დღეს დილით სუპერ რაგბის მე-13 რაუნდის პირველი მატჩი ქრაისტჩერჩში გაიმართა, სადაც ერთმანეთს კონფერენციის ლიდერები ხვდებოდნენ და ადგილობრივმა „კრუსეიდერსმა“ ავსტრალიური „ვარატასი“ იოლად დაამარცხა - 29:10. „კრუსეიდერსის“ რვამატჩიანი წაუგებელი სერია წინა რაუნდში „ჰაილენდერსმა“ შეწყვიტა, ახლა კი, ქრაისტჩერჩელებმა კვლავ მოიგეს.
„ჯვაროსნები“ მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და გამარჯვებულის ვინაობა პრაქტიკულად პირველსავე ტაიმში გაირკვა. გარდა ხელდახელ ბურთაობისა, მასპინძლებმა მეტოქეს აჯობეს საჰაერო ორთაბრძოლებში და ფეხით ჩაკიდებების შემდეგ, ორი ლამაზი ლელო გაუტანეს.
ახალზელანდიელებმა მატჩი შეტევებით დაიწყეს, მე-3 წუთზე პირველხაზელ ჯო მუდის გარღვევას თანაგუნდელები წამოეშველნენ და ბურთი მარჯვნივ ჯონი მაკნიკოლამდე ჩაათამაშეს - 7:0. მაკნიკოლმა მეორე ლელოს ეპიზოდში კიდევ უფრო კარგად ითამაშა, როდესაც ფლანგზე დაკიდებული ბურთი მეტოქეს ხელიდან ააცალა და შებოჭილმა ისრაელ დაგს დროულად უპასა, რომელმაც აღარ დააყოვნა - 12:0 მე-9 წუთზე. „ჯვაროსნებმა“ უპირატესობა ჯარიმით გაზარდეს, მერე გუნდებმა ლელოები გაცვალეს, მასპინძლებმა გარდასახვაც გამოიყენეს და ტაიმი 22:5 დასრულდა.
მეორე ნახევრის საწყის 20 წუთში არაფერი შეცვლილა, 61-ე წუთზე ლელო კვლავ „კრუსეიდერსმა“ დადო - მეტოქის ლელოს ხაზთან შექმნილი რაქიდან ბურთი მესამეხაზელ ჯორდან ტაუფუას მიუვიდა, რომელმაც ხუთი ქულა მიითვალა და მოანგამ გარდასახვიდან ზუსტად დაარტყა. 65-ე წუთზე „ვარატასმა“ თავისი მეორე ლელოს დადება შეძლო, რითაც სათავისოდ ვერაფერი შეცვალა, თუმცა მასპნძლებს ბონუსქულა წაგლიჯა.
„კრუსეიდერსს“ 41 ქულა დაუგროვდა და ახალი ზელანდიის კონფერენციას ერთპიროვნულად უდგას სათავეში, ხოლო „ვარატასს“ 30 ქულა აქვს და თავის მხრივ, ავსტრალიურ კონფერენციას ლიდერობს.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია