საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის 24-ე ტური სახალისო საყურებელი გამოდგა. შვიდივე თამაშის ჯამში 49 ლელო გავიდა, ხუთ თამაშში დიდი სხვაობა დაფიქსირდა.
ტური განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა „ტულონის“ ავსტრალიელ გარემარბ ჯეიმს ოკონორისთვის, რომელმაც პოკერი შეასრულა. ქართველი გულშემატკივრისთვის ეს ტური სხვა მხრივაცაა ნიშანდობლივი - ქართველმა ლეგიონერებმა მრავლად ითამაშეს და ტოპ 14-ში კიდევ ერთი ჩვენებურის დებიუტი შედგა.
ტოპ 14-იდან გავარდნილ „აჟენს“ „ტულონი“ ეწვია, 8 ლელო გაუტანა და 52:13 დაამარცხა. ოკონორმა თითო ტაიმში ორ-ორი ლელო გაიტანა და, რაღა თქმა უნდა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მასპინძლები ორი ჯარიმით დაწინაურდნენ, მაგრამ 20 წუთის შემდეგ ავსტრალიელმა აიწყვიტა და 26-ე წუთამდე დუბლი შეასრულა, ხოლო ტაიმის მიწურულს ერთი ლელო ქუადე კუპერმა მიითვალა. მეორე ტაიმში „ტულონი“ სრულად ფლობდა უპირატესობას და ოკონორის დუბლის გარდა ლელოები ჩარლი ოლივონის, ხუან მარტინ ფერნანდეს ლობეს და ერიკ ესკანდეს ანგარიშზეა. სულ ბოლოს „აჟენმა“ ერთი ლელოს დადება თავადაც მოახერხა.
სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში 3,4 და 5 ნომრებზე ქართველები იდგნენ - ლევან ჩილაჩავა, მამუკა გორგოძე და კოტე მიქაუტაძე. გორგოძემ სრულად ითამაშა, მიქაუტაძე 63-ე, ხოლო ჩილაჩავა 52-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძელთა რიგებში თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო გიორგი თეთრაშვილი. სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 80 წუთი გაატარა თამაზ მჭედლიძემ.
ინდივიდუალურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, მჭედლიძემ 10-ჯერ შეუტია, 51 მეტრი გაიარა, რაც „აჟენის“ მორაგბეებს შორის მეორე მაჩვენებელია, 2-ჯერ ფეხით ითამაშა, 1 პასი გააკეთა, ერთხელ ხაზი სუფთად გაჭრა და ორი მცველი გააბითურა. მან 3 ბოჭვა შეასრულა, ამდენივე გაუცუდდა და 3-ჯერ შეემთხვა თერნოვერი. თეთრაშვილმა 4 შეტევით 8 მეტრი მოიგო და ერთი პასი გააკეთა, ერთი ბოჭვა შეასრულა, ერთი გაუცუდდა და ერთხელ ბურთი დაკარგა.
გორგოძემ 7-ჯერ შეუტია, წინ ბურთიანად 4 მეტრით წაიწია, 4 ოფლოუდი შეასრულა და 8 პასი გააკეთა. მის ანგარიშზე 8 შესრულებული და 1 გაფუჭებული ბოჭვაა. ის 3-ჯერ დაჯარიმდა. მიქაუტაძემ 8 შეტევით 23 მეტრი მოიგო, ერთხელ სუფთად გაჭრა ხაზი, 6 პასი და ორი ოფლოუდი შეასრულა. მის ანგარიშზე 7 ბოჭვაა და ერთხელ თერნოვერი შეემთხვა. ჩილაჩავას უმეტესად შავი სამუშაოს შესრულება უწევდა, ბურთით მხოლოდ ერთხელ შეუტია და 2 მეტრით წინ წაიწია.
ტრავმა მოიშუშა და მოედანს დაუბრუნდა ქართველი ბურჯი ლექსო ყაულაშვილი. მისი და გაგი ბაზაძის „ლა როშელი“ „კასტრს ეწვია და 20:67 დამარცხდა. ამ თამაშში ჯამში 13 ლელო გავიდა და 10 მასპინძლების ანგარიშზეა. ყაულაშვილს 28-ე წუთზე, ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად მოუხდა თამაშში ჩართვა, ბურთი 3-ჯერ მიიღო, მაგრამ წინ ვერ წაიწია, 5 ბოჭვა შეასრულა და 3 გაუფუჭდა. მის მოედანზე გამოჩენისას „კასტრი“ 10:3 იგებდა, მაგრამ საჩემპიონო პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლი გუნდის მოტივაცია ძალიან დიდი იყო და ეს შედეგზე აისახა.
ტოპ 14-ში დებიუტი ჰქონდა „ოიონას“ ბურჯ გიორგი ვეფხვაძეს, რომელსაც მანამდე პირველი გუნდის შემადგენლობაში ორჯერ ჰქონდა ნათამაშები, ოღონდ ჩემპიონთა თასზე. ვეფხვაძე შეცვლაზე 50-ე წუთზე შევიდა, თუმცა მხოლოდ 20 წუთი ითამაშა, რადგან მე-60-ზე სინბინით დაისაჯა. „ოიონა“ „ტულუზს“ მასპინძლობდა და სტუმართა რიგებში 44-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ვასილ კაკოვინი. ვეფხვაძის დებიუტანტობა მის სტატისტიკაზეც აისახა, ხოლო კაკოვინი აქტიური იყო და 3 შეტევით 24 მეტრი მოიგო, ერთი პასი გააკეთა და ერთხელ მცველს დაუსხლტა. მან 3 ბოჭვაც შეასრულა.
პირველი ტაიმის მიწურულს „ტულუზმა“ ლელო დადო და გარდასახვით წონასწორობა აღადგინა [10:10], ხოლო თამაშის განახლებისთანავე ლელო-გარდასახვით დაწინაურდა. საათის თავზე საჩემპიონო პლეი ოფში გასვლისთვის მებრძოლმა „ტულუზმა“ მესამე ლელო დადო და პრემიალურ ქულაზეც დაფიქრდა, თუმცა მალევე ლელო თავად მიიღო და 4 ქულას დასჯერდა - 25:17.
კარლენ ასიეშვილისა და გიორგი ჟღენტის „ბრივმა“ „გრენობლს“ 45:24 მოუგო. მასპინძლებმა პირველ ტაიმში 4 უპასუხო ლელო გაიტანეს და მეორეს დასაწყისში მეტოქე მეხუთედ დაალელოვეს - 38:3. ამის შემდეგ „ბრივი“ მოეშვა და 3 ლელო თავადაც გაუშვა, ოღონდ მე-60 წუთზე თავად მეექვსეც გაიტანა და პრემიალური ქულაც აიღო, რამაც მას პლეი ოფში შესვლის თეორიული შანსი შეუნარჩუნა. ასიეშვილი შეცვლაზე 52-ე წუთზე შევიდა და 4 შეტევით 11 მეტრი მოიგო, მეტოქე 2-ჯერ შებოჭა და ერთხელ დაჯარიმდა. შეცვლაზე ითამაშა ჟღენტმაც, ბურთი ერთხელ მიიღო და 3 მეტრით წინ წაიწია.
ყველაზე დაძაბული მიხეილ ნარიაშვილის და დუდუ ქუბრიაშვილის „მონპელიესა“ და „ბორდოს“ დაპირისპირება აღმოჩნდა. ქართველთა გუნდი ნახევარი საათის შემდეგ 9:0 იგებდა, ზედ შესვენების წინ ერთი ჯარიმა თავადაც გაუშვა, თუმცა მატჩის განახლებისთანავე 9-ქულიანი უპირატესობა აღიდგინა. მერე „ბორდომ“ ლელო დადო და ზუსტ გარდასახვას ორი ჯარიმაც მიაყოლა - 12:16. 61-ე წუთზე. ორიოდე წუთში ლელო ბისმარკ დუ პლესმა დადო, გარდასახვაც ზუსტი იყო და მას შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა - 19:16 „მონპელიეს“ სასარგებლოდ. ნარიაშვილმა პირველიდან 65-ე წუთამდე ითამაშა და 14 ბოჭვა შეასრულა. მან ბურთი 6-ჯერ მიიღო და მხოლოდ 1 მეტრი მოიგო. ქუბრიაშვილი განაცხადში არ იყო.
დავით ხინჩაგიშვილის „რასინგმა“ გიორგი ნაცარაშვილის „პოს“ 6 ლელო გაუტანა და 43:13 დაამარცხა. სამწუხაროდ, ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ.
ტურის დასკვნით მატჩში ლიდერმა, დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის „კლერმონმა“, ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონს, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსეს“ 36:10 მოუგო, მაგრამ პრემია ვერ აიღო. მატჩის წინა დღეს ზირაქაშვილი გუნდის 15-კაციან განაცხადში იყო, თუმცა სავარაუდოდ ტრავმის გამო, მოედანზე მის ნაცვლად კოტცე გავიდა და ქართველი ბურჯი განაცხადშიც აღარ იყო.
სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა კოლელიშვილმა. მან ბურთით 4-ჯერ შეუტია და 23 მეტრი მოიგო, ერთხელ ხაზი სუფთად გაჭრა და 2 პასი გააკეთა, ხოლო დაცვაში 7 ბოჭვა შეასრულა. სტუმართა შორის პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა ჟვანიამ, ორი შეტევით 11 მეტრი იარა, 2 პასი გააკეთა, ერთხელ ხაზი გაჭრა და ერთი ოფლოუდი გაახერხა. დაცვაში მხოლოდ ერთი ბოჭვა შეასრულა და ორჯერ დაჯარიმდა.
„კლერმონმა“ უპირატესობა ჯარიმებით მოიპოვა, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე საჯარიმო ლელო გამოიმუშავა, ხოლო მეორეს დასაწყისში მეორე ლელო გაიტანა და 26:3 დაწინაურდა. 62-ე წუთამდე გუნდებმა თითო გარდასახული ლელო გაცვალეს, „კლერმონმა“ ერთი ჯარიმაც გაიტანა და ბოლოს პრემიალური ქულის ასაღებად ლელოზე ითამაშა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია - 36:10. მიუხედავად ამისა, ის პირველ ადგილზე რჩება და მდევრებსაც ისე უსწრებს, რომ წესით რეგულარული პირველობის მოგება აღარ გაუჭირდება.
საფრანგეთი. ტოპ 14. XXIV ტური
აჟენი - ტულონი 13:52
რასინგი - პო 43:13
კასტრი - ლა როშელი 67:20
ოიონა - ტულუზი 17:25
ბრივი - გრენობლი 45:24
მონპელიე - ბორდო 19:16
კლერმონი - სტად ფრანსე 36:10
1. | კლერმონი | 24 | 17 | 1 | 6 | 667:401 | 83 | 13 |
2. | ტულონი | 24 | 15 | 0 | 9 | 699:407 | 77 | 17 |
3. | მონპელიე | 24 | 17 | 0 | 7 | 662:508 | 77 | 9 |
4. | რასინგი | 24 | 16 | 1 | 7 | 544:483 | 73 | 7 |
5. | ტულუზი | 24 | 14 | 2 | 8 | 605:368 | 70 | 10 |
6. | კასტრი | 24 | 13 | 0 | 11 | 590:462 | 63 | 11 |
7. | ბორდო | 24 | 13 | 2 | 9 | 515:452 | 62 | 6 |
8. | ბრივი | 24 | 12 | 1 | 11 | 487:501 | 57 | 7 |
9. | ლა როშელი | 24 | 11 | 0 | 13 | 531:569 | 54 | 10 |
10. | გრენობლი | 24 | 10 | 0 | 14 | 579:697 | 47 | 7 |
11. | პო | 24 | 9 | 1 | 14 | 381:617 | 41 | 3 |
12. | სტად ფრანსე | 24 | 8 | 0 | 16 | 501:570 | 37 | 5 |
13. | ოიონა | 24 | 5 | 0 | 19 | 390:799 | 22 | 2 |
14. | აჟენი | 24 | 4 | 0 | 20 | 482:799 | 21 | 5 |
XXV ტური. 27-29 მაისი
ლა როშელი - რასინგი, ბორდო - ბრივი, სტად ფრანსე - აჟენი, პო - გრენობლი, ოიონა - კასტრი, ტულუზი - კლერმონი, მონპელიე - ტულონი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია