საქართველოს ნაკრების გარემარბი თამაზ მჭედლიძე 2015 წლის მსოფლიო თასამდე მზარდი, სწრაფად პროგრესირებადი მორაგბე იყო, მას შემდეგ კი, ნამდვილად ვარსკვლავად იქცა.
3-თვიანი ინტენსიური მომზადების კურსი და მსოფლიო თასზე, უმაღლეს დონეზე ჩატარებული შეხვედრები, მის თამაშზე სათანადოდ აისახა და მოცემული მომენტისთვის საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონში მოთამაშე ერთადერთმა ქართველმა უკანახაზელმა, ქართველ ბექებს კარგი რეპუტაცია შეუქმნა. სამწუხარო ისაა, რომ მის „აჟენს“ მიმდინარე სეზონის შედეგების მიხედვით ტოპ 14-ის დატოვება მოუწევს.
მიმდინარე სეზონის ტოპ 14-ის გათამაშებაში, მჭედლიძემ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქედან 12 შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში იყო, ჯამში მოედანზე 933 წუთი გაატარა და გაიტანა 6 ლელო. ეს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია ქართველ ლეგიონერებს შორის.
25 ტურის შემდეგ ტოპ 14-ის საუკეთესო ლეგიონერების სიას 14 ლელოთი „მონპელიეს“ ფიჯელი ცენტრი ტიმოსი ნაგუსა ლიდერობს, 11 ლელოთი მეორე „კასტრის“ სამოელი ლეგიონერი დევიდ სმიტი, ხოლო მესამე-მეექვსე ადგილებს 9-9 ლელოთი გაეკ ფიკუ, მარვინ ოკონორი, ჯოშუა ტუისოვა და ალექს ტულუ იყოფენ. მჭედლიძეს დარად 6 ლელო 10 მორაგბის ანგარიშზეა და ისინი მე-15-25-ე ადგილებს იყოფენ. მათ შორის არიან სტეფონ ერმიტეიჟი, სებასტიან ბეზი, იოჰან გუსენი, დრიუ მიჩელი და ნოა ნაკაიტაკი. ქართველ მგეზავს ერთი ლელოთი ჩამორჩება ადამ ეშლი-კუპერი.
სულ ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში ლელო 186-მა მორაგბემ დადო. 5 ივნისს სეზონის დასკვნით მატჩში „აჟენი“ „ოიონას“ მასპინძლობს და არაა გამორიცხული, მჭედლიძემ მელელოვეთა სიაში კიდევ უფრო წინ წაიწიოს.
აღსანიშნავია, რომ თაზომ ექვსიდან 3 ლელო „პო“-ს დაუდო - პირველ ტურში დუბლი შეასრულა და მეორეში მათი ჩათვლის მოედანი კიდევ ერთხელ დალაშქრა. გთავაზობთ ქართველი გარემარბის ტოპ 14-ის წლევანდელი სეზონის ექვსი ლელოს:
7 ნოემბერი. VIII ტური. პო - აჟენი 33:31. პირველი ლელო
7 ნოემბერი. VIII ტური. პო - აჟენი 33:31. მეორე ლელო
26 მარტი. XIX ტური. აჟენი - მონპელიე 21:45
2 აპრილი. XX ტური. აჟენი - პო 26:33
8 მაისი. XXIII ტური. ტულუზი - აჟენი 52:19
28 მაისი. XXV ტური. სტად ფრანსე - აჟენი 28:26
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საღოლ თაზო საღოლ ! ასეთ მაგარ უკანახაზელს ალბათ ვნატრობდით ცოტა ხნის წინ.. ასე მგონია დარჩება ტოპ 14 ში იმედია რომელიმე გრანდში..
ამას რო ცოტა უკეთესი გუნდი ყოლოდა ერთი მაგდენ კიდე დადებდა მემგონი წელს პრაქტიკულად ყველაზე ნაკლები ლელო დადო წელს მაგისმა გუნდმა