საერთაშორისო

21:58 | 7.06.2016 | ნანახია 2538 - ჯერ

ტაიმის მოგება არაფერს ნიშნავს

დებიუტანტ საქართველოსა და მსოფლიოს ჩემპიონ ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, მანჩესტერში 2016 წლის ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი C ჯგუფის ორი პარალელური მატჩით გაიხსნა.

არგენტინული რაგბის პროგრესის ფონზე, გასაკვირი არაა, რომ ამ ქვეყნის 20-წლამდელებმა ფრანგებს 24:15 სძლიეს. თამაში დაძაბული გამოდგა და ტაიმი ევროპელების გამარჯვებით დასრულდა. საწყის 40 წუთში ერთადერთი ლელო შერკინების ნახევარმცველმა ანტუან დიუპონმა დადო, ხოლო ენტონი ბელომ ჯარიმა გაიტანა, რაზეც დომინგო მიოტიმ ორი ჯარიმით უპასუხა - 8:6.

ეს ანგარიში 51-ე წუთამდე შენარჩუნდა, შემდეგ არგენტინა საჯარიმო ლელოთი დაისაჯა და საფრანგეთი 15:6 დაწინაურდა. მაგრამ დასკვნითი მეოთხედი სამხრეთელებმა უკეთ ჩაატარეს, შეცვლაზე შესულმა მარტინ ელისმა ორი ჯარიმა გაიტანა და საფინალო სასტვენამდე 16 წუთით ადრე ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა. 71-ე და 74-ე წუთებზე არგენტინელმა ახალგაზრდებმა ორი ლელო დადეს, რომელთაგან ერთი გარდასახეს და მეტოქეს პრემიალური ქულაც არ ააღებინეს.

ახალგაზრდა იაპონელები უფროსების შარშანდელი სენსაციის გამეორებას ეცადნენ, მაგრამ „უმცროსი ბოკე“ შოკიდან მალე გამოერკვა და მეორე ტაიმში ყველაფერი საკუთარ ადგილზე დააბრუნა. აზიელთა გარემარბმა ატატა მოეაკიოლას ჰეთ თრიკის შესასრულებლად 11 წუთი დაჭირდა და ნახევარი საათის შემდეგ მისი გუნდი 19:7 იგებდა.

აფრიკელებმა შესვენებამდე ორი ლელო დადეს და ტაიმი 14:19 დათმეს, მერე კი, სრული უპირატესობა მოიპოვეს და კომფორტული ანგარიშით მოიგეს. ამაში უდიდესი წვლილი შერკინებამ შეიტანა და „ბოკემ“ ჯამში 8 ლელო მიითვალა. იაპონია ეცადა მეოთხე, პრემიალური ლელოს დადებას, თუმცა მეტოქის დაცვა მეტად აღარ გატყდა და სამხრეთ აფრიკამ 59:19 იმარჯვა.

11 ივნისს საფრანგეთი იაპონიას ეთამაშება, ხოლო სამხრეთ აფრიკა არგენტინას შეხვდება და სავარაუდოდ, აქ გადაწყდება ჯგუფში პირველ ადგილზე გამსვლელის ვინაობა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.197408