კელტების ლიგა

13:34 | 29.05.2016 | ნანახია 1582 - ჯერ

პირველად - „კონახტი“ პრო 12-ის ჩემპიონია!

ირლანდიური „კონახტი“ გახდა მეშვიდე გუნდი, რომელმაც 2001 წელს დაარსებული კელტების ლიგა, იგივე პრო 12 მოიგო. ირლანდიელების, უელსელების, შოტლანდიელების და იტალიელების გაერთიანებულ ჩემპიონატში მონაწილე 4 ირლანდიური კლუბიდან, ის ერთადერთი იყო, რომელსაც აქამდე ჩემპიონობა არ ეზეიმა.

„კონახტს“ 131-წლიანი არსებობის მანძილზე მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არასდროს მიეღწია. სამჯერ ირლანდიის პროვინციების ჩემპიონობა, მათგან ბოლო 1965 წელს, აი ასეთი იყო „კონახტის“ მონაგარი, ახლა კი, ის უკვე კელტების ლიგის ღირსეული ჩემპიონია.

პეტ ლემის შეგირდებმა მიმდინარე სეზონი კარგად ჩაატარეს და რეგულარული პირველობის დიდი ნაწილი, სატურნირო ცხრილს ლიდერობდნენ. ბოლოსკენ თითქოს მათ პოზიციები დათმეს, გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულეს და პირველობა „ლენსტერს“ დაუთმეს, მაგრამ ჯერ ნახევარფინალი მოიგეს იმ მომენტში მოქმედ ჩემპიონ „გლაზგოსთან“, გუშინ კი, ფინალში ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, ასევე ირლანდიური „ლენსტერი“ 20:10 დაამარცხეს.

პრო 12-ის ფინალების ისტორიაში, წელს ედინბურგში, „მარიფილდზე“ სარეკორდო რაოდენობის მაყურებელი მივიდა - 34 550. „კონახტმა“, რომელიც ფინალში პირველად თამაშობდა, ძალიან ძლიერი დაცვა ითამაშა და როდესაც შეტევაში წასვლის შანსი გაუჩნდა, ლელო გაიტანა. თავი ტერნან ოჰალორანმა მე-12 წუთზე გამოიჩინა, ხოლო ნიუი ადეოლუკუნმა ტაიმის შუაში მეტოქე მეორედ დაალელოვა. ალან მაკგინტმა ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა და მერე ჯარიმა გაიტანა - 15:0.

მეორე ტაიმის დებიუტში ჯონათან სექსტონმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა და „ლენსტერი“ მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდა, მაგრამ კვლავ გმირულ დაცვას წააწყდა და 56-ე წუთზე მეტიუ ჰეილისგან მესამე ლელო გაუშვა - 3:20. „ლენსტერმა“ კრონინის ლელოთი 66-ე წუთზე უპასუხა და სექსტონმაც გარდასახა. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდამდე რამდენიმე წუთით ადრე ნაიჯელ ოუენმა შეცდომა დაუშვა და „ლენსტერს“ ლელო უმიზეზოდ გაუუქმა. მიუხედავად მეტოქის თავდაუზოგავი მცდელობებისა, „კონახტის“ დაცვა აღარ გატყდა, 20:10 იმარჯვა და ღირსეული ჩემპიონობის ზეიმს შეუდგა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.096934