ზე-18

21:07 | 27.05.2016 | ნანახია 1541 - ჯერ

„ვარატასმა“ ლიდერი არ შეიმჩნია (+ვიდეო)

სუპერ რაგბის ლიდერი ახალზელანდიური „ჩიფსი“, „ვარატასს“სიდნეიში ეწვია და მოულოდნელად ოცქულიანი სხვაობით დამარცხდა - 25:45.

არადა, სტუმრებს მატჩის პირველი ნახევარი ცუდად არ ჩაუტარებიათ და თამაშიც ქულა-ქულაში მიდიოდა. შეხვედრის დებიუტში ანგარიში მასპინძელთა მგეზავმა ბენჯამინ ფოლიმ ჯარიმით გახნსა, მე-8 წუთზე კი, „ვარატასმა“ ლელო გაიტანა - „ჩიფსმა“ მეტოქის ოცდაორში შერკინება მოიგო, ბურთი ჰავბეკ ბრედ ვებერს მიუვიდა, რომელმაც მიუტევები შეცდომა დაუშვა, მისი გადაცემის შემდეგ ოვალი ხელთ ავსტრალიელთა ფულბეკმა ისრაელ ფოლაუმ იგდო, 90 მეტრამდე ირბინა და ლელო დადო. ბენჯამინ ფოლიმ ზუსტად გარდსახა - 10:0.

„ვარატასმა“ სტუმრებს „ვალი დაუბრუნეს“ და ლელოს დადების საშუალება მისცა: მე-13 წუთზე „ჩიფსის“ შუამარბმა სეტა ტამანივალუმ ოცდაორის ხაზიდან ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში შეაგორა, სადაც თითქოს სიტუაცია ნიკ ფიპსის უნდა განემუხტა, მაგრამ ჰავბეკმა საკუთარ მოედანში დამიწება ვერ შეძლო, რითაც ტამანივალუმ ისარგებლა. ხუთ წუთში სტუმრებმა მეორე ლელო დადეს, ამჯერად თავი მათმა კაპიტანმა აარონ კრუდენმა გამოიჩინა და რადგან გარდასახვები არაზუსტი იყო, ანგარიში გათანაბრდა - 10:10.

34-ე წუთზე „ჩიფსის“ ფულბეკმა, ახალგაზრდა დამიენ მაკკენზიმ ჯარიმის გატანა მოახერხა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, თუმცა დროებით. პირველი ნახევრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე „ვარატასმა“ თავისი მეორე ლელო დადო - პალუმ კარგად გაჭრა მეტოქის დაცვის ხაზი, მას სკელტონი წამოეშველა, რომელმაც მაიკლ ჰუპერს უპასა, ამ უკანასკენლმა კი უკანახაზელივით ირბინა. გარდასახვაც ზუსტია და 17:13.

მეორე ნახევრის დასაწყისში კვლავ „ჩიფსი“ დაწინაურდა, კვაჭმა ნათან ჰარისმა აარონ კრუდენის პასის შემდეგ ლელოს დადება შეძლო. ამის შემდეგ მასპინძლებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს და ზედიზედ ოთხი ლელო დადეს. ისრაელ ფოლაუმ და მაიკლ ჰუპერმა პირველ ტაიმში გატანილ თითო-თითო ლელოს კიდევ თითო-თითო შემატეს და დუბლები შეასრულეს, ხოლო ბენჯამინ ფოლიმ ოთხივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა. „ჩიფსმა“ მხოლოდ ერთი გარდასახული ლელოთი უპასუხა, თავი 67-ე წუთზე ტონი პულუმ გამოიჩინა, მაკკენზიმ ზუსტად გარდასახა. ამრიგად „ვარატასმა“ ოთხი ქულა მიითვალა, ბონუს-ქულამდე მათ ერთი ლელო დააკლდათ.

გამარჯვების შემდეგ „ვარატასი“ ავსტრალიის კონფერენციაში 34 ქულით გალიდერდა, ხოლო „ჩიფსს“ 42 ქულა აქვს და როგორც ახალზელანდიის კონფერენციას, ასევე საერთო ცხრილს კვლავ ლიდერობს.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079756