ზე-18

21:37 | 1.04.2016 | ნანახია 994 - ჯერ

ჩემპიონის ზედიზედ მეხუთე [+ვიდეო]

სუპერ რაგბის მოქმედმა ჩემპიონმა ახალზელანდიურმა „ჰაილენდერსმა“ წლევანდელი გათამაშების სტარტზე განცდილი მარცხის შემდეგ ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო.

აუტსაიდერ ავსტრალიურ „ვესტერნ ფორსთან“ „ჰაილენდერსი“ დანედინში, რა თქმა უნდა, უპირობო ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ დებიუტი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. სტუმრებმა საწყის 10 წუთში 14-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. დებიუტში ზელანდიელები ფეხით გადაკიდებულ ბურთს ხეირიანად ვერ გაუმკლავდნენ, დაახლოებით ისეთივე შეცდომა დაუშვეს, როგორიც საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ამასწინანდელ ფინალში და დენ ჰეილი-პეტიმ ლელო დაამიწა. მერე მორკინალების დარტყმების სერიის შემდეგ, ბენ მაკკელმანმა ხაზი გაჭრა და პეტ გრანტის ორი ზუსტი გარდასახვის შემდეგ „ფორსი“ 14:0 დაწინაურდა.

მაგრამ ეს სუპერ რაგბია და 15 წუთის შემდეგ ამ უპირატესობისგან აღარაფერი დარჩა. „ჰაილენდერსმა“ მე-16 წუთზე შერკინებიდან შეუტია, პატრიკ ოსბორნს მარცხენა ფრთაზე დიდი სივრცე დარჩა და ლელოში გაინავარდა, ხოლო 26-ე წუთზე მანვე საკუთარი 22-იდან სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო და ოთხი პასის შემდეგ ლელო დენ პრიორიმ დაამიწა. ჰეიდენ პარკერმა ორივე გარდასახვა გამოიყენა - 14:14.

თამაში რომ განახლდა გრანტმა სტუმრები ჯარიმით დააწინაურა, პარკერმა ეს 3 ქულა 49-ე წუთზე გაქვითა, ორიოდე წუთში კი, „ჰაილენდერსის“ მოთამაშეთა სისწრაფეს ავსტრალიელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს, აარონ სმიტმა მცველი ცრუმოძრაობაზე წამოიკიდა და ხაზი გაჭრა, მერე ფეხით ითამაშა და „ფორსმა“ ლელოსგან თავის დაღწევა ჯარიმით სცადა, მაგრამ ბურთს მეტ ფადესიც მიყვებოდა - 22:17. 63-ე და 67-ე წუთებზე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 76-ე წუთზე კი, ოსბორნმა, რომელსაც მანამდე ლელო ტელერეფმა გაუუქმა, ხაზი გაჭრა და ჯეისონ ემერი ლელოში მშვიდად შეიჭრა. გარდასახვა მარტინ ბენქსმა შეასრულა, რომელიც ცოტა ხნის წინ იმ „კრასნი იარის“ მგეზავი იყო, რომელიც 5 აპრილიდან თბილისში მოდის და სადაც მგეზავად საქართველოს ნაკრების მორაგბე ლაშა მალაღურაძე მიიწვიეს.

აღსანიშნავია, რომ დარჩენილმა წუთებმა ღია თამაშში ჩაიარა, უკვე გაწითლებულ დროზე ჯერ „ფორსს“ ჰქონდა ჩამორჩენის ლელოთი შემცირების და ერთი პრემიალური ქულის აღების შანსი, მერე „ჰაილენდერსმა“ წამოიწყო საკუთარი ნახევრიდან შეტევა, რათა ლელოთა სხვაობა სამამდე გაეზარდა და თავად აეღო ბონუს-ქულა, მაგრამ ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა და ჩემპიონმა 32:20 იმარჯვა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082519