წარმოშობით ზელანდიელს, „ნორთჰემპტონის“ ფლანკერ ტეიმანი ჰარისონს 29 მაისს ინგლისის ეროვნულ გუნდში დებიუტი ექნება.
ამ დღეს თბილისის დროით 18 საათზე ზაფხულის ტესტ-მატჩების სერია იწყება და ინგლისი უელსს „თვიქენჰემზე“ დაუხვდება. ჰარისონი ერთადერთი მოულოდნელობა არაა მასპინძელთა მთავარი მწვრთნელის, ედი ჯონსის მიერ შერჩეულ 23-კაციან განაცხადში. მის გარდა დებიუტი ელით „უოსპსის“ ჰუკერ ტომი ტეილორს, „ბათის“ ცენტრ ოლი დევოტოს, რომელიც მომავალი სეზონიდან „ექსეტერის“ მორაგბე გახდება და „ლესტერ თაიგერსის“ ბურჯ ელის გენგს.
და მაინც, მთავარი სენსაცია 23 წლის ზელანდიელის სასტარტო შემადგენლობაში გამოჩენაა, რომელმაც კრის რობშოუ უნდა შეცვალოს. აღსანიშნავია, რომ ის პრემიერშიპის აპრილის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ცვლილებები იმითაცაა გამოწვეული, ჯონსს „სარასენსისა“ და „ექსეტერის“ მორაგბეების დახმარების იმედი არ ჰქონდა, რადგან ეს გუნდები 28 მაისს ჩემპიონის ტიტულს გაითამაშებენ. გარდა ამისა, რამდენიმე მოთამაშემ დასვენების მიზნით ზაფხულის ტესტ-მატჩებიდან გათავისუფლება ითხოვეს.
„ჩვენ საკუთარი შეხედულებისამებრ შევარჩიეთ ის შემადგენლობა, რომელსაც უელსის დამარცხება შეუძლია. ეს გამოცდილებისა და ახალგაზრდობის კარგი ნაზავია. რამდენიმე მორაგბე გვაკლია, რომელთაც ინგლისის პრემიერშიპის ფინალი ელით, მაგრამ ეს გვაძლევს შესანიშნავ საშუალებას, საქმეში ვიხილოთ სხვა მოთამაშეები. 2019 წლის მსოფლიო თასის წინ, ეს შემადგენლობის სიღრმეების გამაგრებაში დაგვეხმარება. მთელი კვირა ნაყოფიერად ვიმუშავეთ და კმაყოფილი ვარ იმ პროგრესით, რომელიც გუნდმა ამ მოკლე პერიოდში გაიარა. ბიჭები ენერგიულად გამოიყურებიან, ენთუზიაზმი არ აკლიათ და ყველა მათგანს სიამოვნებდა ნაკრების შემადგენლობაში ვარჯიში“ - თქვა ჯონსმა შემადგენლობის დასახელების შემდეგ.
ინგლისის ნაკრები უელსთან: 15. მიკ ბრაუნი, 14. ენტონი უოტსონი, 13. ჯონათან ჯიზეფი, 12. ლუთერ ბარელი, 11. მარლენ იარდი, 10. ჯორჯ ფორდი, 9. ბენ იანგსი; 1. მეთ მალანი, 2. დილან ჰარტლი (კაპ.), 3. დენ კოული, 4. ჯო ლონჩბერი, 5. ქორთნი ლოუსი, 6. ტეიმანი ჰარისონი, 7. ჯეიმს ჰასკელი, 8. ჯეკ კლიფორდი.
სათადარიგოები: 16. ტომი ტეილორი, 17. ელის გენგი, 18. პოლ ჰილი, 19. დეივ ეტვუდი, 20. მეტ კვესიკი, 21. დენი კერი, 22. ოლი დევოტო, 23. ელიოტ დეილი.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია