ჭაბუკთა "ბ"

11:28 | 6.06.2016 | ნანახია 2713 - ჯერ

„ბ“ ლიგაში 6 თითქმის გაირკვა

ჭაბუკთა „ბ“ ლიგის მეორე ეტაპის დასრულებამდე ორი ტური დარჩა და პრაქტიკულად ცნობილია იმ ექვსი გუნდის ვინაობა, რომლებიც მესამე ეტაპზე ითამაშებენ.

შეგახსენებთ, მეორე ეტაპზე ჩემპიონობისთვის მებრძოლთა შორის აღმოსავლეთის და დასავლეთის 8-8 გუნდი გავიდა, რომლებმაც რეგიონალური პრინციპით ორ-ორი ჯგუფი შეადგინეს და ორ წრედ თამაშობენ. თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე მესამე ეტაპზე გადის, ეს რვა გუნდი კი, უკვე არარეგიონალური პრინციპით, ორ 4-4 გუნდა ჯგუფებად გაიყოფიან და ფინალისტებს ორწრიანი ტურნირის შედეგად გამოავლენენ.

2016 წლის ჩემპიონატში გუნდებმა მეორე ეტაპის 4-4 თამაში მოილიეს და ორმა გუნდმა მესამე ეტაპზე თამაში უკვე დაიბევა, ხოლო კიდევ ოთხს მდევრებთან ისეთი უპირატესობა აქვთ, ძალიან უნდა მოინდომონ პირველი-მეორე ადგილები რომ დაკარგონ. გასარკვევია ის ორი გუნდი, რომლებიც ამ ექვსეულს შეუერთდებიან და უკვე შემოდგომიდან მესამე ეტაპში ჩაერთვებიან.

„ი“ ჯგუფში „იუნკერები ჩოხოსნებმა“ მეოთხე თამაშიც პრემიალური ქულით მოიგო და მდევრებისთვის მიუწვდომელი შეიქმნა. ამჯერად მათ უახლოესი მდევარი, თბილისის „არმაზი“ 41:11 დაამარცხეს. ამ ჯგუფში სიტუაცია დაძაბული იქნებოდა, მაგრამ „ხვამლს“ სადისციპლინომ „იუნკერებთან“ მატჩის შემდეგ -6 ქულა გამოუწერა და მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ორი მოგება აქვს, 2 ქულით მესამე ადგილზეა და „არმაზს“ 7 ქულით ჩამორჩება. მე-4 ტურში „ხვამლმა“ „ლოკომოტივს“ 12:0 მოუგო.

ოთხი გამარჯვება და 19 ქულა აქვს „ლელო 1“-ს, რომელმაც ამ ტურში „ხულიგანას“ 20:0 მოუგო. ლელოელებს მესამე ეტაპზე გასასვლელად ერთი ქულაც ჰყოფნით, მეორე საგზურისთვის კი, დიდი ბრძოლაა გაჩაღებული. მეოთხე ტურში სწორედ უშუალო კონკურენტების, რუსთავის „ხარებისა“ და თბილისის „აკადემიას“ ჯახი გაიმართა და რუსთაველებმა 20:12 იმარჯვეს. რადგან „ხარებმა“ ორი მოგების წილ ერთი პრემიალური ქულაც აიღო, ის 9 ქულით მეორე ადგილზეა და ერთით უსწრებს „აკადემიას“.

დასავლეთ დივიზიონის „ლ“ ჯგუფში ქუთაისის „აია 1“ ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილისთვის ფოთის „კოლხ რაინდებს“ და ხაშურის „ლეგიონს“ ცხარე ბრძოლა აქვთ გაჩაღებული. მეოთხე ტურში „აია 1“-მა „კოლხ რაინდებს“ 55:0 მოუგო და მესამედ აიღო პრემიალური ქულა. ხაშურელებმა „აია 4“ მიიღო და პრემიალური ქულით, 47:6 დაამარცხა. შედეგად, „აია 1“-ს 19 ქულა აქვს, ფოთელები და ხაშურელები 10-10 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ და მეხუთე ტურში „ლეგიონი“ სწორედ „კოლხ რაინდებს“ მასპინძლობს. ჯგუფიდან გასვლის კუთხით ამ თამაშის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

„მ“ ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული აქვს ქუთაისის „ბაგრატს“, ოღონდ ჯერ გასარკვევია, მესამე ეტაპზე პირველი ადგილით გავა თუ მეორეთი. „ბაგრატმა“ ტრადიციას არ უღალატა და მეოთხე თამაშიც დიდი სხვაობით და მშრალად მოიგო. ქუთაისელებმა ჭიათურის „იმერეთი“ 76:0 დაამარცხეს. მისი შედეგები შთამბეჭდავია - 60:0, 74:0, 69:0 და 76:0. მეორე ადგილზეა წყალტუბოს „დინოზავრი“, რომელმაც ქუთაისის „აია 5“ ასევე პრემიალური ქულით და მშრალად, 36:0 დაამარცხა. წყალტუბოელებს 14 ქულა აქვთ და 10-ით უსწრებენ „იმერეთს“, ასე, რომ მესამე ეტაპზე მოსახვედრად ერთი ქულაც ეყოფათ.

მეხუთე ტურის თამაშები 11-12 ივნისს გაიმართება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.06798