლელოზე თამაში აიძულონ

0.08751