რამდენიმე დღეში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაერთვება. გუნდმა მოსამზადებელი ეტაპი რამდენიმე ეტაპად გაიარა და 30 მაისს ინგლისში გაემგზავრა. მოსამზადებელ ეტაპზე არ იყო და ნაკრებს პირდაპირ მანჩესტერში შეუერთდა „მონ-დე-მარსანის“ მესამეხაზელი ბექა გორგაძე.
მიზეზი ისაა, რომ 20 წლის ქართველი პრო დ2-ის ძირითად გუნდში დამკვიდრდა და მასთან ერთად ტოპ 14-ში ასასვლელ პლეი ოფშიც ითამაშა. მასთან საუბარი გუნდის მომზადების დონის შეფასებით დავიწყეთ.
ბექა გორგაძე: ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ გუნდი ფიზიკურად საუკეთესოდაა მომზადებული, ეს კი, მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება და წარმატებულად გამოსვლაში დაგვეხმარება.
- შარშან გუნდმა „ალაფაზე“ საუცხოო თამაში აჩვენა და ისე გახდა გამარჯვებული, კითხვის ნიშანი არავის გაჩენია. წელს უფრო ძლიერ ტურნირზე გვიწევს თამაში და თუ შეინიშნება სხვაობა შარშანდელ და წლევანდელ მზადებას შორის?
- აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ შარშანდელი „ალაფა“ ჩვენთვის უდიდესი გამოცდილება იყო. მანამდე არც ამ ტურნირის ფინალი გვქონდა ნათამაშები და მით უმეტეს მოგებული. შედეგად, დღეს ისტორიული ფაქტის წინაშე ვდგავართ - მსოფლიოს ჩემპიონატზე ვთამაშობთ. მომზადებას შარშანდელს თუ შევადარებთ, ყველაფერი გაორმაგებულია - მენტალურად, ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და ტაქტიკურად.
- საქართველოს ნაკრებში ყოველთვის იყო ერთი პრობლემა - ლეგიონერებისა და ქართულ კლუბებში მოთამაშეთა ფიზიკური კონდინციები. თქვენ საფრანგეთში, პროფესიულ კლუბში თამაშობთ და დიდია ეს სხვაობა?
- კიდევ ერთხელ დავუბრუნდები 2015 წელს. ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპი გავიარე და ამან ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი ითამაშა. ამ პერიოდში ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დიდი ცვალებადობა განვიცადე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ფიზმომზადება მთელი სეზონი გამყვა და საფრანგეთში ჩასულს ამ მხრივ პრობლემა აღარ შემქმნია.
- 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ყოველ მეოთხე დღეს ურთულეს მეტოქეებთან ხუთი თამაში გველის. რამდენად მზადაა გუნდი ასეთი ტემპის გასაძლებად?
- ვფიქრობ, ასეთი ტემპის შეგუება და გაძლება გაგვიჭირდება. ეს პირველი მსგავსი ტურნირირია და გამოცდილება არ გვაქვს, თუმცა, ვფიქრობ, თამაშიდან თამაშამდე ორიენტაციას აღდგენაზე გავაკეთებთ და ამით საკუთარ თავებს დავეხმარებით. შევეცდებით ყველა თამაში მაქსიმალური მობილიზებით და ამავდროულად, მომდევნო შეხვედრებისთვის ენერგიის დაზოგვით ჩავატაროთ.
- ზოგადად სპორტში და განსაკუთრებით რაგბიში ფსიქოლოგიურ მომენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ტურნირს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან თამაშით ვიწყებთ და მერე ევროპის ექვსი ერის „დიდი სლემით“ მომგები უელსი გველის. ბევრი გამოცემა წერს, რომ საქართველო „სიკვიდლის ჯგუფში“ მოხვდა...
- „სიკვდილის ჯგუფში“ მოხვედრა ერთია, მაგრამ რადგან აქ ვართ, ესეიგი დავიმსახურეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ჩემპიონატზე ჩვენი სათქმელი ვთქვათ. მარტივი თამაში არცერთი იქნება, თუმცა ისეთ გუნდთან შეხვედრა, როგორიც ზელანდიაა, ორმაგად რთულია. ამას მოყვება ექვსი ერის „დიდი სლემით“ მომგები უელსი და ის არანაკლებ უხერხული მოწინააღმდეგე იქნება. ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩი ირლანდიასთან გვაქვს, სადაც ვეცდებით, რომ ენერგიები მაქსიმალურად აღვიდგინოთ და 100-ით კი არა, 110%-ით დავიხარჯოთ, რათა გამარჯვება მოვიპოვოთ.
- შარშან, „ალაფაზე“, საქართველოს ნაკრებმა ფენომენალური რაგბი ითამაშა და არა მხოლოდ შერკინებით დაჩაგრა მოწინააღმდეგეები, არამედ ხაზიც აქტიურად იყო ჩართული შეტევებში. წელს მსოფლიოზე რა იქნება ჩვენი სავიზიტო ბარათი?
- ჩვენი სავიზიტო ბარათი შერკინება და შერკინებით შეკრული თამაში იქნება. თუმცა, შარშან ჩვენი სათქმელი ვთქვით და ყველას ვანახეთ, რომ ხაზით თამაში შეგვიძლია. ამ მსოფლიოზეც უმთავრესი შერკინებით, ძალისმიერ სტილში მოწინააღმდეგის დაჩაგვრაა და მერე ხაზით თამაშსაც ვეცდებით. ასეთ კარგ გუნდებთან უდიდეს გამოცდილებას შევიძენთ და ეს სამომავლოდ გამოგვადგება.
- პრო დ2-ში, პირველ გუნდთან ერთად ამ სეზონში 12 თამაში ჩაატარეთ. უცბად გამოჩნდით შემადგენლობაში და უპრობლემოდ დამკვიდრდით ძირითადში. რა იყო თქვენი პლიუსი, რამაც ასეთი დიდი ნახტომის გაკეთების საშუალება მოგცათ?
- ესაა შედეგი იმ მოსამზადებელი ეტაპისა, რომელიც მე ეროვნულ გუნდთან ერთად, მსოფლიო თასის წინ გავიარე. ამან უდიდესი თავდაჯერებულობა შემმატა და გავიზარდე როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. „მონ-დე-მარსანის“ პირველ გუნდში პირველად შეცვლაზე 20 წუთით შევედი და მქონდა ისეთი ეპოზიდები, რომლებიც შემდგომში დიდად დამეხმარა. მომდევნო თამაში უკვე სასტარტოში დავიწყე და აქაც ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რის შემდეგაც გუნდში სულ უფრო მეტად მენდობიან.
- გარდა „მონ-დე-მარსანისა“, თქვენ წელს ეროვნულ გუნდშიც დაიმკვიდრეთ ადგილი და უკვე 7 კეპი მოიხვეჭეთ.
- ეს მოტივაციას აორმაგებს. „მონ-დე-მარსანის“ პირველ გუნდში თამაში ერთია, თუმცა შენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ყველა მორაგბის ოცნებაა. მოხარული ვარ ამის შესაძლებლობა რომ მომეცა და ყველაფერს გავაკეთებ, რათა იქ ადგილი დავიმკვიდრო. ეს დაგროვილი გამოცდილება ამ მსოფლიოს ჩემპიონატზეც გამომადგება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია