საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა, საფრანგეთში „ჰოვარდ ჰინთონ სევენსზე“ ბურთაობიდან ერთი კვირის თავზე, გასულ უქმეებზე კიდევ ერთ საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე, „ამსტერდამ სევენსზე“ ითამაშა და ხუთიდან ოთხი შეხვედრა მოიგო.
პირველ დღეს ქართველმა მოშვიდკაცეებმა გერმანული TGS Hausen Rugby Lions-ი 43:0, ჰოლანდიური RC The Bassets-ი 45:0 და ინგლისური ISC Lemurs 7s-ი 50:7 დაამარცხეს. მეორე დღეს მეტოქეები ბევრად უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ და ბრიტანულ TenIct Rhino-სთან 28:12 მოგების შემდეგ, კენიის მზარდ ნაკრებთან ერთი გარდასახვით, 12:14 დამარცხდნენ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის და ამსტერდამის ტურნირები მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა ევროპის გრან-პრის სერიის პირველი ეტაპისთვისდ, რომელსაც რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი 4-5 ივნისს უმასპინძლებს. სამწვრთნელო შტაბმა განვლილ ტურნირებზე სხვადასხვა შემადგენლობები მიავლინეს, რათა კანდიდატები საქმეში ეხილათ და მოსკოვში წასასვლელად საუკეთესოები შეერჩიათ. ახლა გუნდი ოფიციალური ტურნირისთვის „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე მოემზადება, მანამდე კი, მზადებაზე და სამომავლო გეგმებზე მთავარი მწვრთნელი კახა ალანია გვიყვება:
„ჯერ-ჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. საფრანგეთის მსგავსად, ამსტერდამის ტურნირიც გრან-პრის სერიების წინ კარგი მოსამზადებელი ეტაპი იყო. ცუდი ისაა, რომ ამსტერდამში ტრავმა მიიღო იოსებ კიკვიძემ, რომელსაც მოსკოვის ეტაპისთვის შემადგენლობაში მოვიაზრებდით. მოსკოვში ვერ წამოვლენ ის ბიჭებიც, რომლებიც ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობამ კუნძულებზე გასამგზავრებლად გამოიძახა, ხოლო გიორგი შკინინი და გიორგი ტალახაძე ტრავმების გამო დაგვაკლდებიან.
ამსტერდამის ტურნირზე პირველ დღეს სუსტი მეტოქეები გვყავდა და სამივე თამაში დამაჯერებლად მოვიგეთ. მეორე დღეს დასანი მარცხი განვიცადეთ კენიასთან. სულ 5 თამაში ჩავატარეთ და მოსამზადებელი ეტაპისთვის ეს სრულიად საკმარისია. ბიჭებმა ბევრი ირბინეს და ივარჯიშეს. ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ ფორმის პიკში ვიყოთ ივლისში, როდესაც გრან პრის დასკვნითი ორი ეტაპი გაიმართება ინგლისსა და პოლონეთში.
გუნდი ამსტერდამიდან დღეს ბრუნდება, დაისვენებენ და ხვალიდან აქ დარჩენილ ბიჭებთან ერთად ვარჯიშს გავაგრძელებთ“.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ბრიტანეთი 1, მასპინძელი რუსეთი და ლიტვა არიან. პირველ სათამაშო დღეს ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრა გაიმართება და დაკავებული ადგილის მიხედვით, მეორე დღისთვის მეტოქეები გაირკვევა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია