ინგლისი

11:48 | 29.05.2016 | ნანახია 2279 - ჯერ

აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ - ყველგან „სარასენსია“!

საქართველოში „ლელო-სარასენსი“, რუმინეთში „ტიმიშოარა-სარასენსი“, ორი კვირის წინ ჩემპიონთა თასზე და ახლა უკვე ინგლისის პრემიერშიპში ლონდონის „სარასენსი“ - მოკლედ, ეს კლუბი და მისი შვილობილები ყველგან ჩემპიონები არიან!

საქართველოს ჩემპიონის მეგობარმა კლუბმა ინგლისის ჩემპიონატის უმეტესი ნაწილი სატურნირო ცხრილის სათავეში გაატარა და ლოგიკურია, რომ ფინალურ მატჩშიც იმარჯვა. „ექსეტერთან“ მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველსავე ტაიმში, უფრო ზუსტად მის მიწურულს, სამწუთიან ინტერვალში გადაწყდა, როდესაც ორი ლელო გაიტანა და 23:3 დაწინაურდა. 2010 წლიდან დღემდე „სარასენსი“ მესამედ გახდა ინგლისის ჩემპიონი და ბოლო ორ შემთხვევაში ზედიზედ.

ფინალურ შეხვედრას 76 109 მაყურებელი დაესწრო და პირველ ტაიმში „ექსეტერი“ საკუთარ აჩრდილს გავდა. მეორე ნახევარში „ბელადებმა“ დაბრუნება სცადეს და ეს თითქმის გამოუვიდა, თუმცა ფინალურ სასტვენამდე 4 წუთით ადრე ალექს გუდმა მათი გარჯა ფუჭი გახადა. 28:20 - ასეთია ფინალური შედეგი და „სარასენსი“ გახდა მეხუთე გუნდი, რომელმაც ერთ სეზონში ჩემპიონთა თასიც მოიგო და ქვეყნის ჩემპიონობაც. ინგლისური კლუბებიდან ბოლოს მსგავსი შედეგი 2004 წელს, „უოსპსმა“ აჩვენა.

წლევანდელ ფინალში, საწყის 25 წუთში ოუენ ფარელის სამ ჯარიმას გარეთ სტეენსონმა ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხა. 33-ე წუთზე „ექსეტერის“ დაცვა ჩავარდა და ზედ კარის წინ ხაზი გაიჭრა, 22-ში განხორციელებული რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ფარელიმ მეტოქის ლელოსკენ ფეხით დაბალი ბურთი შეაცურა და დანკან ტეილორმა მეტოქის ჩათვლის მოედანში გაისეირნა. სამ წუთში „ექსეტერის“ დაცვა კვლავ მარჯვენა ფლანგზე ჩავარდა, კრის უაილზმა ლელოდან 45 მეტრში მიიღო გადაცემა, ბოჭვა რომ გაცუდდა ამერიკელი არ დაიბნა, ფეხზე წამოხტა და ლელომდე ირბინა. ფარელიმ ორივე გარდასახა, ზედ შესვენების წინ სტეენსონმა ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 23:6 დასრულდა.

17 ქულა რიგით თამაშშია დიდი უპირატესობა, არა თუ ფინალში, მაგრამ „ბელადებს“ უკან დასახევი გზა სად ჰქონდათ და მეორე ტაიმში სიტუაციის გამოსწორებას ეცადნენ. შეცვლაზე შესულმა პირველხაზელებმა შერკინებაში ჯერ ჯარიმა მოიპოვეს, მერე მოლმა კარგად იმუშავა და 52-ე წუთზე ჯეკ იანდლემ ერთი ლელო გაქვითა, ხოლო სტეენსონმა გარდასახა. 72-ე წუთზე „ექსეტერმა“ მარჯვენა ფლანგზე შეძლო უპირატესობის მოპოვება და ჯეკ ნოუელმა ალამთან ლელო დაამიწა, ხოლო სტეენსონმა კვლავ ზუსტად გარდასახა და სხვაობა 3 ქულამდე დავიდა. მაგრამ ოთხიოდე წუთში მარსელო ბოშისა და კრის ეშტონის სწრაფი გადაცემების შემდეგ, ალექს გუდი ლელოში შევიდა, საკუთარ გუნდს დასკვნით წუთებში ნერვიულობა აარიდა და „სარასენსმა“ 28:20 მოგებით ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.111154