ზე-18

0:31 | 28.05.2016 | ნანახია 1236 - ჯერ

რეფერიმ „იაგუარესი“ გაწირა

მატჩის რეფერიმ ნიკ ბრაიანტმა არგენტინულ „იაგუარესს“ პირველ ტაიმში ორი მორაგბე წითელი ბარათით გაუძევა, ხოლო დასკვნით 10 წუთში მოედანზე 12 კაცის ამარა დატოვა და სამხრეთ აფრიკულ „კინგსს“ 29:22 მოაგებინა. სწორედ დასკვნით 10 წუთში მიითვალეს აფრიკელებმა სამი ლელო და მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვეს, თანაც პრემიალური ქულაც ჩაიწერეს.

მაისის დასაწყისში „იაგუარესი“ „კინგსს“ არგენტინაში დაუხვდა და ძალიან იოლად, 73:27 გადაურბინა. ამიტომ, არგენტინელები პორტ ელიზაბეტშიც ფავორიტის რანგში ჩავიდნენ და დიდი ალბათობით, თანაბარ პირობებში ამ ფავორიტობას გაამართლებდნენ კიდეც.

ანგარიში აფრიკელთა მგეზავმა ფუშემ ჯარიმით დებიუტშივე გახსნა, მაგრამ მერე შეცდომების სერია მიეწყო, სტუმრებმა შერკინებაში იმძლავრეს და სათამაშო უპირატესობას დაეუფლნენ. შედეგად, ნიკოლას სანჩესმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, 25-ე წუთიდან კი, არგენტინელებს პირველი უბედურება შეემთხვათ. გარემარბმა ემილიანო ბოფელიმ ფლანგზე ფეხით ჩაკიდებული ბურთი მოხსნა და სანამ რეფერი არკვევდა, გარემარბს მიწაზე დაშვებისას ბურთი ხომ არ დაუვარდაო, რამდენიმე წამით წინანდელ ეპიზოდში ვიდეო-რეფერიმ აღმოაჩინა, რომ ტომას ლავანინი რაქში შეფრინდა და მხრით მცველს თავში დაეჯახა. ბრაიანტმა ეს დარღვევა წითელ ბარათად შეაფასა.

„კინგსი“ მეტობის გამოყენებას დაეშურა და 3 წუთში ორი სალელოვე შანსი შექმნა, მაგრამ ერთმა გარემარბმა პასი ვერ შეიმაგრა, ხოლო მეორემ ლელოში ფეხით შეცურებული ბურთი ვერ დაამიწა. წითელი ბარათის რა გითხრათ, მაგრამ არგენტინელებს რაქში შესვლისას პრობლემები მართლაც ჰქონდათ და 37-ე წუთზე მეორე დიდი დარტყმა მიიღეს. მსაჯს მათ სასარგებლოდ ჯარიმა დანიშნული ჰქონდა, როდესაც საქმეში კვლავ ვიდეო-რეფერი ჩაერთო, აღმოჩნდა, რომ ამჯერად მეტოქეს მხრით კეფაში ბურჯი რამირო ერერა შეასკდა და თანაგუნდელის მსგავსად წითელი ბარათი იხილა.

ასე დარჩა „იაგუარესი“ მოედანზე 13 კაცის ამარა და სულ მალე „კინგსს“ ლელოს დადების შანსიც ჰქონდა. აფრიკელებმა მოლით 10 მეტრი ირბინეს, თუმცა სანჩესმა ბურთიანი ედგარ მარუტლულე ბოლო წამს შებოჭა და კვაჭს მიზნამდე რამდენიმე სანტიმეტრი დააკლდა. სანჩესს 35-ე წუთზე ერთი ჯარიმაც ჰქონდა გატანილი და ტაიმი სტუმრებმა 6:3 მოიგეს, მეორე ნახევრის პირველ მეოთხედში კი, ინტელექტუალური თამაშით ეს უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდეს. „იაგუარესი“ თავს კარგად იცავდა, ფეხით ბურთი მეტოქის ნახევარზე, სიღრმეში გადაჰქონდა და იქ მასპინძლები სცოდავდნენ. შედეგად, სტუმრებმა დაახლოებით 15 წუთი მეტოქის ნახევარზე გაატარეს, სამი ჯარიმა გამოიმუშავეს და სანჩესმა ისინი 9 ქულად აქცია - 15:3.

„კინგსი“ ლელოზე თამაშობდა, თუმცა სტუმრები კარგად იცავდნენ თავს და აფრიკელებსაც შეცდომები მოსდიოდათ, მაგრამ 58-ე წუთზე უკვე არგენტინელები შეცდნენ - მათ საკუთარი ლელოდან 5 მეტრში დერეფანი მოიგეს და ხიფათის განმუხტვა ფეხით სცადეს, თუმცა ამჯერად სანჩესს დაუფარეს და სხალკ ფერეირამ ლელო დადო, ხოლო ფუშემ რთული მდგომარეობიდან გარდასახა. არგენტინელებმა ბურთი თამაშის განახლებისთანავე მოიხელთეს, 13 კაცით მოკლე დარტყმებით თანმიმდევრულად უტიეს და 20-ზე მეტი ფაზის შემდეგ ლელოს ფაკუნდო ისამ უწია, ხოლო სანჩესმა 12-ქულიანი უპირატესობა აღადგინა - 22:10 და სათამაშოდ 15 წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა.

არგენტინელებს დაღლა დაეტყოთ, მასპინძლები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა შეცდომებს უშვებდნენ და სივრცეებს ვერ იყენებდნენ. არავინ იცის რა მოხდებოდა, რომ არა 70-ე წუთზე ბრაიანტის მორიგი გაელვება, რომელმაც ამჯერად ტომას ლეზანა გაასინბინა და სტუმართა შემადგენლობა 12 კაცამდე შეათხელა. „კინგსმა“ ჯარიმის ნაცვლად შერკინება ირჩია, გასაკვირი არაა, რომ სტუმრები ვეღარ დადგნენ და რეფერიმ პირველივე ჯერზე საჯარიმო ლელო ჩასტვინა - 17:22.

ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა, „კინგსმა“ კიდევ ორი ლელო გაიტანა, 29:22 იმარჯვა და რადგან ერთის წილ 4 ლელო გაიტანა, პრემიალური ქულაც ჩაიწერა. პრემია „იაგუარესსაც“ შეხვდა, მაგრამ ეს არაფერია იმ გმირობისთვის, რაც 13-კაციანმა არგენტინულმა გუნდმა ჩაიდინა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078847