ინგლისი

13:18 | 22.05.2016 | ნანახია 1577 - ჯერ

უხვქულიანი ნახევარფინალები პრემიერშიპში

ავივა პრემიერშიპის ნახევარფინალური მატჩები უხვქულიანი გამოდგა. მოქმედმა ჩემპიონმა „სარასენსმა“ „ლესტერ თაიგერსი“ უშანსოდ, 44:17 დაამარცხა და ტიტულს „ექსეტერთან“ დაიცავს, რომელმაც „უოსპს“ 34:23 სძლია.

„სარასენსმა“, რომელმაც ერთი კვირის წინ ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო, ამაღლებული განწყობა შეინარჩუნა და ნახევარფინალური მატჩის ბედი პირველსავე ტაიმში გადაწყვიტა. „ალიანს არენაზე“ შეკრებილმა 10 ათასამდე მაყურებელმა საწყის 40 წუთში მასპინძელთა 4 ლელო იხილა. „ვეფხვების“ ჩათვლის მოედანში ბურთი უილ ფრესერმა, ორჯერ კრის უაილზმა და კრის ეშტონმა დაამიწეს, ხოლო ოუენ ფარელიმ ოთხივე გარდასახა და ერთი ჯარიმაც გაიტანა - 31:0.

შესვენების შემდეგ „ლესტერმა“ ტონგელი ტელუსა ვეაინუს და დომინიკ ბაროუს ლელოებით უპასუხა, ხოლო ოუენ უილიამსმა ორი გარდასახვით და ჯარიმით 7 ქულა მიითვალა. სხვაობა 14 ქულამდე, ორ გარდასახულ ლელომდე დავიდა და თითქოს სტუმრებს მატჩის გადარჩენის იმედი გაუჩნდა, მაგრამ „სარასენსმა“ ნაადრევი ზეიმი დროებით შეწყვიტა, თამაშში დაბრუნდა და კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა. 61-ე და 69-ე წუთებზე, სტუმრებს აღმაფრენა შეცვლაზე შესულმა ჩარლი ჰოჯსონმა ჯარიმებით ჩაუქრო, ხოლო 71-ე წუთზე ამერიკელი უაილზის მსგავსად დუბლი ეშტონმაც შეასრულა და „სარასენსმა“ 44:17 იმარჯვა.

მეორე ნახევარფინალი დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულიც ბოლო წუთებზე გაირკვა. პირველი ნახევარფინალის მსგავსად, „სენდი პარკზე“ შეკრებილმა 12 600-მა მაყურებელმაც საწყის 40 წუთში 4 ლელო იხილა, ოღონდ სხვადასხვა გუნდების შესრულებით. „ექსეტერი“ გარეთ სტეენსონის ორი ჯარიმით დაწინაურდა, მერე იტალიელი კვაჭისგან, კარლო ფესტუციასგან ლელო მიიღო და ჯიმი გოფერთიმ გარდასახვით სტუმრები დააწინაურა. მასპინძელთა ირლანდიელმა ლეგიონერებმა ქულების მოპოვება განაგრძეს, ამჯერად იან ვითებმა ლელო დადო და სტეენსონმა გარდასახა, თუმცა დენ რობსონმა 31-ე წუთზე მეორედ აიღო მასპინძელთა ჩათვლის მოედანი, გოფერთი კვლავ ზუსტი იყო და „უოსპსი“ 14:13 დაწინაურდა.

სტუმართა პირველი ლელოს ავტორი, იტალიელი ფესტუცია ტაიმის მიწურულს სინბინით დაისაჯა და შიძლება ითქვას, ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან კაცნაკლული თამაში „უოსპს“ 14 ქულად დაუჯდა. შესვენებამდე „ექსეტერმა“ საჯარიმო ლელო გამოიმუშავა, რა თქმა უნდა გარდასახვაც ზუსტი იყო და ტაიმი 20:14 დასრულდა, თანაც მასპინძლებს მეორე ტაიმის დებიუტში დაახლოებით 8 წუთით კვლავ მეტობა ჰქონდათ. მართალია პირველი ქულები გოფერთიმ ჯარიმით აიღო და ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ მასპინძლებმა მაინც შეძლეს რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება და 46-ე წუთზე ზიმბაბველი დევიდ ევერსის ლელო სტეენსონმა გარდასახა - 27:17.

გოფერთიმ 52-ე და 67-ე წუთებზე გატანილი ჯარიმებით სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა და „უოსპს“ ლელოს გატანით მოგების იმედი გაუჩნდა, თუმცა მატჩის მიწურულს „ექსეტერმა“ მეორედ გამოიმუშავა საჯარიმო ლელო და სტეენსონმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 34:23.

ამრიგად, 28 მაისს, „თვიქენჰემზე“, გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთის პირისპირ „სარასენსი“ და „ექსეტერი“ წარსდგებიან.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.228599