20-წლამდელები

13:23 | 1.06.2016 | ნანახია 2065 - ჯერ

U20: ტურნირამდე ერთი კვირით ადრე

"უმცროსი ბორჯღალოსნები" 30 მაისს მანჩესტერში ჩავიდნენ და ადგილზე აგრძელებენ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას, რომელიც სტარტს 7 ივნისს აიღებს. პირველ დღეს სამწვრთნელო შტაბმა მგზავრობის შემდეგ ნაკრები დაასვენა და მთელი დღე აღდგენას დაეთმო.

ჩვენი გუნდი მანჩესტერთან ახლოს, პატარა ქალაქ ვორინგთონში დასახლდა და სავარჯიშო ბაზა იქვე ახლოს მდებარე რაგბის კლუბ "ვიდნესში" (Widnes RUFC) აქვს. გუშინ საღამოს ნაკრებმა პირველად ივარჯიშა მინდორზე.

"თბილისში შეკრება რომ დავასრულეთ ტესტებმა გვანახა, რომ გუნდი კარგ ფორმაშია. მორაგბეებს მაღალი მაჩვენებლები აქვთ, როგორც გამძლეობის კუთხით, ასევე სისწრაფეში. გვინდა ბიჭებმა მგზავრობის შემდეგ სრული რეაბილიტაცია გაიარონ, ამიტომ პირველი ვარჯიში საშუალო ინტენსივობის იქნება" - განაცხადა 20-წლამდელთა ფიზ-მომზადების მწვრთნელმა გიორგი ნადარეიშვილმა.

ვარჯიშზე სამწვრთნელო შტაბმა მორიკენალები და ხაზის მოთამაშეები ცალ-ცალკე ავარჯიშეს, რა დროსაც გუნდმა ფაქტობრივად თბილისური შეკრების პროგრამა გაიხსენა. შემდეგ, ერთობლივად კონტაქტის გარეშე, გარკვეულ სათამაშო კომპონენტების დახვეწას დაეთმო დრო.

"დღევანდელი ვარჯიშის თემას შეტევა წარმოადგენდა და მნიშვნელოვანია, რომ გორგაძე და ჯავახია შემოგვიერთდნენ, რომლებმაც ეს სისტემა გუნდთან ერთად პრაქტიკაში გაიარეს. შემიძლია ვთქვა, რომ თბილისური შეკრების შემდეგ, დასვენების რამდენიმე დღემ დადებითად იმოქმედა ბიჭებზე. დღეს ყველამ კარგად ივარჯიშა და გეგმის მიხედვით მივდივართ" - თქვა ვარჯიშის შემდეგ "უმცროსი ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა ზურა ამონაშვილმა.

დღეიდან 20-წლამდელები დღეში ორჯერ ივარჯიშებენ. ტურნირი 7 ივნისს დაიწყება. "უმცროსი ბორჯღალოსნების" მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს თიბისი ბანკი და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლი მეორე არხზე შემოგვთავაზებენ.

ჯგუფური ეტაპის მატჩების განრიგი:

7 ივნისი - ახ. ზელანდია - საქართველო, 22:45 სთ. ეი ჯეი ბელ სთედიუმი;

11 ივნისი - უელსი - საქართველო, 18:45 სთ. მან. სითის აკადემიის სტადიონი;

15 ივნისი - ირლანდია - საქართველო, 20:30 სთ. მან. სითის აკადემიის სტადიონი;

ტურნირი ჯგუფური ეტაპით არ სრულდება, რადგან 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა ადგილი თამაშდება. 20-წლამდელებს კიდევ ორი მატჩი ელით და მომავალი მეტოქეები ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:18 | 01.06.2016
shakooo7 (17)

იქნებ ირლანდიას დავადოთ

0.10204