საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბე, „ბრივის“ ვეტერანი ბურჯი გოდერძი შველიძე მოთამაშის კარიერას ასრულებს.
მარცხენა ბურჯს, რომელიც აპრილში 38 წლის ხდება და „ბრივში“ 2012 წლიდან თამაშობს, კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონი აკავშირებს, თუმცა ამ კონტრაქტით აღარ ისარგებლებს და თამაშს თავს დაანებებს. „ბრივამდე“ შველიძე საფრანგეთში „ბეზიეში“, „კლერმონში“, „მონტობანსა“ და „მონპელიეში“ თამაშობდა. მიუხედავად ასაკისა, მიმდინარე სეზონში მან ტოპ 14-ის შვიდ და ჩელენჯ ქაფის ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
რადგან ამ კვირაში კონტრაქტების განახლების თუ გაფორმების პერიოდი იყო, ცნობილი გახდა ამ გუნდის სხვა ქართველი მორაგბეების ბედიც. გიორგი ჟღენტი გუნდში აღარ დარჩება და ახალ ვარიანტს მოძებნის.
სამაგიეროდ, კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა „ბორჯღალოსნების“ ბურჯმა კარლენ ასიეშვილმა, რომლის მოქმედ ხელშეკრულებასაც ვადა წელს, ივნისში ეწურებოდა. 28 წლის ქართველი ამ გუნდში 2013 წლიდან თამაშობს და სამი სეზონის განმავლობაში ტოპ 14-ში ჩატარებულ 52 მატჩში 4 ლელო გაიტანა.
ცნობილია, რომ მომავალი სეზონიდან „ბრივს“ შეუერთდება საქართველოს ნაკრების 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე, რომლის კონტრაქტიც 2019 წლამდე იმოქმედებს, შეთანხმების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. „არმაზის“ ახალგაზრდა მორაგბემ მსოფლიო თასზე საუკეთესოდ წარმოაჩინა შესაძლებლობები, მაგრამ მერე კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე მგეზავად გადაინაცვლა, თუმცა საფრანგეთში ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდება და ეს ნაკრებსაც წაადგება.
ამასობაში ლობჟანიძე ცნობილი სარაგბო ატრიბუტიკის მწარმოებელი კომპანიის, Rhino-ს წარმომადგენელი გახდა და გაიყიდება ბურთები, რომელსაც მისი სახელი აწერია.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია