დიდი 10-ის რეგულარული გათამაშების დასკვნით ტურს დიდი მისია აკისრია - უნდა გაირკვეს მოწინავე ექვსეულიდან პლეი ოფებში რომელი გუნდები ისარგებლებენ მასპინძლობის უფლებით და რაც მთავარია, ვის მოუწევს უძლიერესთა დატოვება და ქუთაისის „ბაგრატისთვის“ ადგილის დათმობა.
ამრიგად, ტურის ხუთი თამაშიდან ოთხში, ბრძოლა ბოლომდე იქნება, ერთი კი, რომელიც შაბათს გაიმართება, თვალსასეირო სანახავი იქნება. ბოლო წლებში ამ გუნდების დაპირისპირება მუდამ დიდ ინტერესს იწვევდა და მართალია „ლელო-სარასენსსა“ და „ლოკომოტივს“ პირველი და მეორე ადგილი უკვე დაბევებული აქვთ, მაგრამ იოლად ნამდვილად არაფერს დათმობენ. თუმცა, ტაქტიკური მოსაზრებით, შესაძლოა მწვრთნელებმა თამაშში რაღაც დამალონ, რადგან აპრილის ბოლოს სწორედ ამ გუნდებს შორის ჯახში გაირკვევა პირველი ფინალისტი.
კვირის თამაშებიდან ყველაზე დიდ ინტერესს „შევარდენზე“ გასამართი შეხვედრა იწვევს, სადაც თბილისის „არმაზი“ რუსთავის „ხარებს“ მასპინძლობს. აქ თუ არმაზელებმა მოიგეს, მაშინ მათ დიდ 10-ში დარჩენის შანსი გაუჩნდებათ. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, რომელიმე გუნდი შეძლებს თუ ვერა პრემიალური ქულის აღებას. „არმაზს“ პრემიის გარეშე მოგებაც აწყობს, მთავარია ბონუს-ქულა „ხარებს“ არ შეხვდეს, რადგან პირველ წრეში რუსთაველებმა 10:5 მოიგეს და რეგლამენტის თანახმად, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს ექცევა.
პარალელურად, 14 საათზე „ავჭალაზე“ იწყება „არმიასა“ და „ყოჩების“ თამაში. არმიელებს მოგების შემთხვევაში თავი ქუდში აქვთ, მაგრამ ბოლნისელებს საპლეიოფო მატჩისთვის ზღვისპირეთში გამგზავრების სურვილი ნამდვილად არა აქვთ და იოლად არაფერს დათმობენ. მათი კონკურენტები - „ჯიქი“ და „ბათუმი“მარტყოფში შეიბმებიან და ერთ-ერთი ქულებს აუცილებლად დაკარგავს, ეს კი, მოგების შემთხვევაში, „ყოჩებს“ მეოთხე ადგილზე გასვლის და საკუთარი მოედნის უპირატესობის მიღების საშუალებას მისცემს.
თეორიულად, მეოთხე ადგილამდე აღზევების შანსი ქუთაისის „აიასაც“ აქვს, რომელიც 16:30 საათიდან „ავჭალაზე“ „აკადემიას“ ეთამაშება. აკადემიელებს პირდაპირ დაქვეითება პრაქტიკულად აღარ ემუქრებათ. მათი უპირატესობა ისაა, რომ თამაშის დაწყების წინ კონკურენტების შედეგები უკვე ეცოდინებათ და განწყობის შექმნაც ამის შესაბამისად შეეძლებათ.
დიდი 10. XVIII ტური
2 აპრილი
თბილისი. „ლელო“. 14:00 საათი
ლელო-სარასენსი [თბილისი] - ლოკომოტივი [თბილისი]
3 აპრილი
თბილისი. „შევარდენი“. 14:00 საათი
არმაზი [თბილისი] - ხარები [რუსთავი]
მარტყოფი. 14:00 საათი
ჯიქი [გორი] - ბათუმი [ბათუმი]
თბილისი. „ავჭალა“. 14:00 საათი
არმია [თბილისი] - ყოჩები [ბოლნისი]
თბილისი. „ავჭალა“. 16:30 საათი
აკადემია [თბილისი] - აია [ქუთაისი]
27/03 | კლუბი ქალაქი | თ | მ | ფ | წ | +პ | +ნ | -დ | გატ:გაშ | სხვ | ლ | ქ |
1 | ლელო სარასენს თბილისი | 17 | 13 | 1 | 3 | 2 | 1 | 0 | 326:241 | +85 | 36/25 | 57 |
2 | ლოკომოტივი თბილისი | 17 | 11 | 1 | 5 | 1 | 4 | 0 | 292:251 | +41 | 30/20 | 51 |
3 | ჯიქი გორი | 17 | 9 | 1 | 7 | 4 | 4 | 0 | 262:176 | +86 | 27/11 | 46 |
4 | ბათუმი ბათუმი | 17 | 9 | 2 | 6 | 1 | 5 | 0 | 283:254 | +29 | 23/15 | 46 |
5 | ყოჩები ბოლნისი | 17 | 10 | 0 | 7 | 1 | 4 | 0 | 298:271 | +27 | 25/27 | 45 |
6 | აია ქუთაისი | 17 | 8 | 2 | 7 | 1 | 4 | 0 | 286:279 | +7 | 26/20 | 41 |
7 | აკადემია თბილისი | 17 | 6 | 0 | 11 | 1 | 5 | 0 | 180:242 | -62 | 13/25 | 30 |
8 | ხარები რუსთავი | 17 | 6 | 0 | 11 | 0 | 5 | 0 | 227:299 | -72 | 18/31 | 29 |
9 | არმია თბილისი | 17 | 4 | 2 | 11 | 0 | 8 | 0 | 296:362 | -66 | 22/39 | 28 |
10 | არმაზი თბილისი | 17 | 4 | 1 | 12 | 0 | 7 | 0 | 234:309 | -75 | 22/29 | 25 |
^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო | 27/03 @ 16.55 |
ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია