ტესტ-მატჩები

14:25 | 26.05.2016 | ნანახია 2132 - ჯერ

„ვოლაბების“ რაზმში სიურპრიზებია

ავსტრალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ივნისში გასამართი ტესტ-მატჩებისთვის გამოძახებულ მორაგბეთა სია დაასახელა. „ვოლაბების“ რაზმში რამდენიმე მოულოდნელობაა. უწინარესად, აღსანიშნავია ავსტრალიელთა ყოფილი კაპიტანის, ჯეიმს ჰორვილის დაბრუნება. შეგახსენებთ, რომ ნაკრების თავკაცმა მაიკლ ჩეიკამ მეორეხაზელი 2015 წლის მსოფლიო თასზე წამსვლელთა სიაში არ შეიყვანა, არადა, 30 წლის ჰორვილს თავის ახალ კლუბ ინგლისურ „ჰარლექუინსში“ შესანიშნავი სეზონი ჰქონდა.

ჰორვილის ჩათვლით, 39-კაციან რაზმში ევროპიდან ოთხი ლეგიონერია - სეკოპე კეპუ („ბორდო“ საფრანგეთი), ლეროი ჰატსონი („ბათი“ ინგლისი) და ტაქალე ნაიარავორო („გლაზგო უორიორსი“ შოტლანდია), თუმცა ეს ორი უკანასკნელი სამშობლოში დაბრუნებას და კარიერის ავსტრალიაში გაგრძელებას გეგმავს.

გამოძახებულთა სიაში არ არიან „ვოლაბების“ ლიდერები - ვილ გენია, ადამ ეშლი-კუპერი, მეთ გიტო და დრიუ მიტჩელი, მათ მაიკლ ჩეიკამ დასვენების საშუალება მისცა.

მოულოდნელობაა, ავსტრალიური „ბრამბისის“ ჰავბეკ ჯო პოუელის გამოძახებაც, 22 წლის ცხრიანს კლუბში ძირითადად სკამიდან უწევს მატჩებში ჩართვა. მას და კიდევ ცხრა მოთამაშეს ავტსრალიელთა რიგებში დებიუტი ექნებათ. რაზმში მრავლად არიან გამოცდილი მორაგბეებიც, 23-მა მათგანმა წინა მსოფლიო თასზე მიიღო მონაწილეობა.

ავსტრალიის ნაკრები ივნისში სამ ტესტ-მატჩს გამართავს და სამივეს ინგლისის ნაკრებთან. მატჩები 11, 18 და 25 ივნისს გაიმართება.

ავსტრალიელთა რაზმი: ალან ალაალატოა, რორი არნოლდი, სემ კარტერი, ადამ კოლმანი, სკოტ ფარდი, ისრაელ ფოლაუ, ბერნანდ ფოლი, ნიკ ფრისბი, ლიამ გილი, ჯეიმს ჰენსონი, მაიკ ჰარისი, დეინ ჰეილეტ-პენი, გრეგ ჰოლმსი, მაიკლ ჰუპერი, რობ ჰორნი, ჯეიმს ჰორვილი, ლეროი ჰატსონი, კარმაიკლ ჰანტი, სეკოპე კეპუ, სამუ კერევი, ტევიტა კურიდრანი, კრისტიან ლეალიფანო, ბენ მაკკალმანი, შონ მაკმაჰონი, სტეფან მური, ლუკ მორაჰანი, დენ მამი, ეტო ნაბული, ტაქალე ნაიარავორო, უიკლიფ პალუ, ნიკ ფიპსი, დევიდ ფოქოქი, პოლოტა-ნაუ, ჯო პოუელი, რობ სიმონსი, სკოტ სიო, უილ სკელტონი, ჯეიმს სლიპერი, ტობი სმიტი.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092253