ტესტ-მატჩები

14:23 | 28.05.2016 | ნანახია 1628 - ჯერ

სუპერ რაგბიდან შოტლანდიის ნაკრებში

სუპერ რაგბის სამხრეთ აფრიკულ კლუბ „სტორმერსის“ ცენტრი ჰიუ ჯონსი, შოტლანდიის ნაკრებთან ერთად ივნისის ტესტ-მატჩებზე, იაპონიაში მიემგზავრება.

ედინბურგში დაბადებული 22 წლის მორაგბე სამხრეთ აფრიკაში 2012 წელს სასწავლებლად წავიდა, კეიპტაუნის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და იქვე რაგბის თამაშს შეუდგა. მერე მას „ვესტერნ პროვანსში“ დაუძახეს და „ვოდაკომის თასზე“ თამაშობდა, ხოლო შარშან „სტორმერსის“ შემადგენლობაში სუპერ რაგბიში დებიუტი ჰქონდა და დღემდე პლანეტის ერთ-ერთ უძლიერეს ტურნირში 21 თამაში ჩაატარა. ჯონსმა ნაკრებში „გლაზგოელი“ ფინ რასელი უნდა შეცვალოს, რომელიც პრო 12-ის ნახევარფინალში, „კონახტთან“ მატჩში დაშავდა.

„მოხარული ვარ ასეთი შესაძლებლობა რომ მომეცა. ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი. ჩემი კარიერა თავბრუსდამხვევი ტემპით ვითარდება. სულ რამდენიმე წლის წინ იმის გაფიქრებაც კი მიჭირდა, რომ პროფესიონალი მორაგბე გავხდებოდი, ახლა კი, ნაკრებში ვარ გამოძახებული. სასიამოვნოდ გაოცებული ვარ“ - ამბობს ჯონსი.

თავის მხრივ, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვერნ კოტერი ამბობს: „მოხარულები ვართ ჰიუს დამატებით. მას მოუთმენლად ველით. გუნდში ძალიან დიდი კონკურენცია და ჯონსი ამ კონკურენციას კიდევ უფრო გაამძაფრებს“.

ჯონსი და ნაკრებში გამოძახებული სხვა 26 მორაგბე „მარიფილდზე“ 6 ივნისს შეიკრიბება. შოტლანდიას 18 და 25 ივნისს იაპონიასთან ორი ტესტ-მატჩი ელის.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088112