ანტონ ფეიქრიშვილის „ბეიონმა“ ტოპ 14-ში ასასვლელ ფინალში ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის „ორიაკი“ 21:16 დაამარცხა.
შარშან საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონი „ლიონმა“ და „ბეიონმა“ დატოვეს და ორივეს ერთი წელი დაჭირდა უძლიერესთა შორის დასაბრუნებლად. „ლიონმა“ პრო დ2 რეგულარული გათამაშების დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე მოიგო, ხოლო ბასკებმა სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავეს და პლეი ოფი წარმატებულად განვლეს.
ლიონში გამართული გადამწყვეტი ჯახი დაძაბული აღმოჩნდა და ბასკებისთვის გადამწყვეტი არგენტინელი მარტინ ბუსტოს მოიანოს ფეხჩუბინობა აღმოჩნდა, რომელმაც თავის მხრივ მეტოქის უდისციპლინობით ისარგებლა და 7 ჯარიმით გამარჯვებულ გუნდს 21-ივე ქულა შესძინა.
გამარჯვებულთა შორის განაცხადში იყო ბურჯი ფეიქრიშვილი და მას თამაშში ჩართვა მე-14 წუთიდან მოუხდა. „ორიაკის“ რიგებში სრულად ითამაშა მეორეხაზელმა დათუნაშვილმა, სასტარტო შემადგენლობაში იყო შუამარბი შარიქაძე, რომელიც მე-5 წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა.
პირველ ტაიმში მოიანომ 6 ჯარიმა გაიტანა, რაზეც მაქსიმ პეტიტჯანმა ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა და ორიც გაუფუჭდა - ერთი მატჩის დებიუტში და ერთი ზედ შესვენების წინ. მე-40 წუთზე ბეიონელი ადამ უაიტლოკი სინბინით დაისაჯა, მაგრამ მეტოქემ მეორე ტაიმის დებიუტში 10-წუთიანი მეტობა ვერ გამოიყენა. პეტიტჯანმა თავისი მესამე ჯარიმა 52-ე წუთზე გაიტანა, 58-ეზე კი, „ბეიონი“ ერთხელაც დარჩა კაცნაკლული, მაგრამ პეტიტჯანის დარტყმა ამჯერად არაზუსტი იყო.
ბასკები კაცნაკლული იყვნენ, როდესაც 63-ე წუთზე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს და 100%-იანმა მოიანომ ანგარიში 21:9 გახადა. არგენტინელს ჯარიმა 74-ე წუთზე გაუცუდდა და 79-ე წუთზე „ორიაკმა“ ლელოთი და გარდასახვით ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ სიღრმიდან ბურთის ხელდახელ წამოსაღებად აღარც დრო ჰქონდა და აღარც ენერგია შერჩა. ამრიგად, „ბეიონმა“ 21:16 იმარჯვა და ახალ სეზონს ტოპ 14-ში დაიწყებს, ხოლო „ორიაკი“ კვლავ მეორე დივიზიონში რჩება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვულოცავ ანტონს ტოპ14 დაბრუნებას, წარმატებები ჩვენს ლომებს ყველა ასპარეზზე!!!
jora84 გაიხარე მეგობარო, თორემ გამისკდა გული, ვიფიქრე ბუკა სერიოზულად ხომ არ დაშავდა-თქო,ერთ-ერთი ჩვენი წამყვანი მოთამაშეა.
ზურა, ფინალი ტულუზში იყო, შარიქაძე კი 4 წუთზე სისხლის დენის გამო შეცვალეს(თავი გაიტეხა) 12 წთ დაბრუნდა და 69 წთ შეცვალეს საბოლოოდ
წარმატებები ფეიქრიშვილს ისე კი ორიაკს უფრო ვგულშემატკივრობდი რახან უკანახაზელი გვყავდა მაგ გუნდში, კიდევ უფრო ცუდი ამბავი მაგის ტრმვა ამ ტესტების წინ რამდენად სერიოზულია ნეტა ბუკას ტრამვა იქნებ დაწეროტ რამე
მილოცვები დაწარმატებები ანტონს ტოპ 14 ში ! და ასევე წარმატებები ორიაკის ჩვენებს !