ზე-18

15:09 | 21.05.2016 | ნანახია 1430 - ჯერ

„ჩიფსი“ გალიდერდა, აუტსაიდერებში „რედსმა“ იმარჯვა (+ვიდეო)

სუპერ რაგბის დღევანდელი მატჩები ავსტრალიური „რედსისა“ და იაპონური „სანვულვზის“ დაპირისპირებით დაიწყო. ორივე გუნდი სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება და ორივე მოედანზე ოთხი ქულის ასაღებად გავიდა.

როგორც მოსალოდენელი იყო, მატჩი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და სათამაშო დროის ერთი საათის გასვლის შემდეგ, გუნდებს თანაბარი ქულები ჰქონდათ. მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება დასკვნით 20 წუთში მოახერხეს და მეტოქე ისე დაამარცხეს, ქულაც არ ააღებინეს.

ანგარიში აიუმუ გორომარუმ გახსნა, მან თანამემამულეებს მე-5 წუთზე ჯარიმა გაუტანა. მე-15 წუთზე „რედსმა“ ლელოების ანგარიშიც გახსნა, რაქიდან გამოტანილი ბურთი ქართის ბრაუნინგმა ხუთმეტრიან ხაზთან მიიღო და მისი შეჩერება ვერავინ შეძლო, გორომარუმ გარდასახა - 10:0. სტუმრებმა 23-ე წუთზე კარგი კომბინაცით უპასუხეს და შუამარბმა დარეკ კარპენტერმა ლელო გაქვითა, ხოლო ტუსი პისიმ ზუსტად გარდასახა -10:7. და მაინც, ავსტრალიელები უპირატესობას ფლობდნენ და ბურჯმა ჯეიმს სლიპერმა მომხვდურს მეორე ლელო გაუტანა, ხოლო გორომარუ გარდასახვიდან კვლავ უშეცდომო იყო. შესვენებამდე „სანვულვზმა“ ორი ჯარიმის გატანა შეძლო - 33-ე და მე-40 წუთებზე სამოელმა ტუსი პისიმ ზუსტად დაარტყა და ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა - 17:13.

მეორე ტაიმი გუნდებმა აქტიურად დაიწყეს. თამაში განახლებისთანავე „რედსის“ რვიანმა ქართის ბრაუნინგმა დუბლი შეასრულა, თუმცა გარდასახვა არაზუსტი გამოდგა. იაპონელებმა 51-ე და 56-ე წუთებზე ორი ლელო დადეს, საიდანაც ტუსი პისიმ მხოლოდ ერთი გარდასახა. ლელოებს შორის გორომარუმ ჯარიმის გატანა შეძლო და ერთი საათის ბურთაობის შემდეგ, ანგარიში საყაიმო იყო - 25:25. იაპონელებმა იგრძნეს, რომ სტუმრადაც შეეძლოთ მოგება და შეუტიეს, მაგრამ კონტრშეტევაზე ლელო თავად გაუშვეს. „სანვულვზი“ მეტოქის ოცდაორში შეღწევას ცდილობდა, როდესაც იუკი იატომის ბურთი ხელიდან დაუვარდა. ამას ავსტრალიელების სწრაფი შეტევა და კადრინ ნევილის ლელო მოყვა. მოედნიდან გასული გორომარუს ნაცვლად გარდასახვა მაკინტაიერმა დაარტყა და გაიატანა, მერე მან ჯარიმაც უნაკლოდ შეასრულა და საბოლოო შდეგი დააფიქსირა - 35:25.

„რედსს“ 16 ქულა დაუგროვდა, თუმცა ავსტრალიის კონფერენციაში კვლავ ბოლოსწინა მე-4 ადგილზეა. იაპონელებს 9 ქულა დარჩათ და სუპერ რაგბის საერთო ცხრილში მხოლოდ „კინგსს“ სჯობნიან.

დღის მეორე მატჩი ჰემილტონში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „ჩიფსმა“ ავსტრალიური „რებელსი“ მიიღო და ბონუსქულით დაამარცხა - 36:15. მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას, გამოსარჩევია კაპიტან აარონ კრუდენის თამაში, რომელმაც ოთხიდან სამი გარდსახავის გატანა, ლელოს დაება და ჯარიმის ზუსტად შესრულება მოახერხა.

ბონუს-ქულის წყალობით, „ჩიფსმა“ 42 ქულა დააგროვა და საერთო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა, ხოლო „რებელსს“ 23 ქულა აქვს და ავსტრალიის კონფერენციაში მესამეა.

რედსი - სანვულვზი 35:25

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.129389