20-წლამდელები

11:09 | 26.05.2016 | ნანახია 10360 - ჯერ

ოთია გიორგაძე - „დაუმუშავებელი ალმასი“ ქუთაისიდან [+ვიდეო]

ოთია გიორგაძის თამაში ჩემს ცნობიერში ერთი წლის წინ, 20-წლამდელთა მსოფლიო თასის „ალაფაზე“ აღიბეჭდა. მისმა რაქიდან მოულოდნელმა შეტევებმა, მასის, ძალისა და სისწრაფის გამოყენებით მრავალმეტრიანმა რეიდებმა საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მორაგბის, მამუკა გორგოძის კარიერის დასაწყისი გამახსენა და გავიფიქრე, რომ აწ უკვე 31 წლის მორაგბეს მისი სახით ღირსეული შემცვლელი ეზრდება.

მაგრამ კარიერის საწყისი სახიფათო საქმეა და მაშინვე სხვა ფიქრიც გაჩნდა - აუცილებელი იყო ეს ბიჭი რაც შეიძლება მალე მოხვედრილიყო დიდ გუნდში, სადაც საოცარ მონაცემებს დახვეწდა, მის სწორად გამოყენებას ისწავლიდა და სწორედ ასეთ პირობებში იქცეოდა მსოფლიო დონის ვარსკვლავად. რა თქმა უნდა „ალაფას“ უამრავი ადამიანი უცქერდა, მათ შორის საუკეთესო სპეციალისტები და ოთიას კარიერისთვის პირველმა, უმნიშვნელოვანესმა ნახტომმა არ დააყოვნა - ის ფრანგული რაგბის ერთ-ერთმა ფლაგმანმა, „კლერმონმა“ წაიყვანა.

ამ კლუბის სკოლა და ესპუართა გუნდი საქვეყნოდაა ცნობილი. მის წიაღში არაერთი წარმატებული მორაგბე აღზრდილა, მათ შორის ქართველი მოთამაშეებიც არიან. გიორგაძის ვარსკვლავობაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, თუმცა მთავარია, რომ ის „კარგ ხელშია“ და იმედია განვითარებაც ისეთი იქნება, ქართული რაგბის ქომაგს რომ გაუხარდება. რაც მნიშვნელოვანია, მას ვარჯიში „არ ეზარება“, ნიჭს+შრომისმოყვარეობა კი, წარმატების საწინდარია.

ოთია გიორგაძე პირადად საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ღია ვარჯიშზე გავიცანი. მას ორიოდე დღის წინ ფეხი დაეჭიმა, საშიში არაფერია, თუმცა საფრთხის ნულამდე დასაყვანად მწვრთნელებმა არ გარისკეს და მეორეხაზელს დასვენების საშუალება მისცეს. აბა ასეთი შანსის ხელიდან გაშვება როგორ იქნებოდა და მომავალ ვარსკვლავთან ჩემი პირველი ინტერვიუ შედგა.

ზევით გორგოძე და გიორგაძის მასთან მსგავსება ვახსენე. მამუკას თავბრუსდამხვევი კარიერა მეორე ხაზში თამაშით დაიწყო და 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ერთბაშად ამობრწყინდა. „გულივერას“ მსგავსად, თამაში რომც არ გქონდეს ნანახი, ოთიას აღნაგობა მაშინვე მოგხვდება თვალში, მასსავით მორიდებულია და განსხვავდება იმ ადამიანისგან, რომლის შეჩერებასაც „ალაფაზე“ ნახევარი გუნდი სჭირდებოდა. ქუთაისის „აიას“ აღზრდილ გიორგაძეს უწინარესად „ცხელ-ცხელ“ თემაზე, 20-წლამდელთა მზადებაზე და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დავეკითხე.

ოთია გიორგაძე: გუნდს დაახლოებით 4 კვირის წინ შევუერთდი. სერიოზული მზადება გავიარეთ. ახალგაზრდულ ნაკრებებში შეკრებებზე ადრეც ვყოფილვარ, თუმცა ამ დონის ვარჯიშები აქამდე არასდროს გვქონია. განსაკუთრებული მონდომება ბიჭებსაც ეტყობათ და ვფიქრობ, გამგზავრების წინ ძალიან კარგ ფორმაში ვართ. კარგად გვესმის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველსავე თამაშში ძალიან ძლიერი მეტოქე, მსოფლიოს ჩემპიონი ახალი ზელანდია გვყავს, მაგრამ მაქსიმუმს გავიღებთ და ვეცდებით, თავი არ შევირცხვინოთ. რაც შეეხება ჩემს ტრავმას, სერიოზული არაფერია, ორი დღის წინ ვარჯიშზე ფეხის კუნთი გავიჭიმე და მწვრთნელებმა გადაწყვიტეს დამასვენონ. ორ დღეში სრული დატვირთვით განვაახლებ ვარჯიშს და ინგლისშიც საუკეთესო ფორმაში ვიქნები.

  • შარშან ამ პერიოდში თქვენ ასევე 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად „ალაფისთვის“ ემზადებოდით. რამდენად განსხვავებულია ამჟამინდელი და ერთი წლის წინანდელი წვრთნის პროცესი?
  • განსხვავება ძალიან დიდია, როგორც მწვრთნელების, ასევე მოთამაშეთა მიდგომა ბევრად სერიოზულია. ამ დონის ტურნირზე პირველად მივემგზავრებით და ყველანი უაღრესად მოტივირებული ვართ. განა მაშინ არ ვიხარჯებოდით ბოლომდე, მაგრამ ახლა ბევრად უფრო დიდია მუხტი. გვინდა, რომ ინგლისში წარმატებულად გამოვიდეთ, ქვეყანა ვასახელოთ და მსოფლიოს თავი დავამახსოვროთ. განსხვავება ისაა, რომ შარშან „ალაფაზე“ გასული გუნდი 3-4 წელი ერთად მოვდიოდით, შეთამაშებულები ვიყავით და ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა. აქ ეს გვაკლია, თუმცა ვფიქრობ, რომ ტურნირის მსვლელობისას შევეწყობით და ყველაფერი დალაგდება.
  • საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა წელს ტურნირზე არანაირ მოთხოვნას არ გიყენებთ. მიზეზიც ცნობილია, გაისად მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო მასპინძლობს და გავარდნა არ გვემუქრება. თქვენი, გუნდის მიზანი როგორია?
  • ყველა თამაშში მოედანზე საბრძოლველად გავალთ და ეს არაა ხმამაღალი ნათქვამი. ისიც კარგად გვესმის, რომ ჯგუფში ურთულესი მეტოქეები გვყავს, თუმცა ბრძოლის გარდა სხვა მიზნებიც გვაქვს. ირლანდიასთან მოსაგებად მაქსიმუმს გავიღებთ, მეოთხე თამაში კი, უკვე ნამდვილად მოსაგებია. ეს არ ნიშნავს, რომ იქ სუსტი გუნდი გვეყოლება და აუცილებლად გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, მაგრამ მიგვაჩნია, რომ აქ წარმატების ბევრად დიდი შანსი გვექნება.
  • ასეთი მიდგომა ლოგიკურია. ბოლო წლებში 18-წლამდელთა ასაკში ევროპის ელიტურ გუნდებთან ვთამაშობდით, იტალიას ხშირ შემთხვევაში ვამარცხებდით და არც სხვებს ჩამოვუვარდებოდით. როგორ ფიქრობთ, ამ ორ წელიწადში ევროპელი მეტოქეები ბევრად წინ წავიდოდნენ?
  • სპორტული კუთხით ისინი ამ ორ წელიწადში ბევრად უფრო გაზრდილები არიან, ვიდრე ჩვენ. ყველა მათგანი პროფესიულ კლუბში თამაშობს, უძლიერეს ჩემპიონატში. ჩვენგან მხოლოდ შერკინების რამდენიმე მოთამაშეს მოგვეცა საფრანგეთში წასვლის შესაძლებლობა და ისიც უმეტესად „ესპუართა“ გუნდებში გვიწევს თამაში. მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს და აქ ჩვენ მეტოქეებს ნამდვილად ჩამოვრჩებით.
  • შარშანდელ „ალაფას“ თუ გავიხსენებთ, საქართველოს ნაკრებმა განსხვავებული რაგბი აჩვენა. ეს არ იყო მხოლოდ შერკინებაზე ორიენტირებული გუნდი, ხაზი აქტიურად მონაწილეობდა შეტევებში და კარგად იშლებოდა იერიში. წელსაც ასეთ სანახაობრივ თამაშებს უნდა ველოდოთ?
  • ზელანდიასთან და თუნდაც სხვა მეტოქეებთან, ყველაფერი ისე რომ ვერ გამოვა, როგორც „ალაფაზე“, ცხადია. თუმცა შევეცდებით, რომ შეძლებისდაგვარად გაშლილი რაგბი ვაჩვენოთ და ხელდახელ მეტი ვითამაშოთ. მწვრთნელები სულ გვეუბნებიან, რომ მარტო შერკინება არ უნდა დაიტვირთოს. „ალაფაზე“ დავამტკიცეთ, რომ ასე თამაში შეგვიძლია და ინგლისშიც შევეცდებით იგივეს გამეორებას. ვნახოთ რამდენად გამოგვივა. იმასაც ვიტყვი, რომ გაშლილი თამაში კარგია, სანახაობრივი, მაგრამ მე მირჩევნია ჩაკეტილი თამაში ვაჩვენოთ და გავიმარჯვოთ. თუ შერკინებით შევუტევთ, ვფიქრობ, მეტოქეებს ჩვენი შეჩერება გაცილებით გაუჭირდებათ. ეს ისეთი დონის ტურნირია, სადაც არასანახაობრივი მატჩები და მოგება უფრო მეტად დაფასდება, ვიდრე სანახაობა და მარცხი.
  • „ალაფის“ შემდეგ თქვენ საფრანგეთის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის, „კლერმონის“ „ესპუართა“ გუნდში გადახვედით. რა შეგძინათ ამ ერთმა წელიწადმა, რაში მოუმატეთ ყველაზე მეტად?
  • „კლერმონში“ შარშან, პირველ აგვისტოს ჩავედი. როცა ჯანმრთელად ვიყავი, „ესპუართა“ გუნდში ყველა თამაშში მოედანზე ვიყავი. რა თქმა უნდა ცუდი მატჩებიც მქონდა, თუმცა უფრო მეტი კარგი მახსენდება. პირველ რვა შეხვედრაში 6 ლელო გავიტანე, უმეტესად რაქიდან შეტევებით. მერე ტვინის შერყევა მივიღე და გარკვეული პერიოდი გამიცდა. მოედანს პლეი ოფებში დავუბრუნდი და „კლერმონი“ ფინალშიც გავიდა, თუმცა იქ „ბორდოსთან“ დავმარცხდით. ალბათ სიახლე არავისთვის იქნება თუ ვიტყვი, რომ იქ რაგბისადმი საქართველოსგან განსხვავებული მიდგომაა. უფრო მეტი თამაშია, ვიდრე ჯაჯგური, სისწრაფეები ჩვენსას ბევრად აღემატება. შედეგად, ვფიქრობ, დავხვეწე ხელის ტექნიკა და შეტევაში უფრო აგრესიული გავხდი. ყველა თამაშს ისე ვუდგებოდი, როგორც უმნიშვნელოვანესს, რათა მომეპოვებინა პირველ გუნდთან ვარჯიშის და თამაშის უფლება.
  • პირველ წელს მოიპოვეთ ეს უფლება?
  • სამ-ოთხჯერ პირველ გუნდთან ერთად ვივარჯიშე. ერთხელ მათთან მართვადი თამაშიც გვქონდა და ლელო გავიტანე. „ესპუარებიდან“ 12 მორაგბე შეგვარჩიეს, რომლებიც პირველ გუნდს დაგვამატეს ამ მართვადი თამაშისთვის. ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება და დასამახსოვრებელი მომენტი იყო.
  • საფრანგეთში 19 წლის ასაკში წახვედით. რამდენად მარტივად შეძელით ახალ ქვეყანასთან, ახალ გარემოსთან ადაპტირება?
  • თამაშს რომ ვიწყებდი და მერეც მთელი პერიოდი, სულ საფრანგეთში წასვლაზე ვფიქრობდი. ეს იყო ჩემი დიდი ოცნება, თუმცა იმაზე ფიქრსაც კი ვერ ვბედავდი, თუ „კლერმონის“ დონის გუნდში მოვხვდებოდი. შედეგად, სიტუაციას ძალიან იოლად შევეჩვიე. მორაგბის კარიერის აწყობა თუ გინდა, აუცილებელია, რომ საფრანგეთში წახვიდე და იქ ითამაშო. სამწუხაროდ, აქ ზრდის საშუალება ნაკლებადაა და როგორც ჩანს, ამდენმა ფიქრმა ადაპტაციაც გამიადვილა. მიხაროდა სიახლეების გაცნობა, ბიჭებსაც კარგად შევეწყე. თავიდან მიჭირდა მათთან ურთიერთობა, რადგან ენა არ ვიცოდი, თუმცა ნელ-ნელა ეს პრობლემაც მოგვარდა.
  • ფრანგებმა ენის მასწავლებელი აგიყვანეს?
  • დიახ და კვირაში ოთხი გაკვეთილი გვაქვს. ეს გაკვეთილები მომავალ წელსაც გაგრძელდება. საფრანგეთში განათლებას დიდ ყურადღებას აქცევენ და გუნდში უკვე გვითხრეს, რომ ენის შემსწავლელ კურსებს რომ დავამთავრებთ, რომელიმე სასწავლებელში უნდა ჩავაბაროთ. ეს მარტო მე არ მეხება, ეს ნორმა ყველა ჩასულ მორაგბეზე მოქმედებს.
  • ქუთაისი რომ ტრადიციულად, სარაგბო ქალაქია, არახალია, თუმცა იყო დიდი ჩავარდნა. მერე სიტუაცია შეიცვალა და ბოლო წლებში განსაკუთრებით ახალგაზრდულ ნაკრებებში ქუთაისელი მოთამაშეები მრავლად ხვდებიან. ეს რისი დამსახურებაა?
  • ტრადიცია არსად დაკარგულა და ქუთაისში რაგბის აღორძინება რომ დაიწყო, ახალგაზრდები სპორტის ამ სახეობაზე მრავლად მივიდნენ. როდესაც რაგბის ბევრი ახალგაზრდა ვარჯიშობს, მათგან საუკეთესოების არჩევაც უფრო მარტივია. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ხელი შეუწყო მწვრთნელების პორფესიონალურმა მიდგომამ. ისინი ყველა დეტალის დახვეწაზე დიდ დროს კარგავენ და თითოეული მოთამაშისგან მაქსიმუმის მიღებას ცდილობენ. ახლა ქუთაისში სავარჯიშო პირობებიც ისეთია, რომ რაგბიზე კიდევ უფრო ბევრი ბავშვი მივა და შესაბამისად, ხარისხიც ბევრად ამაღლდება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:00 | 27.05.2016
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებ ოთო ! ! !

0.097458