საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები შუაღამისას ინგლისში, მანჩესტერში გაემგზავრა, სადაც ასაკობრივ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.
„უმცროსი ბორჯღალოსნები“ უკვე ადგილზე არიან და დღეს დაისვენებენ, ხვალიდან კი, მზადებას გააგრძელებენ.
საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 7 ივნისს, მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან გამართავს, 11-ში 20-წლამდელთა ექვსი ერის „დიდი სლემით“ მომგებ უელსს შეხვდება, ხოლო 15-ში ირლანდიასთან ჯახით ჯგუფურ ეტაპს დაასრულებს და პლეი ოფში გადაერთვება.
20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატში 12 გუნდი მონაწილეობს და ისინი 4-4-გუნდა სამ ჯგუფში არიან გადანაწილებული. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული და ერთიც საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის ნახევარფინალში გადის; დანარჩენი ორი მეორეადგილოსანი და ორი უკეთესი მესამეადგილოსანი V-VIII ადგილებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას; ხოლო უარესი მესამეადგილოსანი და სამი ბოლოადგილოსანი IX-XII ადგილებს გაითამაშებენ.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო ადგილზე გასული გუნდი, გაისად „ალაფაზე“ დაქვეითდება, ოღონდ ეს არ ეხება საქართველოს, რადგან 2017 წელს 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო მასპინძლობს. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს ნაკრების ხუთივე თამაშის, ასევე ფინალური შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს შემოგვთავაზებს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გაიხარეთ და გაგვახარეთ ბიჭებო ! ! !
წარმატებები ლომებს
აბა ჰე და აბა ჰო