ტესტ-მატჩები

21:02 | 29.05.2016 | ნანახია 1613 - ჯერ

ინგლისელთა ხუთი ლელო უელსისთვის

წლევანდელი ზაფხულის ტესტ-მატჩების სერია დღეს, „თვიქენჰემზე“ ინგლისისა და უელსის ნაკრებების შეხვედრით გაიხსნა. გუნდებს სამხრეთული ტურები ელით - ინგლისს ავსტრალიაში, ხოლო უელსს ახალ ზელანდიაში და მანამდე ძალები ერთმანეთთან მოსინჯეს.

„დრაკონებმა“ პირველ ტაიმში ლუთერ ბარელისა და ენტონი უოტსონისგან ორი ლელო მიიღეს, მაგრამ რობ ევანსის ლელოთი და დენ ბიგარის დარტყმებით საწყისი 40 წუთის შემდეგ ლიდერობა შეინარჩუნეს. თუმცა, მატჩის განახლებიდან 10 წუთში, ბენ იანგსმა და ჯეკ კლიფორდმა ორი ლელო გაიტანეს და ინგლისელებს დამაჯერებელი ლიდერობა მოუპოვეს, ხოლო მარლენდ იარდმა სტუმრებს საქმე მოუმთავრა - 27:13.

გარდა მარცხისა, უელსმა ტრავმის გამო დენ ლიდიეტი დაკარგა, რომელიც პირველსავე ტაიმში შეცვალეს, ხოლო ინგლისს ჯორჯ ფორდმა არ გაუმართლა. მან შვიდი დარტყმიდან ექვსი გააფუჭა, ჯამში 14 ქულა გაანიავა და ხშირ შემთხვევაში ასეთი რამ დაუსჯელი არ რჩება. ზელანდიაში გამგზავრებამდე, „დრაკონებისთვის“ საგანგაშო უნდა იყოს არცთუ ძლიერი შემადგენლობით მოთამაშე ინგლისისგან 5 ლელოს გაშვება და თანაც ისე, რომ მეორე ტაიმში თავად ქულაც ვერ აიღეს.

თამაში ორივე გუნდმა მნიშვნელოვანი დანაკლისით დაიწყო. ამ მხრივ განსაკუთრებით ბევრი მორაგბე მასპინძლებს აკლდათ, რადგან ინგლისის პრემიერშიპის ფინალი გუშინ გაიმართა და „სარასენსისა“ და „ექსეტერის“ მორაგბეები საკუთარი ქვეყნის დროშის ქვეშ ფიზიკურად ვერ ითამაშებდნენ. დებიუტში დენ ბიგარმა ჯარიმით 3 ქულის აღებას ლელოზე თამაში არჩია და ამან გაამართლა, რობ ევანსმა ლელო დადო, ბიგარმა გარდასახა და სტუმრები 7:0 დაწინაურდნენ, ხოლო მე-13 წუთზე ბიგარმა ჯარიმით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

ინგლისმა პირველი ქულების აღება ჯარიმით სცადა, მაგრამ ფორდმა ერთი შეხედვით 100%-იანი შანსი ხელიდან გაუშვა. ამასობაში გახსნილი თამაში გახურდა, ორივე გუნდს ხშირად მოსდიოდა თერნოვერი და მრავლად იყო კონტრშეტევები. ტაიმის შუაში ბარელიზე ბოჭვა ცუდად შესრულდა და მანაც ბურთი ლელოს ხაზს მიაწვდინა, მაგრამ ფორდს ამჯერად იოლი გასატანი გარდასახვა გაუცუდდა. უელსმა ჯარიმით უპასუხა, თუმცა ინგლისი ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა და მალე მეორე ლელოც გავიდა. მარცხენა ფრთაზე ფორდისა და ჯონათან ჯოზეფის მეცადინეობით ენტონი უოტსონს სივრცე გამოუთავისუფლდა, გარემარბი სისწრაფეში ლიამ უილიამსის ბოჭვას გაექცა და მართალია ხუთმეტრიანში მაინც დასცეს, მაგრამ ბურთი ხელუკუღმა ჩათვლის ხაზს მიაწვდინა. გარდასახვა კვლავ არაზუსტი იყო და ტაიმი 10:13 დასრულდა.

თამაშის განახლებიდან 4 წუთში ბენ იანგსმა ინგლისი დააწინაურა. ლელოდან დაახლოებით 12 მეტრში დერეფნის მოგების შემდეგ, გადაცემა სწორედ მას მიუვიდა, მცველებს შორის გაძვრა და ინგლისელთა მესამე ლელო გაიტანა. მალე მეოთხე ლელოს ჯერი დადგა, დილან ჰარტლიმ ცენტრალურ ხაზთან გადაცემა ჩაჭრა, ბურთი ჯეკ კლიფორდმა აიტაცა და 50 მეტრი ირბინა. უელსელები თვლიდნენ, რომ ჩაჭრისას ჰარტლის ხელიდან ბურთი წინ წავიდა, მაგრამ ვიდეო-რეფერიმ სხვაგვარად განსაჯა და როგორც იქნა, ფორდმაც გაიტანა.

საათის თავზე უელსს მორიგი თერნოვერი შეემთხვა, ამჯერად რის უებს ფეხით თამაშისას დაუფარეს, უოტსონმა მარცხენა ფლანგზე უილიამსს გადაუარა, მაგრამ ლელოდან 2 მეტრში შეაჩერეს, მერე ბურთი მარჯვენა კიდემდე ჩათამაშდა და ლელოში იარდი შევიდა. მორიგი გარდასახვის შემდეგ ფორდმა ჯარიმაც გააცუდა, ჯამში 14 ქულა გაანიავა და საბოლოოდ ინგლისმა 27:13 იმარჯვა.

შემადგენლობისა და თამაშის ხარისხის გათვალისწინებით, ინგლისმა უჩვეულოდ იოლად იმარჯვა. პარალელურად, ინგლისის ნაკრებში, „თვიქენჰემზე“ შეკრებილი 80 ათასი მაყურებლის წინაშე დებიუტი ჰქონდათ ტომი ტეილორს, ელის ჯენჯს და ოლი დევოტოს. 11 ივნისს უელსი უკვე ახალ ზელანდიას, ხოლო ინგლისი ავსტრალიას ეთამაშება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
2.333351