6 ერი

21:39 | 31.03.2016 | ნანახია 3023 - ჯერ

„არ იქნება 6 ერი? აუცილებლად გამოვნახავთ ალტერნატივას“

ექვსი ერის გახსნასა თუ გაფართოებასთან დაკავშირებით გასული კვირის განხილვებს, რა თქმა უნდა ESPN-ი ვერ გამოაკლდებოდა და სტატია გამოქვეყნდა, სახელწოდებით - „საქართველო და რუმინეთი ექვს ერზე ოცნებობენ“:

„ერთა თასის გუნდების ექვს ერში ინტეგრირება ჯერაც რჩება აუხდენელ ოცნებად. რაგბი ევროპის აღმასრულებელი დირექტორი ოქტავიან მორარიუ ძალიან მგრძნობიარეა ამ საკითხთან მიმართებაში.

საქართველოსა და რუმინეთს ალბათ დიდხანს მოუწევთ ლოდინი. ერთა თასის წამყვან გუნდებს შარშანდელ მსოფლიო თასზე წარმატებული თამაშის შემდეგ, მათ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ყველაზე მომგებიან ტურნირში ჩართვის ამბიცია გაუჩნდათ და მათი სამიზნე იტალიაა.

ამ საკითხთან დაკავშირებით „არაფორმარული განხილვები“ უკვე შედგა, მაგრამ პრობლემის გადაჭრაზე ჯერჯერობით საუბარიც არაა. „აუცილებელია განვსაზღვროთ ის კრიტერიუმები, რომელიც უნდა დავაკმაყოფილოთ. ეს რთული საკითხია და სიფრთხილე გვმართებს. საკითხის გადაჭრას მოკლევადიან პერიოდში არ ველოდები. ის უფრო გრძელვადიანი პერსპექტივაა და შესაძლოა, საერთოდაც არ იყოს ერთადერთი გამოსავალი“ - ამბობს მორარიუ ESPN-თან საუბარში.

საკითხთან მიმართებაში აზრები განსხვავებულია. უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეტლანდმა ცოტა ხნის წინ წამოჭრა საკითხი - ექვსი ერის ბოლო ადგილოსანი ერთა თასის გამარჯვებულს პლეი ოფში შეხვდეს და მოგებული ექვსი ერის მომავალ გათამაშებაში ძირითად ტურნირში ჩაერთვება.

თუმცა, ექვსი ერის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ფიენმა იანვარში თქვა, რომ ეს „დახურული ტურნირია“ და ცვლილებები დღის წესრიგში არ დგას. „ექვსი ერის საზრუნავი არაა საქართველოსთვის, რუმინეთისთვის, გნებავთ სხვა რომელიმე ქვეყნისთვის გამოსავლის ძებნა“ - ამბობს ფიენი.

მაგრამ საქართველოსთვის და უფრო ნაკლებად რუმინეთისთვის, საერთაშორისო დონეზე სურვილის ასრულება სწრაფად უახლოვდება რეალობას. საქართველოსა და რუმინეთის მატჩს თბილისში 52 342 მაყურებელი დაესწრო და ამ თამაშის მოგებით საქართველომ ზედიზედ მეექვსედ მოიგო ერთა თასი, ტურნირი, სადაც მათ გარდა რუსეთი, პორტუგალია, ესპანეთი და გერმანია თამაშობდნენ და სადაც მოქმედებს გავარდნა-აღზევების სისტემა.

უკანასკნელ ექვს წელიწადში, ხუთჯერ პირველ-მეორე ადგილი საქართველომ და რუმინეთმა გაიყვეს, მაშინ, როდესაც საქართველო ამ ტურნირში 2012 წლის შემდეგ არ დამარცხებულა.

„ეს უკვე დამღლელი ხდება. რაგბის განვითარებისთვის აუცილებელია უფრო მაღალი დონის ტურნირში მივიღოთ მონაწილეობა. თუ ექვს ერში მონაწილეობა ფული ღირს, გვითხარით რამდენია საჭირო და დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავარობა და სპონსორები მაქსიმუმს გაიღებენ მის გამოსანახად. ჩვენ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ავამაღლოთ ექვსი ერის კონკურენტუნარიანობა და მასში მონაწილეობის საფასურიც უფრო მაღალი გახდება“ - თქვა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

ექვსი ერი კომერციული, მომგებიანი ტურნირია და გასაგებია, რომ მის ორგანიზატორებს არ სურთ შემოსავალი სხვასაც გაუნაწილონ. თუმცა მორარიუ ფიქრობს, რომ ფორმატის ცვლილება ექვსი ერის შემოსავლებს სულაც არ შეამცირებს.

„მოვისმინე კომენტარები, რომ თითქოს საქართველო და რუმინეთი სტადიონებს ვერ გაავსებენ და ისინი სხვა ქვეყნების მსგავს მოგებას ვერ მოიტანენ. 2014 წელს საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების შეხვედრა დუბლინში, დასწრების თვალსაზრისით წარმატებული იყო და თუ გავიხსენებთ გასულ მსოფლიო თასს, ყველაზე დიდი დასწრება ირლანდიისა და რუმინეთის შეხვედრაზე იყო“ - მოჰყავს ფაქტები მორარიუს.

უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები შეუჩერებლივ პროგრესირებდა და 2015 წელს ირლანდიასა და იტალიასთან მოგების შემდეგ, გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთთან დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ინგლისმა, უელსმა, ირლანდიამ, შოტლანდიამ და იტალიამ, ტურნირიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

„თუ საქართველოს ნაკრები ასე კარგად თამაშობს ექვსი ერის გუნდებთან ამ დონეზე, ეს ხომ ქართული რაგბის მომავალია? ლოგიკურად, ეს ნაბიჯი არაფერში ჯდება. საქართველოს წარმატებების პარალელურად, პორტუგალიამ შოტლანდია დაამარცხა და უცბად, ეს ქვეყნები ტურნირიდან გადიან. მე ეს გადაწყვეტილება არ მესმის“ - ამბობს საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური მდივანი ლაშა ხურციძე.

მორარიუს სურვილია, რომ მეორე დონის ქვეყნებს პირველი დონის ნაკრებებთან რეგულარულად თამაშის შესაძლებლობა ჰქონდეთ. მაგალითისთვის, რუმინეთს 2011-2015 წლებში, მსოფლიო თასებს შორის პერიოდში, პირველო დონის ნაკრებთან ერთხელაც არ უთამაშია.

„იმისათვის, რომ ევროპის ყველა გუნდს ჰქონდეს უფრო მაღალ დონეზე თამაშის შესაძლებლობა, ცვლილებები აუცილებელია. თუ ხშირად ვითამაშებთ პირველი დონის გუნდებთან, აუცილებლად გავიზრდებით. ეს კარგი იქნება მთელი მსოფლიოსთვის და არა მხოლოდ ჩვენთვის. ზრდის ერთადერთი გზა საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ თამაშია“ - თქვა რუმინეთის ნაკრების მენეჯერმა ჰორაციუ ბარგაუნასმა.

იგივე განცდა აქვს ხურციძეს: „რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რადგან არ შეიძლება მხოლოდ ერთი ადგილი ტკეპნო და მსოფლიო თასს ელოდო. თუ განვითარებაზეა საუბარი, აუცილებელია ძლიერ მეტოქეებს ეთამაშო...“

მორარიუ დადებითად აფასებს „მსოფლიო რაგბის“ გადაწყვეტილებას, რომელიც მეორე დონის ქვეყნების განვითარებისთვის ინვისტიციებს ანხორციელებს. მაშინ, როდესაც „მსოფლიო რაგბის“ ექვსი ერის შეცვლის უფლება არა აქვს, ის მჭიდროდ თანამშრომლობის რაგბი ევროპასთან და მეორე დონის ქვეყნებს პირველი დონის გუნდებთან ტესტ-მატჩების ორგანიზებაში ეხმარება.

„მსოფლიო რაგბისთვის“ მნიშვნელოვანია მეორე დონის ქვეყნების ნაკრებების განვითარება და ისინი ზრუნავენ ძლიერ მეტოქეებთან მატჩების ორგანიზებაზე. თუ ვერ მოხერხდება ევროპული ნაკრებების ექვს ერში ინტეგრირება, აუცილებლად გამოვნახავთ ალტერნატიულ გზებს“ - ირწმუნება „მსოფლიო რაგბის“ აღმასრულებელი დირექტორი ბრეტ გოსპერი.

მორარიუს აზრით, საკითხის მოკლევადიანი გადაწყვეტილება იქნება, თუ საქართველოსა და რუმინეთის დარ ქვეყნებს ივნისსა და ნოემბერში პირველი დონის ქვეყნებთან თამაშის საშუალება ექნებათ: „ამის გაკეთება არსებული სისტემის მინიმალური ცვლილებითაა შესაძლებელი და ამავდროულად, გამოჩნდება ცვლილებებისთვის მზაობა. თუ გვსურს, რომ ეს გუნდები უკეთ ათამაშდნენ, ცვლილებები აუცილებელია. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, აუცილებლად უნდა გავიდეთ სხვა დონეზე. რათა რაგბი მთელს მსოფლიოში გაიზარდოს“.

ამრიგად, ვიხილავთ უახლოეს პერიოდში საქართველოს და რუმინეთს ექვს ერში?

„რაგბი ევროპის პრეზიდენტი და მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები ამის შესახებ ბევრს საუბრობენ, მაგრამ ვერაფერს იზამ, როდესაც საქმე კომერციულ ტურნირს ეხება. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, ისინი კი, საკუთარ გეგმებს დასახავენ. და მაინც, საერთაშორისო აზრი მნიშვნელოვანია და ის აუცილებლად მოიტანს შედეგს. ამ საუბრებს შეუძლია თამაში შეცვალოს“ - ასკვნის ხურციძე.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:28 | 01.04.2016
ukleba (77)

გამოუშვით იტალი თბილისშიიი. მოგვეცით ზეიმის საშუალება და თუ დავმარცხდით აღარ გვექნება პრეტენბზია ცოტა ხნით. გამოუშვით

0.098298