სხვა

12:27 | 27.05.2016 | ნანახია 6933 - ჯერ

სამი ქართველი „მეტალურგში“

რუსეთის პრემიერლიგის კლუბები ქართველი მორაგბეებით გაძლიერებას განაგრძობენ. კრასნოიარსკის „ენისეისა“ და „კრასნი იარის“ შემდეგ, სადაც დავით კაჭარავა, ლაშა მალაღურაძე და ვალერი ცნობილაძე თამაშობენ, კიდევ ერთ ციმბირულ კლუბში, ნოვოკუზნეცკის „მეტალურგში“ ერთბაშად სამი ქართველი გამოჩნდა.

„მეტალურგი“ ციმბირის ერთ-ერთი უძველესი კლუბია. ის 1967 წელს დაარსდა, თამაშობდა საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ჩემპიონატების უმაღლეს ლიგაში. ციმბირელებმა საუკეთესო შედეგს 1992 წელს მიაღწიეს, როდესაც რუსეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავეს და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს. ბოლო წლებში გუნდს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, თუმცა არ დაიშალა და ქვეყნის უმაღლეს ლიგაში თამაშს განაგრძობდა, ახლა კი, სამი ქართველი მორაგბით გაძლიერდა.

ბოლნისის „ყოჩების“ ბურჯი ბაჩანა გოგიშვილი, თბილისის „არმიას“ ბურჯი ირაკლი ქორიძე და ასევე „არმიას“ მესამეხაზელი ლევან დარასელია - ეს ის მოთამაშეები არიან, რომლებმაც „მეტალურგთან“ კონტრაქტი გააფორმეს. აღსანიშნავია, რომ ახალ გუნდში მათი დებიუტი დღეს შედგება. ციმბირელები მოსკოვის „სლავას“ მასპინძლობენ და განაცხადში მხოლოდ 19 მოთამაშის შეყვანა შეძლეს - გოგიშვილი და დარასელია სასტარტო შემადგენლობაში არიან, ხოლო ქორიძე თადარიგშია.

„მოხარულები ვართ, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკების პროცესი დასრულდა და როგორც იქნა, ისინი ჩვენთან არიან. გარკვეულ ეტაპზე საბუთებთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა. ახლა ეს საკითხი მოგვარებულია. სამივე მორაგბე გამოცდილია, კლასის ნაკლებობას არ უჩივიან და ვიმედოვნებთ, რომ მნიშვნელოვნად გაგვაძლიერებენ. გარდა ამისა, გამძაფრდება კონკურენცია და ეს მოთამაშეების პროგრესს ხელს შეუწყობს.

ამ სამეულს დიდი ხანია ვაკვირდებით, კაციც კი გვყავდა გაგზავნილი საქართველოში მათი თამაშების სანახავად, გავაანალიზეთ ვიდეომასალა. ცხადია, მათი ხარისხი ჩვენთვის სრულიად დამაკმაყოფილებელია. აღსანიშნავია, რომ ისინი სწორედ იმ პოზიციის მოთამაშეები არიან, სადაც პრობლემები გვქონდა. კარგი იქნებოდა შესათამაშებლად მეტი დრო გვქონოდა. თუმცა, განვმეორდები, ბიჭებს გამოცდილება არ აკლიათ და იმედია მალე დაასრულებენ ადაპტაციის პროცესს“ - ასე დაახასიათა ქართველთა სამეული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ შალუნოვმა.

„მეტალურგმა“ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ორი თამაში ჩაატარა და ორივეში დიდი სხვაობით დამარცხდა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077877