სუპერ რაგბის მე-14 რაუნდის პირველი მატჩი დღეს დილით ველინგტონში გაიმართა, სადაც ერთმანეთის პირისპირ შარშანდელი ფინალისტები - „ჰარიქეინსი“ და „ჰაილენდერსი“ წარდგნენ. რაღა თქმა უნდა, შეხვედრა რაგბის ქომაგებში დიდ ინტერესს იწვევდა, მატჩი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, ხუთი ლელო გავიდა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთზე გაირკვა - მასპინძელმა „ჰარიქეინსმა“ 27:20 იმარჯვა.
დედაქალაქელებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს, მე-14 წუთზე საკუთარი ოცდაორიდან წამოწყებული სწრაფი შეტევა „ოლ ბლექსის“ ლიდერის, ჯულიან სავეას ძმამ არდი სავეამ ლელოთი დაასრულა. რვა წუთის შემდეგ „ჰარიქეინსმა“ მეორე ლელო დადო - მასპინძლებმა მეტოქის ხუთმეტრიან ხაზთან შერკინება მოიგეს, კორი ჯეინის მიძალებას ლელო ვერ მოჰყვა, თუმცა შემდეგ უფრო დიდი მოცულობის ბრედ შელდსი ჩაება საქმეში და ბურთი ძელებსშორის დაამიწა, „ქარიშხლების“ ორივე ლელო ბოდენ ბარეტმა გარდასახა - 14:0.
27-ე წუთზე ლელოს დადება შარშანდელმა ჩემპიონმა, „ჰაილენდერსმაც“ მოახერხა - ხაზის მოთამაშეებმა მარცხნიდან მარჯვნივ ბურთი კარგად ჩაათამაშეს, ბოლოს კი მგეზავმა ლიმა საპოაგამ იყოჩაღა და ლელომდე მივიდა, გარდსახვა თავად შეასრულა. ტაიმის ბოლომდე „ჰარიქეინსის“ მგეზავმა ბოდენ ბარეტმა ერთი ჯარიმის გატანა შეძლო და საკუთარი გუნდი შესვენებაზე ათქულიანი უპირატესბით გაიყვანა - 17:7.
მეორე ტაიმი „ჰაილენდრესმა“ უკეთ დაიწყო, 42-ე წუთზე ბურჯმა დანიელ ლინერთ-ბრაუნმა დადო ლელო, რასაც საპოაგას გარდსახვა და მისივე ზუსტად შესრულებული ჯარიმა მოჰყვა, ასე, რომ 53-ე წუთზე ანგარიში თანაბრდება - 17:17.
შემდეგ გუნდებმა თითო-თითო ზუსტად შესრულებული ჯარიმა გაცვალეს და დროის გასვლასთან ერთად სიტუაცია დაიძაბა. ბოლო წუთებში შეტევას მასპინძლები უფრო ცდილობდნენ, რამაც ბოლო მე-80 წუთზე შედეგიც გამოიღო - მეტოქის ხუთმეტრიანთან დანიშნული შერკინება „ჰარიქეინსმა“ მოიგო, ბურთი არდი სავეას მიუვიდა, რომელმაც რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა და საკუთარი გუნდის გამარჯვების ლელო გაიტანა, ხოლო გარდასახვით საბოლოო შედეგი დაფიქსირდა - 27:20.
ამ მატჩის შემდეგ „ჰარიქეინსს“ 40 ქულა დაუგროვდა და ახალზელანდიის კონფერენციაში მე-3 ადგილზეა, ხოლო ტურნირის საერთი ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს. „ჰაილენდერსი“ 38 ქულით მე-7 პოზიციაზეა.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია