არგენტინის პრეზიდენტმა მაურისიო მაკრიმ „მსოფლიო რაგბის“ ვიცე-პრეზიდენტ აგუსტინ პიშოტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანა 2027 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობისთვის იბრძოლებს.
„მსოფლიო თასის მასპინძლობა ჩვენს სტრატეგიულ გეგმებში სრულად ჯდება. ეს არა მხოლოდ არგენტინულ რაგბის, არამედ მთელს ქვეყანას წაადგება. ასეთი მასშტაბების ტურნირის ორგანიზება მოიზიდავს ინვესტორებს, ტურისტებს და ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ეს ყველაფერი ქვეყანას ხანგრძლივ პერსპექტივაში დიდ სარგებელს მოუტანს“ - თქვა 57 წლის მაკრიმ.
ვარაუდობენ, რომ საკითხის განხილვა ამა წლის ოქტომბერში შედგება. შეგახსენებთ, 2023 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობისთვის საფრანგეთი, ირლანდია და იტალია იბრძვიან. ამ ქვეყნებს შორის სამხრეთ აფრიკაც მოიაზრებოდა, მაგრამ სპორტის მინისტრმა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირს დიდი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობისთვის განაცხადების წარდგენის უფლება შეუზღუდა. 2023 წლის მსოფლიო თასის მასპინძელი 2017 წლის მაისში გამოვლინდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იმსახურებენ