ზე-18

21:29 | 28.05.2016 | ნანახია 1589 - ჯერ

„ჯვაროსნები“ კიდევ ერთხელ გალიდერდნენ (+ვიდეო)

დღევანდელი დღის პირველი მატჩი სუპერ რაგბიში ახალზელანდიის ქალაქ ოკლანდში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „ბლუზმა“ „კრუსეიდერსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 21:26 დამარცხდა. „ჯვაროსნებს“ გასამარჯვებლად განსაკუთრებული მოტივაცია ჰქონდათ, რადგან თუ მოიგებდნენ სატურნირო ცხრილის სათავეში კიდევ ერთხელ მოექცეოდნენ.

მატჩში პირველი ლელო მე-10 წუთზე სტუმართა ფიჯელმა გოლიათმა ნემანი ნადოლომ დადო - „ჯვაროსნებმა“ მეტოქის ოცდაორში ბურთი ცენტრიდან მარცხენა ფლანგზე ჩაათამაშეს, სადაც ოვალი ცოტა ხნით შეყოვნდა, თუმცა ნადოლომ ქირან რიდის პასი შეირგო და აუტის ხაზთან ახლოს დაამიწა, რიჩი მოანგამ ზუსტად გარდასახა- 0:7.

ხუთ წუთში ლელო ტანა უმაგას შეგირდებმაც დადეს, მათ „კრუსეიდერსის“ მორაგბეთა დაუდევრობით ისარგებლეს, მეტოქის ოცდაორში ბურთი მოიპოვეს და იჰაია ვესტს გადასცეს, რომელმაც ფინტების წყალობით ჩათვლის მოედანში შეღწევა შეძლო. გარდასახვა არაზუსტია, თუმცა ლელოს ავტორმა 31-ე წუთზე ჯარიმის გატანა მოახერხა- 8:7. ჯარიმას ჯარიმითვე უპასუხა „კრუსეიდერსის“ დამრტყმელმა რიჩი მოანგამ და თითქოს ტაიმი სტუმრების უპირატესობით უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბოლო მე-40 წუთზე მოგებული დერეფნის შემდეგ მასპინძელთა გარემარბმა მეტ დაფიმ ბურთი დაახლოებით ოცი მეტრით წაწია წინ, თანაგუნდელებმა მხარი აუბეს, მარცხენა ფლანგზე ჩაათამაშეს, სადაც ჯორჯ მოალამ დაამიწა, ვესტის გარდასახვა ზუსტია- 15:10.

შეხვედრის მეორე ნახევარი „ჯვაროსნებმა“ უკეთ ჩაატარეს. საწყის ათ წუთში გუნდებმა თითო-თითო ზუსტად შესრულებული ჯარიმა გაცვალეს. 62-ე წუთზე „კრუსეიდერსმა“ კიდევ ერთხელ, ამჯერად საბოლოოდ შეძლო წინ გასვლა- ჯორჯ მოალამ ცენტრში მიღებული ბურთი მეტოქის ოცდაორამდე ატარა, მანვე ოფლოუდი გამოცდილ ჰავბეკ ენდი ელისს ამოუგდო, რომელმაც ლელომდე მიღწევა მოახერხა, მოანგამ ზუსტად გარდასახა- 18:20. ამ უკანასკნელმა 71-ე და 76-ე წუთებზე ორი ჯარიმის გატანა მოახერხა და გუნდი რვა ქულით დააწინაურა. მასპინძლებმა მატჩის ბოლო წუთზე ერთი ჯარიმის გატანა მოახერხეს და საბოლოო შედეგი- 21:26 დააფიქსირეს.

მოგების შემდეგ „კრუსეიდერსს“ 45 ქულა აქვს და როგორც ახალი ზელანდიის კონფერენციას, ასევე საერთო სატურნირო ცხრილს ლიდერობს, ხოლო „ბლუზს“ 30 ქულა აქვს და საპლეიოფო მე-8 ადგილს ხუთი ქულა აშორებს.

დღის მეორე მატჩი კანბერაში შედგა, ავსტრალიელებმა იაპონურ „სანვულვზს“ უმასპინძლეს და დიდი სხვაობით 66:5 გაიმარჯვეს. როგორც მოსალოდნელი იყო, დებიუტანტი აზიელები „ბრამბისმა“ ორივე ტაიმში დაჩაგრა, მათ მეტოქეს ცხრა ლელო დაუდეს, როცა სტუმრებმა 67-ე წუთზე მხოლოდ ერთი ლელოს დადება მოახერხეს.

„ბრამბისმა“, რა თქმა უნდა, ბონუს-ქულაც მიიღო და საბოლოო ჯამში ხუთი ქულა დაემატა. ამით მან ავსტრალიის კონფერენციის ლიდერობა და, შესაბამისად, საერთო ცხრილის ოთხეულში ადგილი მოიპოვა. ხოლო „სანვულვზი“ 9 ქულით ბოლო, მე-18 ადგილზეა.

დაძაბული გამოდგა „სტორმერსსა“ და „ჩიტასს“ შორის გამართული სახმრეთაფრიკული დაპირისპირება. „ჩიტასმა“ მასპინძლებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მაინც დამარცხდა ანგარიშით- 31:24. „სტორმერსი“ გამარჯვების შემდეგ სამხრეთ აფრიკის კონფერენციაში გალიდერდა, სადაც მას მეტოქეობას „ბულსი“ უწევს, რომელიც დღეს „ლაიონსს“ მასპინძლობს. რაც შეეხება „ჩიტასს“, მას 17 ქულა აქვს და პლეი-ოფში მოხვედრის იმედი გადაწურული აქვს.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077971