სონი ბილი უილიამსმა ახალი ზელანდიის რაგბის კავშირთან ახალი, 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2019 წლის ბოლომდე „ოლ ბლექსში“ თამაშის შანსი ექნება. გარდა ამისა, მან ამავე პერიოდით გააფორმა კონტრაქტი სუპერ რაგბის ახალზელანდიურ კლუბ „ბლუზთან“.
30 წლის უილიამსს „ოლ ბლექსის“ კვართით 33 თამაში აქვს ჩატარებული, გაიტანა 9 ლელო და ორჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. გარდა ამისა, ის მიმდინარე სეზონში ქვეყნის 7-კაცა ნაკრებსაც შეუერთდა და მსოფლიო სერიის 6 ეტაპზე მიიღო მონაწილეობა. ის ნაკრები გუნდების ღირსებას მომდევნო სამი წელიწადი დაიცავს და პარალელურად, „ბლუზისთვისაც“ გაირჯება.
ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი სტივ ტიუ ამბობს: „ეს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი ახალზელანდიური რაგბისთვის. უწინარესად, მადლობა სონის ერთგულებისა და წესიერებისთვის, რომელიც მან ამ მოლაპარაკების პროცესში გამოავლინა. კარგია როდესაც იცი, სად ითამაშებს შენი საუკეთესო მოთამაშე მომდევნო სამი წლის განმავლობაში. მას აქვს დიდი სურვილი, რომ იყოს 7-კაცა „ოლ ბლექსის“ წევრი, სადაც მას დებიუტი ამ სეზონში ჰქონდა. ეჭვგარეშეა, სონი განსაკუთრებული ადამიანია. 2010 წლიდან, როდესაც მან პირველი კონტრაქტი გააფორმა ახალი ზელანდიის რაგბის კავშირთან, ძალიან ბევრი რამ გააკეთა როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. მისი გავლენა უზარმაზარია, განსაკუთრებით ბავშვებზე, რომელთაც სურთ რაგბი ისევე ითამაშონ, როგორც სონი თამაშობს“.
„ოლ ბლექსის“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა დაამატა: „ეს ძალიან კარგი სიახლეა ახალი ზელანდიური რაგბისთვის. ჩვენ შეგვიძლია მომდევნო სამი წლის განმავლობაში მისი იმედი გვქონდეს. სონი უდიდესი ნიჭით დაჯილდოვებული სპორტსმენია, ნამდვილი პროფესიონალი, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. მან ჩვენს ცენტრს სტაბილურობა შესძინა და გვეძლევა საშუალება, უმაღლესი დონის კომბინაციები დავამუშაოთ. მისი პროფესიონალიზმი მთელს გუნდს გადაედება და ეს უმნიშვნელოვანესია“.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ესეთი სიახლეები უფრო მეტი დადეთ რა...