კელტების ლიგა

12:59 | 21.05.2016 | ნანახია 1433 - ჯერ

„ლენსტერის“ მე-9 ფინალი

კელტების ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში, ირლანდიურ დერბიში „ლენსტერმა“ „ოლსტერი“ 30:18 დაამარცხა და მეცხრედ გავიდა ფინალში. წინა რვა შემთხვევიდან გუნდმა 4-ჯერ ჩემპიონობა იზეიმა, რაც „ოსპრეიზთან“ ერთად საუკეთესო მაჩვენებელია და წელს ერთპიროვნულად გალიდერება შეუძლია.

მასპინძლები თავიდანვე ფლობდნენ უპირატესობას, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს ლელო და ორი ჯარიმა გაუშვეს, რამაც „ოლსტერს“ მატჩში დაბრუნების იმედი გაუჩინა, თუმცა „ლენსტერმა“ მათი ეს მცდელობა მატჩის განახლებისთანავე აღკვეთა.

19 100 მაყურებლის გასახარად, პირველი ლელო დებიუტშივე, მე-4 წუთზე გავიდა. ინდივიდუალური გარღვევა ლელოთი ფიჯელმა ფულბეკმა ისაკელი ნაკევამ დაასრულა და ზუსტ გარდასახვას 10 წუთში ჯონათან სექსტონმა ორი ჯარიმაც შემატა - 13:0. „ოლსტერმა“ პირველი ქულა ნახევარი საათის თავზე, პედი ჯექსონის ჯარიმით აიღო, მერე კრეიგ გილროი ფლანგზე ნაკრებში მისმა თანაგუნდელმა დეივ ქერნიმ ვერ შეაჩერა. ჯექსონს გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა მერე ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა - 13:11.

მეორე ტაიმი ხუთი წუთის დაწყებული იყო, როდესაც გარი რინგროსმა ითამაშა ინდივიდუალურად, რამდენიმე მცველს გასცდა და ორი პასის შემდეგ ბენ ტეომ ლელოში ჯეიმი ჰისლიპი შეუშვა. სექსტონმა რთული გარდასახვის შემდეგ 56-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა, ხოლო 64-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა კვაჭმა შენ კრონინმა ახლოდან დაარტყა და მესამე ლელოთი მატჩის ბედი გადაწყვიტა. სექსტონმა, რა თქმა უნდა, გარდასახა - 30:11. მატჩის დასრულებამდე 10 წუთი რჩებოდა, როდესაც გილროიმ ლელო ძელებსშუა გაიტანა და დუბლი შეასრულა, ჯექსონმა კი გარდასახა, მაგრამ ამით მხოლოდ საბოლოო შედეგი დაფიქსირდა და „ლენსტერის“ ფინალში გასვლას ხელი არ შეშლია.

28 მაისს გასამართ ფინალში „ლენსტერის“ მეტოქე „კონახტსა“ და „გლაზგო უორიორსს“ შორის გამარჯვებული იქნება. ირლანდიელები მასპინძლები არიან და თამაში დღეს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება. კელტების ლიგის მოქმედ ჩემპიონ „გლაზგოს“ რიგებში განაცხადში არაა შალვა მამუკაშვილი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.10136