ტესტ-მატჩები

22:39 | 29.05.2016 | ნანახია 1634 - ჯერ

„ოლ ბლექსში“ ექვსი ახალწვეულია

ახალი ზელანდიის ნაკრების თავკაცმა ივნისის ტესტ-მატჩებისთვის გამოძახებულთა სია დაასახელა. „ოლ ბლექსის“ რაზმში ექვსი ისეთი მოთამაშეა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონების შავ მაისურს პირველად მოირგებენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, მწვრთნელს შეუმჩნეველი არ დარჩა ახალგაზრდა ფულბეკ დამიენ მაკკენზის პროგრესი და გამოძახებულთა შორის მისი გვარიცაა. „ჩიფსის“ 21 წლის მორაგბე სუპერ რაგბის წლევანდელ სეზონში ლელოებისა და დაგროვილი ქულების მხრივ ლიდერებს შორისაა.

მაკკენზის გარდა „ოლ ბლექსში“ კიდევ ხუთი დებიუტანტია: სეტა ტამანივალუ (ჩიფსი), არდი სავეა (ჰარიქეინსი), ელიოტ დიქსონი, ლიამ სქუეარი (ორივე ჰაილენდერსი) და ოტა ტუუნგაფასი (ბლუზი).

32-კაციან სიაში ორი მორაგბე ტრავმის გამო ვერ მოხვდა, ჰავბეკ ტიჯეი პერენარას კოლეგა ტავერა კერ-ბარლოუ ჩაანაცვლებს, ხოლო მხტომელ ტომ ფრანკლინის ნაცვლად სემ ვაიტლოკს ვიხილავთ.

„ყველა გამოძახებულ მორაგბეს სიაში მოხვედრას ვულოცავ, განსაკუთრებით მათ, ვინც პირველად მოირგებს „ოლ ბლექსის“ მაისურს და მათ, ვინც ნაკრებს უბრუნდება - მათი ოჯახები ამით უნდა ამაყობდნენ. ძალიან ბევრი ადამიანი ელოდა 2016 წელს ჩვენს პირველ შემადგენლობას, ზოგი ფიქრობს, რომ ბრწყინვალედ ჩატარებული გასული წლის შემდეგ, ჩვენს ნაკრებში პრობლემები იქნება და ჩამოვიშლებით, თუმცა, ჩვენ არ ვიზიარებთ ამ შეხედულებას. გარწმუნებთ, ამ მორაგბეებმა იციან, რომ ეს მათი შანსია და მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ“ - აცხადებს ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტივ ჰანსენი.

მსოფლიო თასის დასრულებისთანავე ვარსკვლავთა მთელი ჯგუფის წასვლის შემდეგ, „ოლ ბლექსის“ რაზმი გაახალგაზრდავებულია, 32 მოთამაშის საშუალო ასაკი 25 წელს არ აღემატება.

ახალზელანდიელები ივნისში სამ ტესტ-მატჩს შინ, უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. მატჩები 11 ივნისს ოკლანდში, 18 ივნისს ველინგტონში, ხოლო 25 ივნისს დანედინში შედგება.

„ოლ ბლექსის“ რაზმი ივნისის ტესტებზე:

შერკინება: დენ კოულსი, ნათან ჰარისი, უაიტ კროკეტი, ჩარლი ფაუმუინა, ოუენ ფრენკსი, ჯო მუდი, ოტა ტუუნგაფასი, ბროდი რეტალიკი, ლუკ რომანო, პატრიკ ტუიპულოტუ, სემ ვაითლოქი, სემ ქეინი, ელიოტ დიქსონი, ჯერომი კაინო, ქირან რიდი (კაპ.), არდი სავეა, ლიამ სქუეარი;

ხაზი: ტავერა ქერ-ბარლოუ, აარონ სმიტი, ბოდენ ბარეტი, აარონ კრუდენი, ლიმა საპოაგა, რაიან კროტი, მალაკაი ფეკიტოა, ჩარლი ნგეტაი, სეტა ტამანივალუ, ისრაელ დეგი, დამიენ მაკკენზი, ვაისაკე ნაჰოლო, ჯულიან სავეა, ბენ სმიტი.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088777