გულშემატკივრის გვერდი

10:57 | 1.04.2016 | ნანახია 2200 - ჯერ

ფეხის ერთი მოქნევით
ლადო კილასონიას სპორტული ზღაპრები

მსოფლიო თასის ფინალს მუხროვანში, სპეცნაზის ბაზაზე ვუყურე, ხის გრძელ ქოხში, იატაკზე ნახავერდმძინარე, ახალგაზრდული ნაკრების გათანგულ ბიჭებში და სპეცნაზელებში ჩამჯდარმა, და იქვე მომინდა, რამე დამეწრა, მაგრამ კომპიუტერი არ მქონდა და თბილისში ჩამოსვლამდე ვერაფერი ავკრიფე. მერე კი გადამიარა, საერთოდ რაგბიზე წერა ჩემთვის ეგრეა: ვნახე - მომეწონა - დავწერე (აქ მგონი რაღაც ნამეტანი იულიუს კეისარივით გამომივიდა), თორემ მერესთვის თუ გადავდე, მორჩა, აღარ მეწერება. და ალბათ აღარც დავწერდი არაფერს, დღეს ინტერნეტში შემთხვევით რომ არ მენახა ის პატარა ვიდეო, როგორ ხვდება აეროპორტის მომსახურე პერსონალი, მემანქანეები და მათი უფროსები (აი, ისინი, ფანჯრიდან რომ გაიხედავ და თვითმფრინავების ირგვლივ რომ დაფუსფუსებენ, პატარა ოთხკუთხედი მანქანებით, და რაღაცები მიაქვთ-მოაქვთ), წვიმიან ამინდში სამშობლოში დაბრუნებულ ზელანდიის ნაკრების შავ თვითმფრინავს. დგანან მაკედონიურ ფალანგად გაწყობილი ფოსფორისფერ საწვიმრებიანი კაცები, მკერდზე ბაჯები აქვთ ჩამოკონწიალებული და მთელი მუღამით უბერავენ ჰაკას!

და ამ პატარა ვიდეომ, ამ უბრალო ხალხის მაგარმა სიხარულმა, ისევ მომანდომა ორი სიტყვა მეთქვა მსოფლიო თასის ფინალზე და თან რა ფინალზე! თამაშამდე ვიძახდი: ავსტრალია მოიგებს-მეთქი, მაგრამ უნდა ვაღიარო, მე, ავსტრალიის ფანს, სარაგბო მსოფლიოს არცერთ ფინალში არ მინახავს გუნდის ეგეთი ჩაგვრა, როგორც ზელანდიამ დაჩაგრა ოქროსფრები. კი არ დაჩაგრა, დაარბია და ჯობდა ყველაფერში - დაცვაში, შეტევაში, აუტში, შერკინებაში, ჰაერში, ჯობდა დაწყებიდან დამთავრებამდე, და მხოლოდ ის ათი წუთი გაუჭირდა, როდესაც 14 კაცით დარჩა მოედანზე.

მაგრამ ზალანდიამ ეგ თამაში 80 წუთში რამდენჯერმე მოიგო, პირველად მოიგო დაწყებიდან, როდესაც ბურთი დაიჭირა, ავსტრალია საკუთარ მოედანზე გამოკეტა და ნელ-ნელა გაზარდა ზეწოლა, და როგორი იყო რაქი - უსწრაფესი, უდაბლესი, ყველანაირი დაცვის მომსპობი! ეგ პირველი მოგება იყო, მესამედ და საბოლოოდ ზელანდიამ მაშინ მოიგო, როდესაც დაცვიდან ჩაიგდო ბურთი ხელში და ლელო გაიტანა, მაგრამ მე ყველაზე მაგრად მაინც მეორე მოგება მომეწონა, როდესაც 24:17-ზე დენ კარტერმა დაკრა არეკნი, ათ ქულამდე გაზარდა სხვაობა და აზრი დაუკარგა თამაშს. ზელანდია ერთადერთი გუდნია, რომელსაც მსოფლიოს ყველა სხვა სარაგბო გუნდთან მოგება-წაგების დადებითი ბალანსი აქვს, ზელანდია ერთადერთი გუნდია, რომელიც ასე მარტივად და ასე თამაშობს, ზელანდია ერთადერთი გუნდია, რომელმაც მსოფლიო თასი სამჯერ და ორჯერ ზედიზედ მოიგო და ის ერთადერთი გუნდია, თავისი სუკეთესო თაობა - მაკქოუ, მიალამუ, კარტერი, მაა ნონუ, კონრად სმიტი, ვუდკოკი - ასე მაგრად რომ გააცილა. მე კიდევ ვდგავარ და ვყვირი - ის არეკნი! ის არეკნი-თქო! და ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რატომ. იმიტომ, რომ მე მაგრად მიყვარს, როდესაც ერთ პატარა რამეში ძაან დიდი რამეები ჩაეტევა ხოლმე და აი, ზუსტად ეგ იყო, იმ არეკნში, კარტერმა რომ დაკრა. მაგ ერთ მოქნეულ ფეხში (და მუდამ ქანდაკებასავით მშვიდ, უემოციო კარტერის სახეში, ყელზე ვენებამობურცულმა რომ გააყოლა ნაფრენში წასულ ბურთს თვალი და ხმამაღლა მიაყვირა ორჯერ გზაში: Yes! Yes!) ჩაეტია ერთი უმაგრესი რაგბისტის ცხოვრების 8 უიღბლო წელი, სამი მსოფლიო თასი და ოფლში და ბოღმაში გატარებული ვინ იცის რამდენი სავარჯიშო დღე! მე ეგეთი ჩანაწერიც მაქვს, „უიღბლონი“ ჰქვია, ჰოდა, იქაა დენ კარტერის ამბავი, ჯერ 2007 წელს რომ დაიმტვრა და ცუდ ფორმაში შეხვდა მსოფლიო თასს, ტრამვა გაიმიზეზა და ვეღარ ითამაშა, და მერე კიდე - 2011, ასევე მსოფლიოზე და ტრიბუნიდან უყურა მაგ ტურნირს. და ეგ ყველაზე მურტალია, რო ზიხარ, უყურებ და იცი, რომ სწორედ ახლა ხარ ყველაზე მაგარი და რომ ეს ახლა, აი, ამ წამს, შენს თვლაწინ იწრიტება, მიდის და ვეღარასოდეს დაიბრუნებ! და აი, ეგ ყველაფერი კარტერმა ამ ბოლო თამაშში (რომელიც უმაგრესად ირაგბა), ამ ერთ არეკნში ჩაატია, ფეხის ერთი მოქნევით, უთხრა დროს: აი, ახლა, ამ წამს, როგორც თავის დროზე მე გიყურებდი, ისე გაჩერდები და შენ მიყურებო, და ეგრე, ფეხის ერთი ლამაზად მოქნევით დაამთავრა თავისი სანაკრებო კარიერა.

მაკქოუმ თასი აღმართა! ძალიან მაგრად ილაპარაკეს ავსტრალიელებმა პოკოკმა და მურმა, აი, ისე, რო მოუსმენ და სიამაყით აივსები, ასეთი ხალხი როა შენს საყვარელ საქმეში. სონი ბილმა დაცვა მოაშორა პატარა ბიჭს და თავისი ოქროს მედალი დაკიდა კისერზე, მაგრამ ნაფრენში წასულ ბურთს თვალგაყოლებული კარტერი, მისი დავენილი კისერი და 8 წლის ბოღმისგან და შრომისგან გეიზერივით ამოხეთქილი, ყიჟინა: Yes! Yes! მაინც ყველაზე მაგარი იყო. მაკქოუს თასი აქამდეც აღუმართავს, ლაპარაკით კიდევ ილაპარაკებენ ვიღაცები მაგრად, სონი ბილს მეორე მედალი აჩუქეს, აი, კარტერს კი ვერავინ დაუბრუნებდა იმას, რაც იმ არეკნით, ფეხის ერთი მოქნევით დაიბრუნა!


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:11 | 04.04.2016
ანდროიდი (50)

შესანიშნავი ზღაპარი გამოვიდა. ფინალის მერე რამდენჯერაც რაგბს ვუყურე სულ ის არეკნი მახსენდება, ულამაზეს მოგონებად დამრჩა!

11:41 | 03.04.2016
geogoli (367)

გადასარევი იყო ლადო, კიდევ უფრო ხშირად დაწერე ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება. შენთან რაგბზე საუბარი ერთი სიამოვნება იქნება

14:12 | 01.04.2016
RC BAGRATI KUTAISI (10)

კარგი სტატიაა. ძაან ვისიამოვნე. მადლობა ავტორს.

0.100649