ზე-18

23:29 | 21.05.2016 | ნანახია 1255 - ჯერ

„ბლუზის“ შანსი და უიმედო „იაგუარესი“ (+ვიდეო)

დღევანდელი დღის სუპერ რაგბის მესამე მატჩი პერთში გაიმართა და ავსტრალიური „ფორსი“ ახალზელანდიურ „ბლუზს“ დაუხვდა. სტუმრებმა აუტსაიდერთა შორის მყოფი მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 17:13 დაამარცხეს და პლეი ოფში მოხვედრის შანსი შეინარჩუნეს.

ავსტრალიელებს შანსი ჰქონდათ საკუთარი მაყურებლის თვალწინ მე-4 გამარჯვება ეზეიმათ, ხოლო ტანა უმაგას შეგირდები საპლეიოფო მე-8 ადგილს უმიზნებენ და ამისთვის მსგავს მატჩებში მაქსიმუმის მიღება სჭირდებათ.

პირველ ნახევარში ახალზელანდიელებმა მასპინძლები პირწმინდად დაჩაგრეს. მართალია, ანგარიში „ფორსმა“ ჯარიმით გახსნა, თუმცა უმაგას ბიჭებმა ორი გარდასახული ლელოსა და ჯარიმის გატანა მოახერხეს. მე-15 წუთზე ჯარიმით სამი ქულა სტუმრებს იჰაია ვესტმა მოუტანა. 26-ე წუთზე „ბლუზის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ჯერომი კაინომ დადო ლელო - მეტოქის ჩათვლის მოედანთან ახლოს შექმნილი რაქიდან გამოტანილი ბურთი კაინოს მიუვიდა, მანაც აღარ დააყოვნა და ის ძელის გვერდით დაამიწა. 32-ე წუთზე მეორე ლელოს დრო დადგა - საკუთარი ნახევრიდან ხაზის მოთამაშეებმა ხელდახელ წამოიღეს ბურთი, ჯორჯ მოალამ ეფექტურად გაჭრა დაცვის ხაზი, ბოლოს კი ოვალი ტევიტა ლის მიუვიდა, რომელმაც თავის მხრივ ერთი მოთამაშე ჩამოიცილა და „ფორსი“ დაალელოვა - 3:17.

მეორე სრულად ავსტრალიელების იყო, თუმცა ჩამორჩენის სრულად აღმოფხვრა ვერ შეძლეს. მასპინძელთაგან ლელო 54-ე წუთზე კაპიტანმა მეტ ჰოჯსონმა დადო, ხოლო გარდასახვა ტაპუაიმ გაიტანა. ამ უკანასკნელმა მატჩის დარულებამდე ერთი ჯარიმის გატანაც მოახერხა და ამით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 13:17. „ბლუზს“ 29 ქულა დაუგროვდა, საერთო ცხრილში მე-11 ადგილზეა და საპლეიფო მერვე ადგილს სამი ქულით ჩამორჩება. „ფორსს“ შვიდ ქულაზე ნაკლები სხვაობით წაგებისთვის ერთი ქულა მიენიჭა და ჯამში 11 ქულით მე-16 ადგილზეა.

უხვქულიანი შეხვედრა გაიმართა იოჰანესბურგში, სადაც „ლაოსნმა“ არგენტინული „იაგუარესი“ მიიღო და 52:24 გაანადგურა. ჩემპიონობისთვის მებრძოლი „ლომები“ მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, სტუმრებს რვა ლელო დაუდეს და ბონუს-ქულასაც გამოჰკრეს ხელი, ხოლო „იაგუარებმა“ მხოლოდ ორი ლელოს დადება შეძლეს. „ლაიონსი“ 37 ქულით მე-2 ადგილზე რჩება, „იაგუარები“ კი, 13 ქულით მეთხუტმეტენი არიან.

როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი სხვაობით იმარჯვა „შარქსმა“, რომელმაც ბოლოადგილოსან „კინგსს“ უმასპინძლა - 53:0. „ზვიგენებმა“ მაყურებელი არ მოაწყინეს და მეტოქეს რვა ლელო დაუდეს, რითაც რა თქმა უნდა ბონუს-ქულა მიიღეს. „შარქსი“ მე-6 ადგილზეა, ხოლო „კინგსს“ 4 ქულა აქვს და ბოლო, მე-18 ადგილზე რჩება.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078491