უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი უორენ გეტლანდი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი „ოლ ბლექსი“ დაუმარცხებელი გუნდი არაა და „დრაკონების“ თამაშის დაგეგმვას 2015 წლის მსოფლიო თასზე, საქართველოსა და ახალი ზელანდიის ნაკრებების შეხვედრის მაგალითით აპირებს.
შარშან, კარდიფში, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა „ბორჯღალოსნებს“ 43:10 სძლია, თუმცა ამისათვის მათ სრული ძალების დახარჯვა და მთელი ოსტატობის გამოვლენა დაჭირდათ. საწყის წუთებში ქართველთა სწრაფმა თამაშმა მოქმედ ჩემპიონებს პრობლემები შეუქმნა, ხოლო ფიზიკურად ძლიერი ქართველი ფორვარდების გავლა, ან მათი შეჩერება, მეტოქეს ძალიან უჭირდა.
უელსს ახალი ზელანდიის ნაკრებისთვის 1953 წლის შემდეგ აღარ მოუგია და გეტლანდს კარგად ესმის, რომ ამის მიღწევა იოლი არ იქნება, თუმცა გუნდს განსაკუთრებულად ამზადებს და ისტორიის შეცვლის იმედი აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ექვსი ერის ოფიციალურ საიტთან საუბარში, „დრაკონების“ თავკაცი მეტოქეს დიდ და უშეღავათო ბრძოლას პირდება.
„წარმატების მიღწევა რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ტყუილად არ შევკრებილვართ. გვინახავს რთულ მდგომარეობაში მყოფი „ოლ ბლექსი“ და მოთამაშეებს ვუთხარი, რომ ყურადღებით დააკვირდნენ ქართველების თამაშს ზელანდიელებთან, რომელიც მსოფლიო თასზე კარდიფში გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს უამრავი შეცდომა დააშვებინა“ - ამბობს გეტლანდი.
ტესტ-მატჩების სერიის პირველი შეხვედრა 11 ივნისს, ოკლენდში, „იდენ პარკზე“ გაიმართება, 18 და 25 ივნისს კი, ახალი ზელანდია და უელსი შესაბამისად ველინგტონსა და დანიდინში შეიბმებიან.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია