კვირაზე ნაკლები დარჩა და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ინგლისში, ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრება.
მწვრთნელებმა უკვე შეარჩიეს ის 28 მორაგბე, რომელთაც ისტორიული მისია აკისრია. „უმცროსი ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელი განვლილ მზადების პროცესზე, სელექციის პროცესზე და პრიორიტეტებზე, ასევე, სატურნირო მიზნებზე თავად მოგვიყვება. მისი ვიდეო ინტერვიუ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
ილია მაისურაძე: „ინგლისში გამგზავრებამდე ბოლო, ერთთვიანი შეკრება გავიარეთ, რომელიც 39-მა მორაგბემ დაიწყო. ამ პერიოდისთვის შემოგვიერთდა ფრანგულ კლუბებში მოთამაშე ბიჭების ნაწილი. მხოლოდ სამმა მათგანმა ვერ შეძლო ჩამოსვლა, რადგან მათ გუნდებს შიდა ჩემპიონატები ჯერ არ დაუსრულებიათ. ტრავმების გამო დაგვაკლდა რამდენიმე მორაგბე. ისინი სარეზერვო ჯგუფში არიან და დავურიგეთ ინდივიდუალური მოსამზადებელი პროგრამები. იმედია ყველა შერჩეული კარგად იქნება, თუმცა ტრავმების შემთხვევაში მათი პოტენციური შემცვლელები ფორმაში უნდა იყვნენ.
შეკრებების საწყის ეტაპზე სრულად ფიზმომზადებაზე ვიყავით ორიენტირებული და მერე ნელ-ნელა მისი პროცენტულობა შემცირდა - ჯერ გათანაბრა, ახლა კი, 70 პროცენტი ტაქტიკურ-ტექნიკურ მომზადებას ეთმობა და დაახლოებით 30 პროცენტია ფიზმომზადება. მას შემდეგ, რაც 28 კაცი შევარჩიეთ, სულ რაღაც სამი დღე გვექნება ფიზმომზადება, გავივლით შეტევის და დაცვის კომპონენტებს და 30 მაისს გავემგზავრებით ინგლისში. 4 ივნისამდე იქ ინტენსიურ მზადებას გავივლით და გვექნება დასვენებებიც. ზელანდიასთან თამაშამდე, ანუ 7 ივნისამდე გვექნება აღდგენითი პროცესები, მერე კი, თამაშის დრო დადგება.
ურთულესი ტურნირი გველის. თამაში ყოველ მეოთხე დღეს გვიწევს და გარკვეული კომპონენტების დასახვეწად დრო ცოტა იქნება. ტურნირის მსვლელობისას, თამაშიდან თამაშამდე უფრო მეტს აღდგენაზე და ვიდეო-ანალიზზე ვიმუშავებთ. ასეთი გრაფიკით თამაშისას 28-კაციანი რაზმი ძალიან მწირია და შევეცადეთ ისეთი მოთამაშეები შეგვერჩია, რომლებსაც რამდენიმე პოზიციის დაფარვა შეუძლიათ. გვყავს 7 პირველხაზელი - 2-2 მარჯვენა და მარცხენა ბურჯები, 2 კვაჭი და ერთი, რომელსაც სამივე პოზიციაზე შეუძლია თამაში. 3 მეორეხაზელი და მათგან ერთს მესამე ხაზშიც შეუძლია თამაში, ხოლო მე-3 ხაზელი ორის მეორე ხაზში გადაყვანაა შესაძლებელი. ორი 9 ნომრიდან ერთს 10-ზეც შეუძლია თამაში და პირიქით - ორი 10 ნომერი, რომელთაგან ერთს 9-ზეც შეუძლია თამაში. უკანა ხაზში 4 ცენტრი გვყავს და ორი ნომინალური ფრთა, ხოლო სამი 15-იდან ორს ფრთაზეც შეუძლია თამაში.
სათამაშო დრო 28-ვე მოთამაშეს ექნება, რა თქმა უნდა, ზოგს მეტი და ზოგს ნაკლები. ერთი შემადგენლობა ხუთივე თამაშს ფიზიკურად ვერ ჩაატარებს. დაგვჭირდება შემადგენლობის მართვა და კონკრეტული თამაშისთვის საუკეთესოების შერჩევა. ჩვენი გეგმაა, რომ ყოველი მომდევნო შეხვედრისთვის ხარისხი გავაუმჯობესოთ.
ასეთ ტურნირზე გამოცდილ მოთამაშეებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მორაგბეთა უმეტესობას ერთად თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, ხოლო რამდენიმე უკვე ეროვნული ნაკრების კანდიდატია. მაქვს იმედი, რომ გამოცდილი მოთამაშეები ტურნირის ზეწოლას კარგად გაუმკლავდებიან“.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აბა თქვენ იცით