საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის 2015/2016 წლების სეზონის რეგულარული გათამაშება დასრულდა. დარჩენილია 5 გადამწყვეტი თამაში, რომლებსაც მოწინავე ექვსეულის გუნდები გამართავენ და გაირკვევა 2016 წლის ჩემპიონი. სასიხარულოა, რომ პლეი ოფში გასული ექვსი გუნდიდან ხუთი ქართველი ლეგიონერებისაა და იმედია, წელს საფრანგეთს კვლავ ეყოლება ქართველი ჩემპიონები.
რეგულარული გათამაშება დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის „კლერმონმა“ მოიგო, რომელმაც ლექსო ყაულაშვილისა და გაგი ბაზაძის „ლა როშელი“ 57:8 დაამარცხა და პრემიალური ქულაც აიღო. მატჩს პრაქტიკული მნიშვნელობა თითქმის არ ჰქონდა, რადგან „კლერმონს“ რეგულარული გათამაშების მოგება პრაქტიკულად განაღდებული ჰქონდა, ხოლო „ლა როშელი“ უმოტივაციო იყო. „ვულკანების“ მწვრთნელებმა ქართველ ლეგიონერები დაასვენეს, ხოლო სტუმართა ქართველი ბურჯები სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და შესვენებისას შეცვალეს.
ანგარიში „ლა როშელმა“ ყაულაშვილის ლელოთი, მე-2 წუთზე გახსნა, მაგრამ შესვენებამდე მეტოქის ინგლისელი ლეგიონერებისგან სამი გაუშვეს და 5:21 ჩამორჩნენ. მეორე ტაიმის დებიუტში სტუმრებმა ჯარიმით შეამცირეს ჩამორჩენა, თუმცა პასუხად კიდევ 6 ლელო გაუშვა. ლელოს ავტორმა ყაულაშვილმა ბურთით სულ 2-ჯერ შეუტია, ერთ მბოჭავს გასცდა და 2 მეტრი გაიარა, რაც ლელოს დასადებად საკმარისი აღმოჩნდა, ხოლო დაცვაში 3 ბოჭვა შეასრულა და 2-ჯერ დაჯარიმდა. ბაზაძემ სამი ცდით ჯამში 3 მეტრი გაიარა, 4 ბოჭვა შეასრულა და 2 გაუცუდდა.
ტურის ერთ-ერთი ცენტრალური თამაში პარიზში გაიმართა. „რასინგს“ და „მონპელიეს“ პლეი ოფში თამაში გარანტირებული ჰქონდათ, თუმცა გასარკვევი იყო ვინ რა პოზიციით მოხვდებოდა გადამწყვეტ მატჩებში. შეგახსენებთ, რომ ტოპ 14-ის ორი მოწინავე გუნდი პირდაპირ იღებს ნახევარფინალის საგზურს, ხოლო მესამე-მეოთხედგილოსნები პლეი ოფის პირველ ეტაპზე მეხუთე-მეექვსეადგილოსნებთან მასპინძლობის უფლებით სარგებლობენ.
„რასინგის“ განაცხადში არ იყო დავით ხინჩაგიშვილი, ისევე, როგორც „მონპელიეს“ 23-კაციან შემადგენლობაში დუდუ ქუბრიაშვილი. ტრადიციულად, თამაში სასტარტოში დაიწყო ნარიაშვილმა და მოედანზე 57 წუთი გაატარა. მასპინძლებმა თავიდანვე შეძლეს უპირატესობის მოპოვება, მაგრამ ტაიმის ბოლოს საპასუხო ლელო გაუშვა - 20:13. მეორე ტაიმში „რასინგმა“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და 40:25 იმარჯვა, რითაც მეოთხე პოზიცია შეინარჩუნა. „მონპელიეს“ ხელს პრემიალური ქულის აღებაც აძლევდა, მაგრამ ეს ვერ შეძლო და მეორე ადგილი „ტულონს“ დაუთმო.
მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავას და კოტე მიქაუტაძის გუნდმა „ბორდო“ პრემიალური ქულით, 44:3 დაამარცხა და სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი. სტუმართა ფიჯელი ლეგიონერი ტალებულა მე-20 წუთზე წითელი ბარათით დაისაჯა და ამან შედეგზე დიდი გავლენა იქონია. „ბორდომ“ 35-ე წუთამდე გაძლო, მერე კი... „ტულონმა“ შესვენებამდე 2 და მეორე ნახევარში 4 ლელო დადო. ქართველი ლეგიონერები სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და მიქაუტაძემ 79 წუთი ითამაშა. ამ პერიოდში მან ბურთით 3-ჯერ შეუტია და 2 მეტრით წინ წაიწია, 7 პასი გააკეთა და ერთხელ ოფლოუდი შეასრულა. მის ანგარიშზე 5 ბოჭვაა, 3-ჯერ დაჯარიმდა და 79-ე წუთზე სინბინით დაისაჯა.
გორგოძემ მესამე ხაზში 68 წუთი ითამაშა და შეტევაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. მან მატჩის მონაწილე მორაგბეთა შორის ყველაზე მეტჯერ, 14-ჯერ შეუტია და ბურთიანად 21 მეტრი იარა, 6 პასი გააკეთა, ერთხელ მცველს გასცდა და 4 ოფლოუდი შეასრულა. ჩილაჩავა 51-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე 2-ჯერ შეუტია და 3 მეტრი იარა.
პლეი ოფშია ვასილ კაკოვინის „ტულუზი“, რომელმაც დასკვნით ტურში „გრენობლი“ სტუმრად 53:14 გაანადგურა და პრემიალური ქულაც აიღო. უმოტივაციო მეტოქეს ტულუზელებმა 8 ლელო დაუდეს, თავად ორი გაუშვეს და საბოლოოდ მე-5 ადგილზე დარჩნენ. კაკოვინი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს.
კარლენ ასიეშვილის, გიორგი ჟღენტისა და გოდერძი შველიძის „ბრივმა“ გიორგი ნაცარაშვილის „პო“ 46:10 დაამარცხა. ამ თამაშს ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა - დიდი რაგბიდან გააცილეს ვეტერანი პირველხაზელი შველიძე, რომელმაც თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 46-ე წუთზე დიდი ოვაციების ფონზე შეცვალეს. ამ მომენტისთვის ანგარიში 18:10 იყო, 60-იდან 67-ე წუთამდე „ბრივმა“ სამი ლელო დადო, მერე მეოთხეც გაიტანა და საბოლოოდ პრემიალური ქულაც აიღო. მატჩში მონაწილეობა მიიღო ჟღენტმაც, რომლისთვისაც ეს ბოლო მატჩი ამ კლუბის მაისურით და 10 შეტევით 19 მეტრი იარა.
პლეი ოფში გასული ერთადერთი არაქართული გუნდი „კასტრია“, რომელმაც დასკვნით ტურში ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსე“ 35:14 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერთაგან ჟვანიამ პირველიდან 49-ე წუთამდე ითამაშა.
თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის „აჟენმა“ გიორგი ვეფხვაძის „ოიონა“ 23:19 დაამარცხა. ეს იყო ორი დაქვეითებული გუნდის ჯახი, სადაც მხოლოდ ის წყდებოდა, ვინ გავარდებოდა ბოლო და ვინ ბოლოსწინა ადგილიდან. „აჟენმა“ ურთულეს პირობებში მოპოვებული გამარჯვებით მეტოქე ჩამოიტოვა, თუმცა ამით რეალურად არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ 24-ე წუთზე მასპინძელთა მორაგბე წითელი ბარათით გააძევეს და ამის შემდეგ „აჟენმა“ კაცნაკლულად ითამაშა.
მჭედლიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა, ოღონდ პერიოდულად პოზიციის შეცვლა უწევდა და შერკინებებისას კაცნაკლული თანაგუნდელის ნაცვლად შერკინების მესამე ხაზში დგებოდა. ამან გაამართლა და რამდენიმე პერიოდში მასპინძელთა შერკინებამ იმძლავრა. გარდა ამისა, მჭედლიძემ 5 შეტევით 16 მეტრიც იარა. 53-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა თეთრაშვილმა და 4 შეტევით 7 მეტრი მოიგო. შეცვლაზე 18 წუთი ითამაშა ვეფხვაძემ და მის ანგარიშზე 4 ბოჭვაა.
საფრანგეთი. ტოპ 14. XXVI (ბოლო) ტური
გრენობლი - ტულუზი 14:53
ტულონი - ბორდო 44:3
რასინგი - მონპელიე 40:25
ბრივი - პო 46:10
აჟენი - ოიონა 23:19
კლერმონი - ლა როშელი 57:8
კასტრი - სტად ფრანსე 35:14
1. | კლერმონი | 26 | 18 | 1 | 7 | 735:431 | 88 | 14 |
2. | ტულონი | 26 | 16 | 0 | 10 | 764:446 | 82 | 18 |
3. | მონპელიე | 26 | 18 | 0 | 8 | 723:569 | 81 | 9 |
4. | რასინგი | 26 | 18 | 1 | 7 | 614:522 | 81 | 7 |
5. | ტულუზი | 26 | 16 | 2 | 8 | 680:393 | 79 | 11 |
6. | კასტრი | 26 | 15 | 0 | 11 | 650:496 | 71 | 11 |
7. | ბორდო | 26 | 14 | 2 | 10 | 552:503 | 67 | 7 |
8. | ბრივი | 26 | 13 | 1 | 12 | 540:545 | 62 | 8 |
9. | ლა როშელი | 26 | 11 | 0 | 15 | 553:656 | 54 | 10 |
10. | გრენობლი | 26 | 10 | 0 | 16 | 605:779 | 47 | 7 |
11. | პო | 26 | 10 | 1 | 15 | 420:675 | 46 | 4 |
12. | სტად ფრანსე | 26 | 9 | 0 | 17 | 543:631 | 41 | 5 |
13. | აჟენი | 26 | 5 | 0 | 21 | 531:846 | 26 | 6 |
14. | ოიონა | 26 | 5 | 0 | 21 | 429:847 | 24 | 4 |
შესარჩევი პლეი ოფი. 11-12 ივნისი
რასინგი - ტულუზი
მონპელიე - კასტრი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=AptWMk7xLpA')>0?'https://www.youtube.com/watch?v=AptWMk7xLpA':'https://www.youtube.com/watch?v=AptWMk7xLpA')) აა როგორ გააცილეს, ოქრო კაცი ..
მადლობა გოდერძის ყველაფრისთვის ! ლეგენდა კაცია ! წარმატებები მომალავ პროფესიაში !