6 ერი

11:52 | 2.04.2016 | ნანახია 2185 - ჯერ

Onrugby.it: ახალი ექვსი ერი
საქართველო შანსს ითხოვს

ექვსი ერის გახსნის თემა დაუსრულებლად გაგრძელდება, სანამ ტურნირის კარი არ გაიხსნება. ყოველ შემთხვევაში, ამ გადასახედიდან ასე ჩანს და ადრე თუ გვიან, ფულს დახარბებულ მის ორგანიზატორებს, თუნდაც იმავე ფინანსური შეხედულებებიდან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.

მათ ადგილზე ყოფნა ახლა ნამდვილად არავის შეშურდება. მთელი ცივილიზირებული, ოვალური სამყარო, ამ მოთხოვნით გამოდის და რადიკალურად განსხვავებულ პოზიციას არც იტალიური პრესა აფიქსირებს. Onrugby.it-ი ექვს ერში იტალიის ჩანაცვლებას არ ითხოვს და ეს ლოგიკურიცაა:

„ჩვენ აუცილებლად უნდა მოგვეცეს შანსი“ - ამბობს Associated Press-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელი მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი. საუბარი რა თქმა უნდა ექვსი ერის ახალ რეალიებზე და მასში საქართველოს ჩართვაზეა, იმაზე, რომ დაინერგოს ასვლა-ჩასვლის სისტემა, ან გაიზარდოს ტურნირის მონაწილეთა რაოდენობა.

იტალიის ნაკრებს ტურნირში ჩართვის დღიდან განსაკუთრებული შედეგები არ უჩვენებია და ოვალური ბურთით თამაშის დიდი ტრადიციების მქონე საქართველო და რუმინეთი, მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ტურნირში ჩართვას ითხოვს. შედეგად, ჩვენი მდგომარეობა ახლა ძალიან რთულია. მართალია წინასწარი კონტრაქტი ექვს ერთან 2024 წლამდე გვაკავშირებს, თუმცა თუ რაღაც უკეთესობისკენ არ შეიცვლება, მაშინ...

და მაინც, ექვსი ერის გენერალური დირექტორი ჯონ ფიენი ამბობს - „ტურნირის ფორმატის ცვლილება დღის წესრიგში არ დგას და ჩვენი საზრუნავი სულაც არაა რუმინეთსა და საქართველოში რაგბის განვითარებაზე ზრუნვა“.

ამავდროულად, ევროპის ერთა თასის გადამწყვეტ მატჩში, საქართველომ რუმინეთი დაამარცხა და ტიტული ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა. ამ შეხვედრას ტრიბუნებიდან 55 ათასმა ადამიანმა მიადევნა თვალი.

„ეს უკვე მოსაწყენი ხდება. ჩვენთან რაგბის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიან ტურნირში ჩაბმა. თუ ექვს ერში ჩართვა ფული ღირს, დაგვისახელეთ რამდენი“ - ამბობს ჰეიგი.

იტალიელთათვის ოდნავ დამამშვიდებელ განცხადებას აკეთებს რაგბი ევროპის გენერალური დირექტორი, რუმინელი ოქტავიან მორარიუ: „ექვს ერში ჩართვა საქართველოსა და რუმინეთის სურვილია და მეტი არაფერი. ვფიქრობთ, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია გაიზარდოს ტესტ-მატჩების რაოდენობა პირველ და მეორე დონის ქვეყნებს შორის“.

იტალიის ნაკრების კაპიტან პარისეს, უელსთან განცდილი მარცხის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ფაქტობრივად მხოლოდ ამ თემაზე უწევდა საუბარი. ჟურნალისტების ზეწოლის ფონზე მან თქვა: „საქართველოსა და რუმინეთის პატივისცემის მიუხედავად, დღესდღეისობით იტალიაზე მეტად არცერთი სხვა გუნდი არ იმსახურებს ექვს ერში თამაშს. ამისათვის აუცილებელია ისეთი ისტორიული შედეგის ჩვენება, როგორიც ჩვენ გვქონდა. საინტერესოა, საფრანგეთი, ან შოტლანდია რომ გასულიყო ბოლო ადგილზე, მაშინაც მოითხოვდით პლეი ოფის გამართვას?“.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084638