ტოპ 14-ის რეგულარული სეზონის ბოლო, 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი მორაგბე მოხვდა. თავი ბურჯებმა - „ტულონელმა“ ლევან ჩილაჩავამ და „ტულუზელმა“ ვასილ კაკოვინმა გამოიჩინეს.
ბოლო ტურში ლევან ჩილაჩავას, მამუკა გორგოძისა და კოტე მიქაუტაძის „ტულონმა“ „ბორდო“ გაანადგურა - 44:3. სამივე ქართველი სასტრატოში იყო და სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრილმა ჩილაჩავამ 51-ე წუთამდე ითამაშა, იგი ფიჯელმა მანასა საულომ შეცვალა. ფრანგული rugbyrama 24 წლის ბურჯს ასეთ შეფასებას აძლევს: „ჩილაჩავა განსაკუთრებით დახურულ ორთაბრძოლებში იყო ძლიერი, რამაც „ტულონს“ მეტოქესთან უპირატესობა მისცა“. ჩილაჩავამ ორჯერ შეუტია და ბურთის სამი მეტრით წაწევა მოახერხა, დაცვაში კი, ერთი ბოჭვა განახორციელა.
ვასილ კაკოვინის „ტულუზმა“ გასვლაზე „გრენობლს“ 53:14 სძლია. ქართველი ბურჯი ძირითად შემადგენლობაში იყო და მხოლოდ 40 წუთი დაჰყო მინდორზე, თუმცა ეს სიმბოლურ ნაკრებში მოსახვედრად საკმარისი აღმოჩნდა. Rugbyrama-ზე ვკითხულობთ: „კაკოვინი დახურულ ორთაბრძოლებში ნამდვილი მონსტრი იყო, მან ახალგაზრდა მეტოქეებს დღე გაუმწარა“. კაკოვინმა ორი თერნოვერი გაახერხა, ერთხელ შეუტია და ასევე ერთხელ შებოჭა მეტოქე. „ტულუზმა“ რეგულარული სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა და „ტულონის“ მსგავსად პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.
ტოპ 14-ის 26-ე ტურის სიმბოლური ნაკრები rugbyrama-ს ვერსიით: 15. გაეტან ჟერმეინი (ბრივი), 14. სიტივენი სივივატუ (კასტრი), 13. რემი ლამერა (კასტრი), 12. კლემენტ პოიტრენო (ტულუზი), 11. დევიდ სტრეტლი (კლერმონი), 10. იოან გუსენი (რასინგ 92), 9. რორი კოკოტი (კასტრი); 8. სისა კოიამაიობელე (ბრივი), 7. ტალალელეი გრეი (ტულუზი), 6. პესელი იატო (კლერმონი), 5. აპისალომ რატუნიარავა (აჟენი), 4. ბერნან ლე რუ (რასინგ 92), 3. ლევან ჩილაჩავა (ტულონი), 2. ჯალილ ნარჯისი (ბრივი), 1. ვასილ კაკოვინი (ტულუზი).
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საღოლ ლომებო ! წარმატებები !