მოგეხსენებათ, რომ რუსეთის პრემიერლიგის კლუბმა ნოვოკუზნეცკის „მეტალურგმა“ რამდენიმე დღის წინ კონტრაქტი ერთაბაშად სამ ქართველ მორაგბეს - ირაკლი ქორიძეს, ბაჩანა გოგიშვილს და ლევან დარასელიას გაუფორმა. ეს ორი უკანასკნელი გუშინ მოსკოვის „სლავასთან“ მოგებულ მატჩში (29:22) სასტარტო შემაადგენლობაში იყო, ხოლო ქორიძე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში.
„მეტალურგის“ ოფიციალური ვებგვერდი ლევან დარასელიასთან მატჩისშემდგომ ინტერვიუს აქვეყნებს. თბილისის „არმიას“ ყოფილ მესამეხაზელთან ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:
- თამაში „მეტალურგის“ უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში მეტოქე სულ ორჯერ გადმოვიდა ჩვენს ნახევარზე და სამწუხაროდ, ორივეჯერ ქულების მოპოვება შეძლო. მაგრამ, საბოლოო ჯამში შეკრულად ვითამაშეთ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ.
- თქვენს თამაშს როგორ შეაფასებდით?
- ჯერჯერობით, სასურველ ფიზიკურ მდგომარეობაში არ ვარ. საქართველოს ჩემპიონატში, რომელშიც მე გამოვდიოდი, რეგულარული სეზონი დაახლოებით ორი თვის წინ დასრულდა. ასე, რომ ფიზიკური კონდიციების აღსადგენად მუშოაბა მომიწევს და მჯერა, სასურველ ფორმას მალე დავიბრუნებ.
- თქვენ დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდით, ახლა კი რუსეთში წამოხვედით. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
- დიახ, მე 10 წელზე მეტი ვითამაშე საქართველოში. არსებული მდგომარეობის შეცვლა, რაღაც ახლის ძიება მინდოდა და აქ ამიტომ ჩამოვედი.
- როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ რუსეთის პირველობაზე?
- ერთი მატჩით ძნელია დასკვნები გააკეთო. „სლავასთან“ შეხვედრაში კარგი ტემპი იყო, საბოლოო ჯამში შვიდი ლელო დაიდო, სტადიონზე შეკრებილი ქომაგიც აქტიურად გვიჭერდა მხარს.
- გუნდში როგორ მიგიღეს?
- კარგად მიმიღეს, თანაგუნდელები მეხმარებიან და ეს ძალიან სასიამოვნოა.
- თქვენ „მეტალურგში“ ორ თანამემამულესთან - ირაკლი ქორიძესთან და ბაჩანა გოგიშვილთან ერთად მოხვედით. აქამდე თუ იცნობდით მათ?
- რა თქმა უნდა ვიცნობდი. ორივე მორაგბესთან ერთად ნათამაშები მაქვს და ერთად ვიზეიმეთ ქვეყნის ჩემპიონობა.
- ეროვნულ ნაკრებში თუ ყოფლხართ გამოძახებული?
- ახალგაზრდულ ნაკრებში კი, მაგრამ დიდებში არა.
- როგორ ფიქრობთ, რუსეთის ჩემპიონატში წარმატებით გამოსვლით, შესაძლოა საქართველოს ნაკრების მწვრთნელები დააინტერესოთ?
- ეს ძალიან რთული იქნება, საქართველოს ნაკრებში საკმაოდ ძლიერი კონკურენციაა. ვნახოთ, ყველაფერი წინაა.
მოამზადა უჩა გოგიძემ
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია