ევროპის სერია

15:04 | 1.06.2016 | ნანახია 2377 - ჯერ

7-კაცა მოსკოვში მიდის

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები ხვალ გამთენიისას რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიემგზავრება, სადაც 4-5 ივნისს ევროპის გრან პრის სერიის პირველი ეტაპი გაიმართება.

გრან პრი სამი სერიისგან შედგება და მოსკოვის შემდეგ, ივლისში ორი დასკვნითი ეტაპი იქნება - 9-10 ივლისს ინგლისში, ექსეტერში და 16-17 ივლისს პოლონეთში, გდანსკში. თითოეულ ეტაპზე დაკავებული ადგილების მიხედვით, გუნდებს ქულები ენიჭებათ და სამი ეტაპის შემდეგ საერთო ცხრილი შედგება, სადაც საუკეთესო მაჩვენებლის მქონე გუნდი ევროპის ჩემპიონად გამოცხადდება.

საქართველოს ნაკრების მიზანი ევროპის გრან პრიდან ჰონკონგის ტურნირის საგზურის მოპოვებაა. წელიწადში ერთხელ, ჰონკონგში ტარდება მსოფლიო სერიის შესარჩევი ტურნირი და იქ მოსახვედრად საჭიროა, რომ კახა ალანიას შეგირდებმა მსოფლიო სერიის მონაწილე ევროპული გუნდების შემდეგ პირველი, ან მეორე ადგილი დაიკავონ. ევროპის გრან პრის 12 მონაწილე გუნდიდან მსოფლიო სერიაზე საფრანგეთი, ინგლისი, უელსი, რუსეთი და პორტუგალია თამაშობენ.

რადგან წლევანდელი სეზონი ოლიმპიადისაა, ევროპის გრან პრიზე ინგლისისა და უელსის ნაცვლად დიდი ბრიტანეთის ორი გაერთიანებული ნაკრები თამაშობს. მოსკოვში ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მეტოქეები სწორედ ბრიტანეთი 1, მსოფლიო სერიის მონაწილე მასპინძელი რუსეთი და ლიტვა იქნებიან. სულ 12 გუნდი სამ ჯგუფშია გადანაწილებული, პირველი დღე ჯგუფური ეტაპისაა და საკვალიფიკაციო ხასიათს ატარებს. ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასულები, ასევე ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი მეორე დღეს თასისთვის, მეოთხედფინალებში ითამაშებენ, ხოლო ჯგუფის ნაბოლარები და ერთიც უარესი მესამეადგილოსანი IX-XII ადგილებს გაითამაშებენ.

საქართველოს ნაკრებმა მოსკოვში გამგზავრებამდე ორ მოსამზადებელ ტურნირში ითამაშა - საფრანგეთში „ჰინთონ სევენსზე“ და ჰოლანდიაში, „ამსთერდამ სევენსზე“. გუნდი გრან პრის პირველ ეტაპზე ოპტიმალური შემადგენლობით ვერ მიემგზავრება, რადგან ტრავმირებული მოთამაშეების გარდა ეროვნულ გუნდში გამოძახებულ მორაგბეებსაც მოისაკლისებს. განვლილ ორ უქმეებზე ამხანაგურ ტურნირებში თამაში მიზნად სწორედ არსებულ სიტუაციაში საუკეთესო შემადგენლობის შერჩევას ისახავდა.

მოსკოვში ექვსი ისეთი მოთამაშე მიდის, რომლებმაც ორივე მოსამზადებელ ტურნირზე იბურთავეს - ალექსანდრე ხუციშვილი, დავით ლოსაბერიძე, რევაზ ჯინჯიხაძე, იოსებ მათიაშვილი, მამუკა ნინიძე, იოსებ კიკვაძე. შემადგენლობაში „ამსთერდამ სევენსზე“ ნაბურთავები გუნდიდან 10 მორაგბე მოხვდა და მათ ლევან გოგოლაშვილი და მეთ ჯეინი დაემატა, რომლებიც საფრანგეთში იყვნენ, ჰოლანდიაში არა. 12-კაცა გუნდში ორი ლეგიონერია - ინგლისიდან მეთ ჯეინი და რუმინეთიდან ბიძინა სამხარაძე.

საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპს ბრიტანელებთან მატჩით გახსნის, მერე რუსეთს ეთამაშება, ხოლო დღის ბოლო მატჩს ლიტვასთან გამართავს და ამის შემდეგ პლეი ოფში ქართველთა ბადე და პირველი მეტოქეც გაირკვევა.

7-კაცას შემადგენლობა ევროპის გრან-პრის სერიების მოსკოვის ეტაპისთვის: ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, თბილისი), მამუკა ნინიძე (ჯიქი, გორი), ნიკა გიგაური (არმაზი, თბილისი), ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები, ბოლნისი), დავით ლოსაბერიძე (აია, ქუთაისი), ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე, რუმინეთი), რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი, გორი), მეთ ჯენი (ოქსფორდი, ინგლისი), რევაზ ჯინჯიხაძე (ჯიქი, გორი), იოსებ კიკვაძე (აია, ქუთაისი), იოსებ მათიაშვილი (აკადემია, თბილისი).

სამწვრთნელო შტაბი: კახაბერ ალანია (მწვრთნელი), ზაზა ლეჟავა (მწვრთნელი), ალექსანდრე ნიჟარაძე (მენეჯერი), ვახტანგ წიკლაური (ექიმი), გიორგი სვანიძე (ფიზიო).

A ჯგუფი

საფრანგეთი

პორტუგალია

დიდი ბრიტანეთი 2

პოლონეთი

B ჯგუფი

ესპანეთი

გერმანია

ბელგია

იტალია

C ჯგუფი

დიდი ბრიტანეთი 1

რუსეთი

ლიტვა

საქართველო

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

4 ივნისი

დიდი ბრიტანეთი 1 - საქართველო (11:44 თბ.დრ.)

რუსეთი - საქართველო (15:50 თბ.დრ.)

ლიტვა - საქართველო (17:44 თბ.დრ.)

5 ივნისი. პლეი ოფები


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.098295