სხვა

14:18 | 21.05.2016 | ნანახია 8188 - ჯერ

რატი ნუცუბიძე - ლეგიონერი ამერიკიდან

ამერიკის შეერთებულ შტატებში რაგბი სულ უფრო პოპულარული ხდება. ეროვნული თუ 7-კაცა ნაკრებების წარმატებების პარალელურად, ქვეყანაში შიდა რაგბის განვითარებაზეც დაიწყეს ზრუნვა და ჩამოყალიბდა 5-გუნდა პროფესიული ლიგა, რომელშიც ჯერჯერობით მხოლოდ დასავლეთის რეგიონია ჩართული. სამომავლოდ, გუნდების რაოდენობის გაორმაგება და მასში აღმოსავლეთ რეგიონის ჩართვაა დაგეგმილი.

მართალია ახალდაარსებულ პროფესიულ ლიგაში არა, მაგრამ ამერიკის პრემიერშიპში მესამე წელიწადს ატარებს 27 წლის ქართველი გარემარბი რატი ნუცუბიძე. მას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ახლა კი, ოკეანის გაღმა თამაშობს და ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს მისი მოსმენა.

რატი ნუცუბიძე: ამერიკის პრემიერშიპის კლუბში, ნიუ იორკის „ოლდ ბლუ რაგბი ქლაბში“ ვთამაშობ, რომელიც აღმოსავლეთ დივიზიონში გამოდის. აქ პრემიერშიპი ორ რეგინალურ დივიზიონადაა დაყოფილი - აღმოსავლეთად და დასავლეთად. დივიზიონები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად თამაშობენ და ბოლოს ორივე დივიზიონის გამარჯვებული ფინალურ მატჩში ქვეყნის ჩემპიონს ავლენს. წელს დასავლეთ დივიზიონი დენვერის გუნდმა მოიგო, რომელშიც 2010 და 2015 წლებში მე ვთამაშობდი. ფინალური თამაში ივნისში დენვერში გველის.

  • ამერიკაში როგორ მოხვდით?
  • პირველად ამერიკაში 2010 წელს წავედი და დენვერის „გლენდეილ რეპტორსში“ ერთი სეზონი ვითამაშე. იმ წელს ჩვენი გუნდი მეორე დივიზიონში თამაშობდა, ჩემპიონები გავხდით და უმაღლეს ლიგაში ავედით. მერე საზარდულის ტრავმა მივიღე, თან დასვენების პერიოდი იყო და თბილისში დავბრუნდი. დაბრუნებას ვაპირებდი, თუმცა მეუღლეს ვიზა არ მისცეს, თან „არმია“ შეიქმნა“, სადაც კარგი პირობები შემომთავაზეს და საქართველოში დავრჩი.
  • მეორედ როდის წახვედით აშშ-ში?
  • 2015 წელს ისევ „გლენდეილ რეპტორსიდან“ მომივიდა მოწვევა, ამჯერად მეუღლესაც მისცეს ვიზა და ყოფილ კლუბში დავბრუნდი. 6 თვე იქ გავატარე. სეზონთაშორის შესვენებისას ლევან შაორშაძემ, რომელიც „ოლდ ბლუს“ უკანა ხაზის მწვრთნელია, თავისთან გადასვლა შემომთავაზა და მის წინადადებას დავთანხმდი. გაზაფხულიდან ამ გუნდში ვარ, წელს განათხოვრების წესით და ზაფხულში ნიუ იორკელებთან ერთწლიან კონტრაქტს გავაფორმებ.
  • ლევანს მანამდე იცნობდით?
  • არა, ის დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობს და აქ მწვრთნელად მუშაობს. მე ის „არმიაში“ ჩემმა თანაგუნდელმა, ლაშა თავართქილაძემ გამაცნო, რომელიც „ოლდ ბლუში“ შარშან თამაშობდა და მისი დიდი დამსახურებაა ახლა აქ რომ ვარ.
  • სადაც თქვენ თამაშობთ პროფესიული ლიგაა?
  • დიახ და ამერიკის ნაკრების ოთხი წევრია ჩემი თანაგუნდელი. ახლა ახალი, სულ სხვა დონის ლიგა გაკეთდა და მასში ჯერჯერობით მხოლოდ დასავლეთის გუნდები მონაწილეობენ. არაა გამორიცხული მომავალი წლიდან მასში აღმოსავლეთის გუნდებიც ჩაერთონ.
  • ამერიკულ კლუბებში ლეგიონერები მრავლად არიან? და სხვა ქართველებიც თუ თამაშობენ აშშ-ში?
  • ჩემს ყოფილ კლუბში ორი ქართველი თამაშობს - გუგა წვერავა და მერაბ მაჩიტიძე. რაც შეეხება ლეგიონერებს, ყველაზე მეტნი ავსტრალიელები არიან, თუმცა პრემიერშიპი ლეგიონერების სიმრავლით ვერ დაიკვეხნის, ისინი უფრო ახალდაარსებულ პროფესიულ ლიგაში გამოჩნდნენ. ჩვენი გუნდის მწვრთნელია ზელანდიელი მარტი ვეალე. ის განსაკუთრებულ ყურადღებას დისციპლინას უთმობს და გუნდში მშვენიერი ატმოსფეროა.
  • რა დონის ტურნირია ამერიკის პრემიერშიპი? ევროპის რომელ ლიგას შეედრება?
  • დონე მაინცდამაინც მაღალი არაა, ალბათ ფედერალ 1-სა და პრო დ2-ს შორისაა. საქართველოსგან განსხვავებით აქ ცდილობენ, რომ ბურთი სულ თამაშში იყოს და მეტი დატვირთვა ხაზზე მოდის, ვიდრე შერკინებაზე.
  • ბოლო დროს ამერიკული რაგბის წინსვლაზე ბევრს საუბრობენ. თვითმხილველის და მონაწილის თვალით ეს ასევე თვალსაჩინოა?
  • ნიუ იორკის და ზოგადად აღმოსავლეთის გუნდები ვერ დაიტრაბახებენ, რომ ბევრი მაყურებელი ჰყავთ, დენვერში კი, რაგბი ძალიან პოპულარულია. ეს ქალაქი ამერიკული რაგბის დედაქალაქია და ჩვენს ამხანაგურ თამაშებსაც ესწრებოდა 2-3 ათასი მაყურებელი. ახალი ტურნირის, პრო-რაგბის თამაშებს ტელევიზიებიც აქტიურად აშუქებენ და ეს რაგბის პოპულარიზაციას კიდევ უფრო გაზრდის. ძალიან დიდი ფულია ჩადებული და ზელანდიის ნაკრების ყოფილი მორაგბეებიც კი ჩამოჰყავთ სათამაშოდ. მოკლედ, ცდილობენ რაგბი პოპულარული გახადონ და ეს აშკარად გამოსდით.
  • თქვენ არ გქონდათ შემოთავაზება პრო-რაგბის გუნდებიდან?
  • ჯერჯერობით არა. თუ გადაწყდა და ტურნირში აღმოსავლეთის გუნდებიც ჩაერთვებიან, სავარაუდოდ, ერთ-ერთი „ოლდ ბლუც“ იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ნუ გავასწრებთ მოვლენებს და ვნახოთ რა იქნება.
  • როგორია თქვენი სტატისტიკა ამერიკულ ლიგაში?
  • სამწუხაროდ, მიკრო-ტრავმები ხშირად მაწუხებს და ამის გამო „ოლდ ბლუს“ შემადგენლობაში თამაშები გამიცდა. კარში დამრტყმელად თავი ვერ დავიმკვიდრე, ჩვენს გუნდში დამრტყმელი ამერიკის ნაკრების მგეზავი ჯეიმს ბირდია. რაც შეეხება სტატისტიკას, სამჯერ ვითამაშე და სამი ლელო გავიტანე.
  • მოდით საქართველოში გატარებული პერიოდიც გაიხსენეთ. რა გზა გაიარეთ ამერიკამდე?
  • რაგბით 1997 წელს „მოვიწამლე“. ჩემმა მეზობელმა თენგო ჩერგოლეიშვილმა ერთ დღეს ხელი მომკიდა და ვარჯიშზე წამიყვანა. მას შემდეგ რაგბი ჩემი ცხოვრება გახდა. ბადრი ბოხუას ხელმძღვანელობით ვთამაშობდი „უნივერსიტეტში“. 2009 წელს უმაღლესი ლიგიდან გამოვვარდით და იმ დროს მომივიდა პირველი მოწვევა ამერიკიდან. ჩემდა გასაკვირად, მაშინ ვიზა უპრობლემოდ მომცეს. 2011 წლიდან 4 წელი „არმიაში“ გავატარე და ახლა კვლავ ამერიკაში ვარ. საერთაშორისო დებიუტი 2006 წელს მქონდა და 18-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე. მომდევნო წელს 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ირლანდიაში ვიყავი მსოფლიოს ჩემპიონატზე, ხოლო 2008 წელს 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის „ალაფაზე“ ჩილეში. იმავე წელს საქართველოს „ა“ ნაკრებში მიმიწვიეს, მაგრამ ტრავმის გამო ვერ ვითამაშე. ორჯერ დამჭირდა ქირურგიული ჩარევა - 2012 წელს მუხლზე და 2014 წელს მხარზე. პირველ ჯერზე 6 თვე გამიცდა, მეორე შემთხვევაში ოდნავ მეტი.
  • ისევ ამერიკას დავუბრუნდეთ, როგორია მორაგბის ცხოვრება ამერიკაში? რამდენად დატვირთული რეჟიმი გაქვთ?
  • ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც გადატვირთული გრაფიკი გვაქვს. საკმარისი თავისუფალი დრო მრჩება, თუმცა უქმად არ ვარ და ვსწავლობ, რაც მომავალში აუცილებლად გამომადგება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092091