ევროპის სერია

18:28 | 5.06.2016 | ნანახია 6013 - ჯერ

ბრიტანეთი გადაგვირჩა - საქართველო მეექვსეა

საქართველოს 7-კაცა ნაკრები დიდი ბრიტანეთი1-ის დამარცხებასთან და ევროპის გრან პრის პირველ, მოსკოვის ეტაპზე მე-5 ადგილის დაკავებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბიჭებს მცირედით არ გაუმართლათ და საბოლოოდ მე-6 ადგილს დასჯერდნენ.

ეს ამ ტურნირის ბოლო მატჩი იყო და ქართველებმაც განვლილ შეხვედრებთან შედარებით თავისუფლად ითამაშეს. ეს აისახა ხარისხზეც და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ გუნდი წნეხისგან გათავისუფლდეს და მომავალშიც მეტი ითამაშოს, ვიდრე შედეგზე იდარდოს.

დიდი ბრიტანეთი1-თან ჯგუფურ ეტაპზე 7:17 გვქონდა წაგებული. იმ შეხვედრაში საქართველო პირველ ტაიმში დაწინაურდა და მერე შედეგის შენარჩუნებაზე ზრუნავდა, რამაც შედეგი ვერ მოიტანა, თუმცა გამოჩნდა, რომ მეტოქესთან ტოლსწორად თამაში შეიძლებოდა. ფინალური ჯახის დებიუტში კახა ალანიას შეგირდებმა თავგანწირული ბოჭვებით რამდენიმე ხიფათი აირიდეს, მერე ფლანგზე ლევან გოგოლაშვილი გაიქცა და რადგან სამ მეტოქეს შორის მოექცა, ბურთი ფეხით გადაკიდა. ქართველებმა ბრიტები მათსავე ლელოს ხაზთან შეავიწროვეს, შედეგად, მათ შეცდომა დაუშვეს, უკონტროლო ბურთი ზურაბ ძნელაძემ აიტაცა და ლელოში დაამიწა, ხოლო მამუკა ნინიძემ გარდასახა - 7:0.

სამწუხაროდ, დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც მეტოქეს მონდომება დაუფასდა და საპასუხო ლელო დაიდო, ოღონდ კიდეზე და ტაიმი ისე დასრულდა, როგორც პირველი მატჩში - 7:5. შესვენების შემდეგ თითქოს იმ წინა შეხვედრის სცენარი განმეორდა, ინტენსიურ ტემპს დაცვამ მხოლოდ 1 წუთი გაუძლო და ალამთან კიდევ ერთი ლელო გავიდა. რუსი გულშემატკივრის შეძახილების ფონზე, ქართველები არ გატყდნენ, გააქტიურდნენ, ახლა უკვე მათ შეუტიეს დიდი მონდომებით, მეტოქის 22-თან თითქოს ბურთი დაიკარგა, მაგრამ რამაზ ხარაზიშვილი ბრძოლას არ გამოეთიშა, ოვალს ფეხი წაკრა და ლელოში დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო - 12:10.

ბრიტანელები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ, ამჯერად ბოჭვები გაცუდდა და ლელოს თითქოს გარდასახვაც უნდა მოყოლოდა, მაგრამ დამრტყმელმა იოლად შესასრულებელი არეკნი ვერ გაიტანა. ამასობაში დროც ამოიწურა, საქართველომ ბოლო ძალები მოიკრიბა და საკუთარი 22-ის სიღრმიდან შეუტია, ასე თამაშ-თამაშით მეტოქის 22-ში შევედით და ორჯერ ფლანგებზე სივრცეებიც შეიქმნა, მაგრამ ოდნავი უზუსტო პასების გამო დაკარგული წამის მეასედების ხარჯზე, ბრიტანელებმა ამ ბოლო მიძალების მოგერიება შეძლეს და 15:12 იმარჯვეს.

მოსკოვის ეტაპის ფინალში საფრანგეთი მასპინძელ რუსეთთან 7:0 დაწინაურდა, მაგრამ შესვენებამდე ორი ლელო გაუშვა და 7:10 ჩამორჩა. მეორე ტაიმის დებიუტში და მიწურულს, რუსებმა ძელებსშუა ორჯერ დაამიწეს ბურთი, 24:7 იმარჯვეს და ევროპის გრან პრის პირველი, შინაური ეტაპის გამარჯვებულები გახდნენ.

7-კაცას შემადგენლობა ევროპის გრან-პრის სერიების მოსკოვის ეტაპზე: ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, თბილისი), მამუკა ნინიძე (ჯიქი, გორი), ნიკა გიგაური (არმაზი, თბილისი), ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები, ბოლნისი), დავით ლოსაბერიძე (აია, ქუთაისი), ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე, რუმინეთი), რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი, გორი), მეთ ჯენი (ოქსფორდი, ინგლისი), რევაზ ჯინჯიხაძე (ჯიქი, გორი), იოსებ კიკვაძე (აია, ქუთაისი), იოსებ მათიაშვილი (აკადემია, თბილისი).

სამწვრთნელო შტაბი: კახაბერ ალანია (მწვრთნელი), ზაზა ლეჟავა (მწვრთნელი), ალექსანდრე ნიჟარაძე (მენეჯერი), ვახტანგ წიკლაური (ექიმი), გიორგი სვანიძე (ფიზიო).

ევროპის გრან პრი. I ეტაპი

რუსეთი. მოსკოვი. 5 ივნისი. პლეი ოფები

თასის მეოთხედფინალები

დიდი ბრიტანეთი2 - საქართველო 36:0

დიდი ბრიტანეთი1 - საფრანგეთი 15:17

გერმანია - პორტუგალია 21:0

ესპანეთი - რუსეთი 12:26

ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის

ბელგია - ლიტვა 38:5

პოლონეთი - იტალია 12:21

ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის

საქართველო - ესპანეთი 10:7

პორტუგალია - დიდი ბრიტანეთი1 5:34

თასის ნახევარფინალები

დიდი ბრიტანეთი2 - რუსეთი 10:17

გერმანია - საფრანგეთი 14:19

XI ადგილისთვის

ლიტვა - პოლონეთი 12:29

IX ადგილისთვის

ბელგია - იტალია 12:14

VII ადგილისთვის

ესპანეთი - პორტუგალია 19:7

V ადგილისთვის

საქართველო - დიდი ბრიტანეთი1 12:15

III ადგილისთვის

დიდი ბრიტანეთი2 - გერმანია 28:5

ფინალი

რუსეთი - საფრანგეთი 24:7

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:17 | 05.06.2016
mindia (74)

ნინიძე მომწონს მე, რამოდენიმე რთული დარტყმა გაიტანა.
2 ნომერი არ მომეწონა ჩვენი.

ცუდი შედეგი არაა მეორე ნაკრებით.

18:42 | 05.06.2016
tamasho (88)

6 ერი ახალ სპონსორს ეძებსო ჰოდა ბიძოს თუ - და ჩვენთვისაც კარგი იქნება

0.07881