ჭაბუკთა „ბ“ ლიგის მეორე ეტაპზე პირველი წრე დასრულდა. თითოეულ ჯგუფს თითო დაუმარცხებელი გუნდი ყავს და მათგან ორს ქულათა მაქსიმუმი აქვს.
შეგახსენებთ, პირველი ეტაპის შემდეგ, აღმოსავლეთის და დასავლეთის 8-8 საუკეთესო გუნდი მეორე ეტაპზე გავიდა და კვლავ რეგიონალური პრინციპით, ოთხი ოთხგუნდა ჯგუფი შეადგინა.
აღმოსავლეთ დივიზიონის „ი“ ჯგუფში „იუნკერები ჩოხოსნებმა“ სამივე თამაში პრემიით მოიგეს. მეორე ეტაპზე ჩატარებულ თამაშებში, მათ თბილისის „ლოკომოტივთან“ ყველაზე დიდი სხვაობა დააფიქსირეს - 46:14. „ჩოხოსნებს“ კვალში უდგას „არმაზი“, რომელმაც „ხვამლს“ 20:10 აჯობა.
„კ“ ჯგუფში უდანაკარგოა „ლელო 1“. ამ გუნდს წინა ორი თამაში მშრალად ჰქონდა მოგებული, ამჯერად რუსთავის „ხარებისგან“ 14 ქულა მიიღო და თავად 29 აიღო. „ლელომ“ 29:14 იმარჯვა, წარმატებული სვლა განაგრძო და ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს. მისი უახლოესი მდევარი „აკადემიაა“, რომელმაც „ხულიგანას“ დაძაბულ ბრძოლაში 16:14 მოუგო.
დასავლეთ დივიზიონში, „ლ“ ჯგუფში ხაშურის „ლეგიონი“ ლიდერს, ქუთაისის „აია 1“ დაუხვდა და მაგრად ებრძოლა. ამ ბრძოლამ მასპინძლებს ქულა ვერ მოუტანა, ქუთაისელებს კი, პრემია დააკარგვინა. „აიამ“ 17:6 მოიგო. ფოთის „კოლხმა რაინდებმა“ ქუთაისის კიდევ ერთი გუნდი, „აია 4“ 15:3 დაამარცხა. თამაში ქულების სიმრავლით ვერ დაიკვეხნის, თუმცა ფოთელებმა მეტოქეს სამი უპასუხო ლელო რომ დაუდეს, პრემიალური ქულაც აიღეს და ლიდერს კვალში უდგანან.
„მ“ ჯგუფში სამივე თამაში პრემიალური ქულით და სამივე მშრალად მოიგო ქუთაისის „ბაგრატმა“. მესამე ტურში ქუთაისელები წყალტუბოში, უახლოეს მდევარ „დინოზავრს“ ეწვივნენ და 69:0 იმარჯვეს. ჯგუფის მეორე შეხვედრაში „აია 5“ ქუთაისში ჭიათურის „იმერეთს“ დაუხვდა და 12:21 დამარცხდა.
ახლა ჭაბუკთა „ბ“ ლიგაში ორკვირიანი დასვენებაა და მეორე ეტაპის მეოთხე ტურის თამაშები 4-5 ივნისს გაიმართება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამივე მშრალად მოიგო