20-წლამდელები

16:09 | 26.05.2016 | ნანახია 3542 - ჯერ

20-წლამდელების ყველაზე რთული ტურნირი

„მსოფლიო რაგბის“ ოფიციალური გვერდი განაგრძობს 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდების წარდგენას.

მას შემდეგ, რაც ასაკობრივი მსოფლიოს ჩემპიონატი 12-გუნდა გახდა, „უმცროსი ბორჯღალოსნები“ მასში პირველად იღებენ მონაწილეობას. საქართველოს ნაკრებმა ეს უფლება შარშან „ალაფის“ მოგებით მოიპოვა და 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ურთულესი დებიუტი ელის - 7 ივნისს ტურნირის მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიას ეთამაშება. მთავარი მწვრნელის, ილია მაისურაძის თქმით, აქ გადამწყვეტი „გამოცდილების, ახალგაზრდობის და შეუპოვრობის“ ნაზავი იქნება.

„უმცროსი ლელოები“ მანჩესტერში „ა“ ჯგუფში ითამაშებენ და ახალი ზელანდიის გარდა მეტოქეებად ექვსი ერის „დიდი სლემით“ მომგები უელსი და ირლანდია ეყოლება. „მსოფლიო რაგბის“ საიტი წერს, რომ ქართველთა შემადგენლობა ბევრი არაფრის მთქმელია, თუმცა იქვე ხაზგასმულია - გუნდის კაპიტანი ვასილ ლობჟანიძე დიდ წარდგენას არ საჭიროებს, რადგან ის უფროს გუნდთან ერთად 2015 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობდა.

„შერკინების ნახევარმცველის, ვასილ ლობჟანიძის ანგარიშზე უკვე 15 სანაკრებო კეპია. ის 18 წლის და 340 დღის იყო, როდესაც მსოფლიო თასზე ტონგასთან მატჩში დებიუტი ჰქონდა და ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე გახდა. ლობჟანიძე ტურნირის ორგანიზატორებმა 2015 წლის მსოფლიო თასის აღმოჩენის ნომინანტებს შორის შეიყვანა. გარდა ამისა, 28-კაციან განაცხადში კიდევ ორი ისეთი მორაგბეა, რომელთაც ეროვნულ გუნდში თამაშის გამოცდილება აქვთ. ასეთია ვიცე-კაპიტანი, 8 ნომერი ბექა გორგაძე (6 კეპი) და ბურჯი გიორგი მელიქიძე (2 კეპი)“ - წერს „მსოფლიო რაგბი“.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე მომავალ ტურნირს აფასებს და შემადგენლობაზე საუბრობს: „წინ გველის ისტორიაში ურთულესი ტურნირი, სადაც ყოველ მეოთხე დღეს მოგვიწევს თამაში. ამრიგად, არ გვექნება დრო რაიმეს გასაუმჯობესებლად და თამაშიდან თამაშამდე აღდგენაზე და ანალიზზე მოგვიწევს ზრუნვა. სწორედ ამიტომ, შემადგენლობის დასახელებისას ისეთ ბიჭებზე შევაჩერეთ არჩევანი, რომელთაც რამდენიმე პოზიციის დაფარვა შეუძლიათ.

გუნდში გამოცდილი მოთამაშეების ყოლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ფაქტია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეტოქეები ჩვენს წნეხის ქვეს მოქცევას ეცდებიან და სწორედ გამოცდილებმა უნდა შეძლონ წინააღმდეგობის გაწევა. გუნდის ბირთვი იმ მოთამაშეებისგან შედგება, რომლებიც ახალგაზრდულ ნაკრებებში ერთად თამაშობდნენ. გვყავს ისეთი მოთამაშეებიც, რომელთაც „ალაფის“ მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. ეროვნულ ნაკრებში თამაშის გამოცდილების მქონე მორაგბეების გუნდში ყოლა უდიდესი ფუფუნებაა. ასეთები ბექა გორგაძე და გიორგი მელიქიძე არიან, ხოლო მსოფლიო თასზე თამაშის გამოცდილების მქონე ვასილ ლობჟანიძე, ცალკე აღნიშვნის ღირსია“.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:10 | 27.05.2016
maxo_65 (458)

მჯერა ამ ბიჭების..იმის იმედიც მაქვს, ბოლო მე-12 ადგილი ჩვენი არ იქნება..

20:57 | 27.05.2016
პანტელეიმონი (1218)

კარგ თამაშს გისურვებთ ბიჭებო ! ! !

0.086092